სამეზობლო ზემოქმედებათა სახეები

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

სამოქალაქო  კოდექსით  განსაზღვრულია  მესაკუთრეთა  ურთიერთზემოქმედების  ფარგლები.  ამას  საემისიო  სამართალიც  ჰქვია.  ემისიის  ცნებაში  იგულისხმება  ყველა  ის  ზემოქმედებანი,  რაც  მიწის  ერთი  ნაკვეთიდან  მეორეზე  ვრცელდება  და  გარკვეული  აზრით  ზიანს  აყენებს  მას.  ამის  მაგალითია  გაზით,  ორთქლით,  სუნით,  ჭვარტლით,  კვამლით,  სითბოთი,  რყევებით  ან  სხვა  მსგავსი  მოვლენებით  გამოწვეული  ზემოქმედებანი.  ემისიები  იყოფა  არსებით  და  არაარსებით  ემისიებად.  არაარსებითი  ემისიების  თმენის  ვალდებულება  უპირობოა,  არსებითი  ემისიები  კი  მხოლოდ  გამონაკლის  შემთხვევებში  ექვემდებარებიან  თმენის  ვალდებულებას.  დოქტრინასა  და  სასამართლო  პრაქტიკაში  სადავოა  იდეალური  ემისიების,  კერძოდ,  ესთეტიკური  და  ზნეობრივი  ხასიათის  ზემოქმედების  საკითხი.  საქმე  იმაშია,  რომ  სამოქალაქო  კოდექსი  მას  არ  ითვალისწინებს.  თუ  ზემოქმედების  რომელიმე  სახე  არაა  განსაზღვრული,  მაშინ  ზემოქმედების  ადგილას  მიღებული  მდგომარეობის  გათვალისწინებით,  უნდა  დადგინდეს  ჩაითვალოს  თუ  არა  ზემოქმედება  დაშვებულ  ზემოქმედებად.  მხედველობაში  უნდა  მივიღოთ  არა  მხოლოდ  ობიექტური,  არამედ  სუბიექტური  ფაქტორებიც.

გერმანულ  დოქტრინაში  მიღებული  დაყოფით,  აღნიშნულ  ემისიათა  ერთი  ჯგუფი  უსხეული  ემისიებია,  როგორიცაა  სითბოთი,  სინათლით  გამოწვეული  ზემოქმედებანი.  სხვა  კი  ,  რბილი  სხეულებით  გამოწვეული  ემისიები,  როგორებიცაა  ჭვარტლით,კვამლით  და  ა.შ.  გამოწვეული  ზემოქმედებანი.  ყოველთვის,  ზემოქმედება  უფრო  ფიზიკური  ზემოქმედების  ხასიათს  უნდა  ატარებდეს.  მარტო  ფსიქოლოგიური  ზემოქმედება,  ვთქვათ,  მეზობლის  ნაკვეთზე  ხშირი  თავყრილობა,  არაა  საკმარისი  დაუშვებელი  ზემოქმედების  საკვალიფიკაციოდ,  თუ  რა  თქმა  უნდა  თავყრილობას  არ  ახლავს  ხმაური.

მესაკუთრე  ვალდებულია  ითმინოს  ასევე  არსებითი  ზემოქმედებანიც,  თუკი  იგი  გამოწვეულია  მეზობლის  ან  სხვა  უძრავი  ქონების  ჩვეულებრივი  სარგებლობით,  რაც  მისი  ნორმალური  საქმიანობაა.

სასამართლოების  პრაქტიკა  ზემოქმედების  განსაზღვრის  საკითხში  ჯერ  კიდევ  ჩამოყალიბების  პროცესშია.

აღსანიშნავია,  რომ  ზემოქმედების  დასაშვებობის  ხარისხი  შეიძლება  განსხვავებული  იყოს  სხვადასხვა  ადგილთან  მიმართებით.  ამ  შემთხვეაში,  მნიშვნელობა  აქვს  სამრეწველო  რაიონთან  გვაქვს  საქმე  თუ  საცხოვრებელ  უბანთან,  მიწის  ნაკვეთი  ქალაქის  ცენტრშია  თუ  ქალაქის  გარეთ.