აგრესია

აგრესია E. Aggression

სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალების გამოყენება სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ანდა ძალის გამოყენება სხვა, გაეროს წესდების საწინააღმდეგო საშუალებით. 1.ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თავდასხმა, ან შეჭრა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან სამხედრო ოკუპაცია, ან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის, ან მისი ნაწილის ძალადობრივი ანექსია; 2. ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა, ან ნებისმიერი იარაღის გამოყენება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე; 3. ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს პორტების, ან სანაპირო ზოლის ბლოკადა; 4. ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თავდასხმა სხვა სახელმწიფოს მიწებზე, ზღვებზე, ან შეიარაღებულ ძალებზე, საზღვაო ან საჰაერო ფლოტზე; 5. სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების გამოყენება ხელშეკრულების პირობების დარღვევით, ან ამ ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების ყოლა ხელშეკრულების ვადების დარღვევით; 6. სახელმწიფოს ქმედება, რომელიც უთმობს საკუთარ ტერიტორიას სხვა სახელმწიფოს, ეს უკანასკნელი კი ამ ტერიტორიას იყენებს მესამე სახელმწიფოს საწინააღმდეგო აგრესიული ქმედებისათვის; 7. სახელმწიფოს მიერ, ან მისი სახელით შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, უკანონო ფორმირებების, ან დაქირავებულთა გაგზავნა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მის წინააღმდეგ შეიარაღებული ქმედებების ჩასატარებლად.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

მძიმე საერთაშორისო დანაშაული, ძალის გამოყენების უკიდურესი გამოვლინება. ა-დ მიიჩნევა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების გამოყენება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ყოველი სახელმწიფო, რომელიც პირველი გამოიყენებს შეიარაღებულ ძალებს, ჩაითვლება აგრესორად, თუკი გაეროს უშიშროების საბჭო სხვაგვარად არ შეაფასებს ამ ქმედებას. ა-ის აქტებად ჩაითვლება: ა) ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შეჭრა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე; ნებისმიერი სამხედრო ოკუპაცია, რომელიც ამ თავდასხმის შედეგია; სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის ანექსია ძალის გამოყენებით; ბ) ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის ტერიტორიის დაბომბვა; გ) ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ მეორის ნავსადგურებისა და სანაპიროების ბლოკადა; დ) სხვა სახელმწიფოების, სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო ძალებზე თავდასხმა; ე) ერთი სახელმწიფოს იმ შეიარაღებული ძალების გამოყენება მეორის უშიშროების წინააღმდეგ, რომლებიც მის ტერიტორიაზე იმყოფებიან ამ უკანასკნელთან შეთანხმებით, ან შეთანხმების ვადის შეწყვეტის შემდეგ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათი დატოვება; ვ) ერთი სახელმწიფოს ისეთი ქმედება, რომელიც მეორე სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს მისი ტერიტორია მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ ა-ის გამოსავლენად; ზ) ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, რეგულარული ან დაქირავებული ძალების შეგზავნა, რასაც იმდენად სერიოზული სახე აქვს, რომ განიხილება როგორც არაპირდაპირი, ირიბი ა. გაეროს უსიშროების საბჭოს უფლება ეძლევა თვითონ განსაზღვროს, კიდევ რომელი ქმედება შეიძლება ჩაითვალოს ან არ ჩაითვალოს ა-დ. მაგ., ა-დ არ მიიჩნევა უცხო სახელმწიფოს მიერ დამორჩილებული ხალხებისა და ქვეყნების შეიარაღებული ბრძოლა თავისუფლებისათვის; აღიარებულია ა-ის მსხვერპლთა ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება; აგრეთვე, თუკი ეს საჭირო გახდა, აგრესორის საზღვრის გადალახვაც. კანონიერად არის მიჩნეული გაეროს მიერ აგრესორის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენება და ბრძოლის გაგრძელება აგესორის ტერიტორიაზე.

See also: ომი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. aggression

L. Aggressio თავდასხმა

კაცობრიობის უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი საერთაშორისო დანაშაული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიხედვით, ნებისმიერი სახით შეიარაღებული ძალების მართლსაწინააღმდეგო გამოყენება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)