ფულადი კომპენსაცია სამეზობლო თმენის ვალდებულებისთვის

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

ულადი  კომპენსაცია  თმენის  ვალდებულებისათვის  არის  მაშინ,  როცა:

1.  თუ  მიწის  ნაკვეთის  მესაკუთრე  მშენებლობის  დროს  განზრახვის  გარეშე  გადასცდა  მეზობელი  ნაკვეთის  საზღვრებს,  მეზობელი  ნაკვეთის  მესაკუთრემ  ეს  უნდა  ითმინოს,  გარდა  იმ  შემთხვევებისა,  როცა  ამის  წინააღმდეგ  წინასწარ  ან  შეტყობისთანავე  განაცხადა.

2.  საზღვრის  დამრღვევი  მეზობელი  ვალდებულია  გადაიხადოს  ფულადი  კომპენსაცია,  რომელიც  ყოველწლიურად  წინასწარ  უნდა  იქნეს  გადახდილი.

179-ე  მუხლში  გათვალისწინებულია  ინტერესთა  კოლიზიის  განსაკუთრებული  შემთხვევა  სამეზობლო  სამართალში.  ნორმის  ახსნა-განმარტებიდან  ჩანს,  რომ  თუ  საზღვრის  დამრღვევი  მეზობელი  განზრახ  მოქმედებს,  მაშინ  მშენებლობით  გამოწვეულ  უარყოფით  ზემოქმედებათა  აღკვეთის  მოთხოვნას  ვერაფერი  დაუდგება  წინ,  ხოლო  თუ  მშენებლობის  დროს  მის  მოქმედებაში  განზრახვა  არაა,  მაშინ  აღნიშნული  მოთხოვნა  მხოლოდ  იმ  შემთხვევაშია  დასაშვები,  თუკი  უფლებადარღვეულმა  მეზობელმა  ამ  დარღვევის  წინასწარ  ან  შეტყობისთანავე  პრეტენზია  განაცხადა.  აღნიშნული  მაშინაა,  როცა  მიწის  ნაკვეთის  მესაკუთრისათვის  ცნობილი  ხდება  მოსალოდნელი  დარღვევის  შესახებ,  ან  დარღვევა  უკვე  დაწყებულია  და  პროტესტიც  თან  მოსდევს  მას,  ანდა,  სხვადასხვა  მიზეზთა  (შვებულებაში,  მივლინებაში,  საავადმყოფოში  ყოფნის  და  ა.შ.)  გამო,  ეს  მისთვის  უცნობი  იყო,  მაგრამ  შეტყობინებისთანავე  მოითხოვა  დარღვევის  აღკვეთა.  დარღვევის  აღკვეთაში  იგულისხმება  ის,  რომ  172-ე  მუხლის  მეორე  ნაწილის  საფუძველზე  მოეთხოვოს  ნაგებობის  მოშორება,  დანგრევა  ან  მისი  სახეცვლილება,  ანდა  ნაკვეთის  შესყიდვა,  ყველა  სხვა  შემთხვევაში  მეზობელი  ნაკვეთის  მესაკუთრემ  უნდა  ითმინოს  აღნიშნული  ზემოქმედება.  თმენის  ვალდებულება  ესაა  სამეზობლო  ინტერესებიდან  გამომდინარე  საკუთრების  კანონისმიერი  შებოჭვა,  რაშიც  ვლინდება  საკუთრების  შინაარსი,  მისი  კანონისმიერი  დატვირთვები.

როცა  აღნიშნული  დარღვევა  განზრახი  მოქმედებით  ხდება,  მაშინ  179-ე  მუხლის  წესები  არ  მოქმედებს  და  გამოიყენება  172-ე  მუხლით  გათვალისწინებული  მექანიზმი.

საკუთრივ  მშენებლობაში  იგულისხმება  არა  მარტო  სამეურნეო,  არამედ  დროებითი  ნაგებობანიც.  მშენებლობად  ითვლება  ასევე  არსებული  ნაკეთობის  სახეცვლილება,  ანდა  გაფართოება.  საზღვრის  დარღვევად  ჩაითვლება  ისეთი  სახის  მშენებლობა,  როცა  ნაგებობა  მთლიანად  ან  ნაწილობრივ  სხვის  ნაკვეთს  იკავებს,  ანდა  ლახავს  ამ  ნაკვეთის  საჰაერო  სივრცეს  (მაგალითად,  აივანი  გადადის  სხვის  ნაკვეთზე).

179-ე  მუხლის  გამოყენებისას  მნიშნველობა  არ  აქვს  ვისი  ბრალით  მოხდა  საზღვრის  დარღვევა,  მესაკუთრისა  თუ  სხვა  პირთა  მიერ,  როგორიცაა  მშენებელი,  მოიჯარე.  თავის  მხრივ,  პრეტენზიის  განცხადების  უფლება  აქვს  არა  მხოლოდ  მიწის  ნაკვეთის  მესაკუთრეს,  არამედ  ამ  მიწის  მეაღნაგეს  თუ  უზუფრუქტუარს.

საინტერესოა  საკითხი  იმის  შესახებ,  თუ  რა  ურთიერთდამოკიდებულება  მყარდება  სხვის  ნაკვეთზე  გადასულ  ნაგებობასა  და  მიწის  ნაკვეთს  შორის.  მიწის  ნაკვეთი  კვლავაც  მისი  პატრონის  საკუტრებაში  რჩება.  როცა  შენობის  ერთი  ნაწილი  ერთ  ნაკვეთზე,  ხოლო  მეორე  –  მეორეზე,  ისეთი  ვითარება  იქმნება,  რომ  თითქოს  მიწის  მესაკუთრეთა  საერთო  საკუთრება  იყოს  აღნიშნული  ნაგებობა.  თუ  ამოვალთ  იმ  დებულებიდან,  რომ  ნაგებობა  მიწის  ნაკვეთის  არსებითი  შემადგენელი  ნაწილია  და  მიწაზე  საკუთრება  მასზედაც  ვრცელდება,  მაშინ  ეს  საეჭვო  არ  უნად  იყოს.  179-ე  მუხლი  ამ  საერთო  წესიდან  იშვიათი  გამონაკლისია,  როცა  მიწის  ნაკვეთი  ერთი  პირის  საკუთრებაა,  ხოლო  მისი  არსებითი  შემადგენელი  ნაწილი  –  მეორე  პირისა.

ზემოთაღნიშნული  თმენის  ვალდებულება  სასყიდლიანია.  საზღვრის  დამრღვევი  მეზობელი  ვალდებულია,  ყოველწლიურად  წინასწარ  გადაიხადოს  კომპენსაცია,  რომლის  ოდენობაც  განისაზღვრება  მეზობელთა  შეთანხმებით.  თუ  შეთანხმება  ვერ  მიიღწევა,  მაშინ  სასამართლო  ადგენს  მის  სიდიდეს.

ასევე  მხედველობაშია  მისაღები  ის  გარემოებაც,  რომ  არ  უნდა  მოხდეს  უფლების  ბოროტად  გამოყენება.  ამას  მაშინ  ექნება  ადგილი,  როცა  მშენებელი  უმნიშვნელოდ  არღვევს  სასაზღვრო  მიჯნას  და  მეზობელი  მოითხოვს  ნაგებობის  აღებას.  სინამდვილეში  ირკვევა,  რომ  ასეთი  დარღვევა  მეტისმეტად  მცირე  ზიანს  აყენებს  მიწის  მესაკუთრეს.