რა განსხვავებაა ენჯეოსა და შპს-ს შორის

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

ზოგადად  იურიდიული  პირების  შესახებ  უკვე  ვისაუბრეთ  წინა  პოსტში,  ახლა  უფრო  დავკონკრეტდები  და  განვიხილავ  მათ  სახეებს:

იურიდიული  პირების  კლასიფიკაცია  შეიძლება  მათი  საქმიანობის  მიხედვით.  ამ  ნიშნით  განსხვავდებიან  კომერციული  და  არაკომერციული  იურიდიული  პირები.  (კომერციული,  რომლებიც  მისდევენ  სამეწარმეო  საქმიანობას  და  არაკომერციული  –  პირები,  რომლებიც  არ  მისდევენ  სამეწარმეო  საქმიანობას).  კომერციული  და  არაკომერციული  იურიდიული  პირები  შეიძლება  იყვნენ  როგროც  კერძო,  ასევე  საჯარო  სამართლის.  კომერციული  საქმიანობა  თავისი  ბუნებით  არის  კერძო  ხასიათის  საქმიანობა.კომერციული  იურიდიული  პირების  მდგომარეობა  მოწესრიგებულია  მეწარმეთა  შესახებ  საქართველოში  კანონით.

მეწარმეთა  შესახებ  კანონით  მოწესრიგებული  იურიდიული  პირები  შეიძლება  დაიყოს  ორ  დიდ  ჯგუფად:

პირველს  განეკუთვნება  ამხანაგობის  ტიპის  საზოგადოებები,  მაგალითად  სოლიდარული  პასუხისმგებლობის  საზოგადოება(სპს),  კომანდიტური  საზოგადოება(კს),  რომელთათვის  დამახასიათებელია  საკუთარი  ქონებით  პასუხისმგებლობა  კრედიტორების  წინაშე.

მეორე  ჯგუფს  განეკუთვნება  ე.წ  კაპიტალური  საზოგადოებები.  ასეთ  საზოგადოებებში  ჯგუფის  წევრები  არ  აგებენ  პასუხს  საზოგადოების  კრედიტორების  წინაშე,  მაგრამ  კრედიტორების  დასაცავად  აუცილებელია  მინიმალური  ქონების-კაპიტალის  არსებობა.  ამ  ტიპის  საზოგადოებებია:  შეზღუდული  პასუხისმგებლობის  საზოგადოება(შპს),  სააქციო  საზოგადოება(სს),  კოოპერატივი.

რაც  შეეხება  არასამეწარმეო  იურიდიულ  პირებს,  მათი  მდგომარეობა  მოწესრიგებულია  საქართველოს  სამოქალაქო  კოდექსის  მეშვეობით.

იურიდიული  პირი,  რომლის  მიზანსაც  არ  შეადგენს  სამეწარმეო  საქმიანობა,  შეიძლება  არსებობდეს  როგორც  კავშირი,  ან  ფონდი.  მათი  საქმიანობის  შედეგად  მიღებული  მოგების  განაწილება  კავშირის  წევრებსა  და  ფონდის  შემომწირველებს  შორის  დაუშვებელია.  დღესდღეობით  ფონდები  და  კავშირები  გაერთიანებულია  ე.წ  არასამთავრობო  ორგანიზაციების  სახელწოდების  ქვეშ.

კავშირი  არის  იურიდიული  პირი,  რომელშიც  საერთო  მიზანს  ისახავს  რამდენიმე  პირი  და  მისი  არსებობა  დამოუკიდებელია  მასში  წევრთა  რაოდენობის  ცვლილებისგან.  კავშირის  დასაფუძვნებლად  აუცილებელია  მინიმუმ  5  წევრი  მაინც.  კავშირებია  მაგალითად:  კლუბები  ,  ცენტრები,  ინსტიტუტები,  აკადემიები,  ასოციაციები  და  ა.შ.  ხშირია  შემთხვევები,  როცა  არაკომერციული  პირის  სახელწოდებაში  ჩართავენ  ტერმინს,  „ასოციაცია“  ,  რაც  იგივე  კავშირია,  სინონიმია  და  არ  წარმოადგენს  რაიმე  სპეციალურ  ორგანიზაციულ-სამართლებრივ  ფორმას.  არსებობს  კავშირის  ორი  ფორმა:  კავშირი  და  არარეგისტრირებული  კავშირი.  პირველი  მათგანისთვის  აუცილებელია  რეგისტრაცია  და  ის  იურიდიულ  პირს  წარმოადგენს.  მეორისთვის  კანონი  ასეთ  რამეს  არ  ითვალისწინებს.

ფონდი  არის  იურიდიული  პირი,  როცა  ერთი  ან  რამდენიმე  დამფუძვნებელი  სპეციალურ  ქონებას  საერთო-საზოგადო  სასარგებლო  მიზნის  მისაღწევად  საკუთრევად  გადასცემს  დამოუკიდებელ  სუბიექტს,  რომელსაც  არ  ჰყავს  წევრები,  განსხვავებით  კავშირისგან.  განსხვავება  კავშირსა  და  ფონდს    შორის  პრაქტიკულად  გამოიხატება  მართვის  ორგანოების  სტრუქტურასა  და  მათი  შექმნის  წესში,  ასევე  იმაში,  რომ  ფონდი  არ  იცნობს  წევრობის  ინსტიტუტს.

არსებობს  მაგალითად  ბაგრატის  ტაძრის  აღდგენის  ფონდი,  მიწისძვრით  დაზარალებულთა  დახმარების  ფონდი  და  ა.შ,  რომლებიც  მოპოვებულ  სახსრებს  უკვე  არსებულ  სხვა  ორგანიზაციებს,  მაგალითად  ადგილობრივ  თვითთმართველობას  გადასცემენ,  მიზნობრივად  გამოყენებისთვის.  ასეთ  ფონდებს  „მკვდარ  ფონდებს“  უწოდებენ  და  არ  არსებობენ  იურიდიული  პირის  სახით.  სამოქალაქო  კოდექსით  გათვალისწინებული  ფონდი  კი  არის  იურიდიული  პირი,  რომელსაც  შეუძლია  საკუთარი  სახელით  გამოვიდეს  სამართლებრივ  ურთიერთობებში,  შეიძინოს  უფლებები  და  მოვალეობები,  იყოს  მოსარჩელე,  მოპასუხე  და  ა.შ.  მათი  არსებობა  ხელს  არ  უშლის  ე.წ  „მკვდარი“  ფონდების  დაფუძვნებას.

კავშირისა  და  ფონდის  დახასიათებისას  დიდ  მნიშვნელობას  იძენს  საკითხი,  შეუძლიათ  თუ  არა  ამ  არაკომერციულ  იურიდიულ  პირებს  სამეწარმეო  საქმიანობის  განხორციელება.  საქართველოს  სამოქალაქო  კოდექსის  30-ე  მუხლის  პირველი  ნაწილი  კავირებსა  და  ფონდებს  ანიჭებს  სამეწარმეო  საქმიანობის  უფლებამოსილებას,  თუ  ეს  საქმიანობა  ემსახურება  ფონდისა  და  კავშირების  მიზნებს.    მაგალითად,  ქართული  მეცნიერების  განვითარების  ფონდმა  შეიძლება  დააფუძნოს  ცალკე  კომერციული  ორგანიზაია  და  მისი  საქმიანობიდან  მიღებული  შემოსავლით  დააფინანსოს  ფონდის  მიზნები.