განრიდება და მედიაცია

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

განრიდებისა  და  მედიაციის  პროგრამა  არასრულწლოვანის  სისხლის სამართლებრივი  პასუხისმგებლობისაგან  გათავისუფლების  ახალი  მექანიზმია,  რომელიც  ამოქმედდა  2010  წლის  15  ნოემბერს.

ამ  ინსტიტუტის  შემოღებით  მნიშვნელოვანი  ნაბიჯი  გადაიდგა  სისხლის  სამართლის  პოლიტიკის  ლიბერიალიზაციისაკენ,  რის  შედეგადაც  შესაძლებელი  გახდა  ნასამართლევ,  პირობით  მსჯავრდებულ  პირთა  და  პატიმართა  რაოდენობის  შემცირება,  ასევე  პროკურატურისა  და  სასამართლოს  რესურსების  დაზოგვა.

განრიდებისა  და  მედიაციის  პროგრამის  ფარგლებში,  დისკრეციული  უფლებამოსილების  საფუძველზე  პროკურორს  აქვს  შესაძლებლობა  სისხლისსამართლებრივ  პასუხისმგებლობას  განარიდოს  არასრულწლოვანი,  რომელმაც  პირველად  ჩაიდინა  ნაკლებად  მძიმე  დანაშაული,  თუ  ის  აღიარებს  დანაშაულის  ჩადენას,  მზად  არის  აანაზღაუროს  ზიანი  და  ბოდიში  მოუხადოს  დაზარალებულს,  ასეთის  არსებობის  შემთხვევაში.

განრიდების  შესახებ  გადაწყვეტილების  მიღების  შემდეგ,  პროკურორი  უკავშირდება  სოციალურ  მუშაკს  და  გადასცემს  მას  არასრულწლოვანის  საქმეს.  სოციალური  მუშაკი  შეიმუშავებს  არასრულწლოვანის  ბიოფსიქოსოციალურ  პორტრეტს,  რის  საფუძველზე  განისაზღვრება,  თუ  რომელი  პირობის  შესრულება  იმოქმედებს  დადებითად  არასრულწლოვანზე  და  შეუწყობს  ხელს  მის  გამოსწორებას.  ამის  შემდეგ,  მედიაციის  ფარგლებში,  რაც  აღდგენითი  მართლმსაჯულების  ელემენტებს  მოიცავს,  მხარეები  შეთანხმდებიან  სამოქალაქო  ხელშეკრულების  პირობებზე,  მათ  შორის  არასრულწლოვანის  პასუხისმგებლობისა  და  ვალდებულებების  შესახებ.

აღნიშნულ  ხელშეკრულებას  ხელს  აწერენ  არასრულწლოვანი,  მისი  მშობლები,  პროკურორი,  სოციალური  მუშაკი  და  დაზარალებული.  ხელშეკრულების  პირობების  შესაბამისად,  არასრულწლოვანს  გაეწევა  მისთვის  საჭირო  სერვისები  და  დაეკისრება  მოვალეობები    დაზარალებულის  ან  საზოგადოების  წინაშე.

არასრულწლოვანის  მიერ  ხელშეკრულების  პირობების  შესრულებას  მეთვალყურეობას  უწევს  სოციალური  მუშაკი.  თუმცა  შესაძლოა,  რომ  არასრულწლოვანმა  არ  გამოიყენოს  მისთვის  მიცემული  ეს  ერთი  შანსი  და  დაარღვიოს  ხელშეკრულების  პირობები.  ასეთ  შემთხვევაში,  სოციალური  მუშაკი  არასრულწლოვანის  საქმეს  კვლავ  პროკურორს  დაუბრუნებს.  პროკურორი  კი  უფლებამოსილია    დაიწყოს  ან  განაახლოს  სისხლისსამართლებრივი  დევნა  ამ  არასრულწლოვანის  მიმართ.

აღნიშნული  პროგრამის  მთავარი  მიზანია  არასრულწლოვანს  მისცეს  ერთი  შანსი  და  ხელი  შეუწყოს  მის  კანონმორჩილ  პიროვნებად  ჩამოყალიბებას.  ამასთანავე,  პროგრამა  ემსახურება  დაზარალებულების  კმაყოფილების  დონის  გაზრდასა  და  არასრულწლოვანთა  მხარდაჭერის  ღონისძიებებში  მათ    ჩართვას.

პროგრამა  თავდაპირველად  მოიცავდა  საქართველოს  ოთხ  ქალაქს:  თბილისი,  რუსთავი,  ქუთაისი  და  ბათუმი.  2011  წლის  ნოემბერში  დაემატა  ორი  ქალაქი:  გორი  და  სამტრედია,  ხოლო  2012  წლის  თებერვალში  9  ახალი  ქალაქი:  მცხეთა,  კასპი,  გარდაბანი,  წყალტუბო,  ტყიბული,  ბაღდათი,  ხონი,  ვანი  და  ქობულეთი.  2013  წელს  დაემატა  10  ქალაქი:  ხაშური,  ქარელი,  მარნეული,  თელავი,  გურჯაანი,  სიღნაღი,  ზუგდიდი,  სენაკი,  ფოთი  და  მესტია.

2013  წელს  პროგრამა  გავრცელდება  საქართველოს  სრული  მასშტაბით.

2010  წელი  –  2  არასრულწლოვანი

2011  წელი  –  81  არასრულწლოვანი

2012  წელი  –  120  არასრულწლოვანი

2013  წლის  I  კვარტაკლი  –  25  არასრულწლოვანი

სრულწლოვანთა  განრიდება,  როგორც  სისხლისამართლებრივი  დევნის  ალტერნატიული  მექანიზმი  საქართველოში  დაინერგა  2011  წლის  25  ოქტომბრიდან.

სრულწლოვანთა  განრიდება  –  პასუხისმგებლობის  ალტერნატიული  ფორმაა,  რომელიც  ნაკლებად  მძიმე  ან  მძიმე  დანაშაულის  ჩამდენი  პირის  მიმართ  გამოიყენება,  თუკი  კანონთან  კონფლიქტში  მყოფი  პირი  მზადაა  სრულად  ან  ნაწილობრივ  დაფაროს  მისი  ქმედების  შედეგად  მიყენებული  ზიანი  ან  უსასყიდლოდ  შეასრულოს  საზოგადოებისათვის  სასარგებლო  სამუშაო.

ამ  პირობების  შესრულების  შემთხვევაში,  პროკურორი  უფლებამოსილია,  არ  დაიწყოს  ან  შეწყვიტოს  სისხლისსამართლებრივი  დევნა,  შესაბამისად,  სისხლის  სამართლის  საქმე  მთავრდება  ნასამართლობისა  და  სისხლისსამართლებრივი  სასჯელის  გარეშე.

თავის  მხრივ,  პირი  მზად  უნდა  იყოს,  შეასრულოს  კანონით  გათვალისწინებული  გარკვეული  პირობები:  სახელმწიფოს  გადასცეს  უკანონოდ  მოპოვებული  ქონება,  ან  აანაზღაუროს  ამ  ქონების  ღირებულება;  ჩააბაროს  დანაშაულის  იარაღი;  სრულად,  ან  ნაწილობრივ  აანაზღაუროს  თავისი  ქმედებით  გამოწვეული  ზიანი;  უსასყიდლოდ  შეასრულოს  საზოგადოებისთვის  სასარგებლო  სამუშაო.

2011  წელი  –  130  სრულწლოვანი

2012  წელი-  1247  სრულწლოვანი

2013  წლის  I  კვარტაკლი  –  279  სრულწლოვანი