ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო E. Euroopean Court of Human Rights

ევროპული კონვენციით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ შექმნილი ორგანო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიერ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას. იგი მუდმივმოქმედი ორგანოა. შედგება მოსამართლეთა იმ რაოდენობისაგან, სახელმწიფოთა რა რაოდენობაც მონაწილეობს კონვენციაში (მე–20 მუხ.) მოსამართლეები დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი არიან თავიანთ მოვალეობათა შესრულებაში (21–ე მუხ.) მათ ირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 6 წლის ვადით (23–ე მუხ.) კონვენციის მონაწილე თითოეულ სახელმწიფოს უფლება ენიჭება, მიმართოს სასამართლოს კონვენციის სხვა მონაწილე სახელმწიფოს მიერ კონვენციის დებულებათა დარღვევის შემთხვევაში (33–ე მუხ.). \ სასამართლო ასევე უფლებამოსილია, კერძო პირისაგან, არასამათავრობო ორგანიზაციის ან პირთა ჯგუფისაგან მიიღოს განსახილველად საჩივრები კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მათი უფლებების დარღვევის შესახებ (34–ე მუხ.); უფლებამოსილია, გამოიტანოს საკონსულტაციო დასკვნა კონვენციისა და მისი ოქმების განმარტების საკითხზე (48–ე მუხ.). სასამართლო განსახილველად იღებს მხოლოდ იმ საჩივრებს, რომლებიც აკმაყოფილებს კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. საჩივარი მიუღებლად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ : ა (ამა თუ იმ პირის, არასამთავრობო ორგანიზაციის ან პირთა ჯგუფის მიერ არ არის ამოწურული თავისი უფლებების დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები; ბ) ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებიდან სასამართლოში საჩივრის წარდგენამდე ექვს თვეზე მეტია გასული; გ) საჩივარი ანონიმურია; დ) იგი უკვე განხილულია ამ სასამართლოს ან სხვა საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოს მიერ; ე) შეუთავსებელია კონვენციის დებულებებთან; ვ) აშკარად დაუსაბუთებელია ან საჩივრის წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენებაა. სასმართლოს უფლება აქვს, მიუღებლად გამოაცხადოს საჩივარი, რომელიც, მისი აზრით, არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს (იხ. აგრეთვე დასაშვებობა განაცხადის, საჩივრის) თუ საჩივარი მისაღებად იქნა მიჩნეული, სასამართლო შეეცდება, რომ საქმით დაინტერესებულ მხარეებს შორის (მომჩივანი და სახელმწიფო) დავა მორიგებით გადაწყდეს (38–ე მუხ.); საქმის ასე დამთავრების შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო ფინანსურ კომპენსაციას უხდის ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლს, ხოლო ამასთან დაკავშირებით ზოგჯერ ცვლილებაც კი შეაქვს თავის კანონმდებლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმე მორიგებით არ გადაწყდა, სასამართლო განიხილავს საჩივარს და გამოაქვს საბოლოო განაჩენი. საჩივრების განსახილველად სასამართლოში შექმნილია სამი მოსამართლისაგან შემდგარი კომიტეტები, შვიდი მოსამართლისაგან შემდგარი პალატები და ჩვიდმეტი მოსამართლისაგან შემდგარი დიდი პალატა (27–ე მუხ.) მისაღებია თუ არა საჩივარი, ამ საკითხს განიხილავს სამი მოსამართლისაგან შემდგარი კომიტეტი. საჩივართა დასაშვებობა, ისევე როგორც მათი არსებითად განხილვა, ხორხციელდება პალატების მიერ. დიდი პალატა განიხილავს კონვენციის განმარტების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებს და ასევე იმ საკითხებს, რომლებიც მას მოდავე მხარეების მოთხოვნის საფუძველზე გადაეცემა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენი იურიდიულად სავალდებულოა სახელმწიფოებისათვის, სასამართლოს განაჩენის შესრულების ზედამხდველობას ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი (46–ე მუხ.). სასამართლოს ადგილსამყოფელია ქ.სტრასბურგი (საფრანგეთი). საქართველომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1999 წელს. ამავე წელს საქართველოდან არჩეულ იქნა სასამართლოს წევრი. აღსანიშნავია, რომ ევროპული კონვენციის 23–ე მუხლის თანახმად, პირველ არჩევნებზე არჩეულ მოსამართლეთა ნახევრის უფლებამოსილების ვადა იწურება სამი წლის შემდეგ.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)