ადმინისტრაციული წარმოების სახეები

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  მე-2  მუხლის  პირველი  ნაწილის  “კ”  ქვეპუნქტის  თანახმად  ,  ადმინისტრაციული  წარმოება  არის  ადმინისტრაციული  ორგანოს  საქმიანობა  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  მომზადების,  გამოცემისა  და  აღსრულების,  ადმინისტრაციული  საჩივრის  გადაწყვეტის,  აგრეთვე  – ადმინისტრაციული  ხელშეკრულების  მომზადების,  დადების  ან  გაუქმების  მიზნით.

საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  შესაბამისად,  ადმინისტრაციული  ორგანოს  მიერ  ხორციელდება:  მარტივი,  ფორმალური  და  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოება.  დაუშვებელია  ერთი  და  იგივე  აქტის  გამოცემა  ერთზე  მეტი  წარმოების  სახის  გამოყენებით.  უმეტეს  შემთხვევაში,  ადმინისტრაციული  წარმოებისათვის  გამოიყენება  მარტივი  ადმინისტრაციული  წარმოებისათვის  დადგენილი  წესები.  სზაკ-ის  72-  ე  მუხლის  მე-2  ნაწილის  თანახმად,  თუ  კანონი  არ  ითვალისწინებს  სხვა  სახის  ადმინისტრაციული  წარმოების  გამოყენებას,  ადმინისტრაციული  ორგანო  ინდივიდუალურ  ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  აქტს  ამზადებს  მარტივი  ადმინისტრაციული  წარმოების  გამოყენებიტ.  მარტივი  ადმინისტრაციული  წარმოება  გამოიყენება  ყოველთვის,  როდესაც  ადმინისტრაციული  წარმოების  მიზანს  წარმოადგენს:  1)ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  მომზადება,  გამოცემა  და  აღსრულება.  2)ადმინისტრაციული  საჩივრის  გადაწყვეტა  3)ადმინისტრაციული  ხელშეკრულების  მომზადება,  დადება  ან  გაუქმება.

მნიშვნელოვანია  ადმინისტრაციულ  წარმოებაში  მონაწილე  სუბიექტთა  საკითხი.  ადმინისტრაციულ  წარმოებაში  სამართლებრივი  ურთიერთობის  ერთ  მხარეს  აუცილებლად  დგას  ადმინისტრაციული  ორგანო,  რომელიც  უფლებამოსილია,  განიხილოს  ადმინისტრაციული  წარმოება.  ადმინისტრაციული  წარმოების  მეორე  მხარეს  მდგარი  სუბიექტების  ჩამონათვალი  მოცემულია  სზაკ-ის  75-ე  მუხლით  დადგენილი  ადმინისტრაციული  წარმოების  მონაწილეების  ცნებაში.

ადმინისტრაციულ  სამართალურთიერთობაში  მონაწილეობის  მიღების  უფლება  აქვთ  მხოლოდ  ქმედუნარიან  პირებს.

ერთმანეთისაგან  უნდა  გავმიჯნოთ  ადმინისტრაციული  წარმოების  მონაწილეები,  რომლებიც  კანონით  დადგენილი  საფუძვლით  აუცილებლად  მონაწილეობენ  ადმინისტრაციულ  წარმოებაში  და  პირები,  რომლებიც  ადმინისტრაციული  ორგანოს  ინიციატივით  ან  საკუთარი  განცხადების  საფუძველზე  იღებენ  მონაწილეობას  ადმინისტრაციული  წარმოების  პროცესში.

კანონით  დადგენილი  საფუძვლით  ადმინისტრაციულ  წარმოებაში  მონაწილეობენ:  ა)განმცხადებელი  და  მესამე  პირები;  ბ)ისინი,  ვის  მიმართაც  გამოიცა  ან  უნდა  გამოიცეს  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტი;  გ)ისინი,  ვისთანაც  დაიდო  ან  უნდა  დაიდოს  ადმინისტრაციული  ხელშეკრულება.

მონაწილეები,  რომლებიც  ადმინისტრაციულწარმოებაში  ერთვებიან  ადმინისტრაციული  ორგანოს  ინიციატივიტ,  იყოფიან    ორ  ჯგუფად:  1)უბრალო  მონაწილეები,  რომელთა  კანონიერ  ინტერესსაც  შეიძლება  შეეხოს  ეს  გადაწყვეტილება;  2)  აუცილებელი  მონაწილეები,  რომელთა  მონაწილეობას  წარმოებაში  გადამწყვეტი  მნიშვნელობა  აქვს.

ადმინისტრაციული  წარმოების  დაწყება  შესაძლებელია  ორ  შემთხვევაში  სზაკ-ის    76-ე  მუხლის  1-ლი  ნაწილის  შესაბამისად:  ა)დაინტერესებული  პირის  მიერ  შესაბამისი  განცხადების  წარდგენით;  ბ)ადმინისტრაციული  ორგანოსათვის  კანონმდებლობით  დადგენილი  ვალდებულება-  გამოსცეს  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტი.

იმისათვის,  რომ  პირის  განცხადების  საფუძველზე  დაიწყოს  ადმინისტრაცილი  წარმოება,  მან  უნდა  დაამტკიცოს  ,  რომ  მოთხოვნილი  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტით  იცვლება  უშუალოდ  მისი  უფლებამოვალეობების  მოცულობა.  არც  შეიძლება  სხვა  პირის  სასარგებლოდ  რაიმე  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  გამოცემის  მოთხოვნა,  რაგინდ  კეთილშობილური  მიზნებიც  არ  უნდა  ამოძრავებდეს  ამ  დროს  პირს.

ადმინისტრაციული  წარმოება  ხორციელდება  ქართულ  ენაზე,  ხოლო  აფხაზეთში  –  აგრეათვე  აფხაზურ  ენაზე,

თუ  დაინტერესებული  მხარის  განცხადება  ან  მის  მიერ  წარმოდგენილი  სხვა  დოკუმენტი  შედგენილია  არასახელმწიფო  ენაზე,  ადმინისტრაციული  ორგანო  მას  განუსაზღვრავს  ვადას    დოკუმენტის  თარგმანის  წარმოსადგენათ.    თუ  კანონით  დადგენილია  ვადა,  რომლისგანმავლობააშიც  დაინტერესებული  მხარე  ვალდებულია,  შეასრულოს  გარკვეული  მოქმედება,  ეს  ვადა  დაცულად  ჩაითვლება  დოკუმენტის  არასახელმწიფო  ენაზე  წარმოდგენის  შემთხვევაშიც.

ადმინისტრაციულ  წარმოებაში  ვადის  გამოთვლისას  გამოიყენება  სსსკ-ის  59-69-ე  მუხლებით  დადგენილი  წესი.  ადმინისტრაციულ  წარმოებასთან  დაკავშირებული  მოქმედებების  შესრულებისად  ვადა  განისაზღვრება  ზუსტი  კალენდარული  თარიღით,  იმ  გარემოებებზე  მითითებით,  რომელიც  აუცილებლად  უნდა  დადგეს,  ან  –  დროის  მონაკვეთით.  უკანასკნელ  შემთხვევაში  მოქმედება  შეიძლება  შესრულდეს  დროის  მთელი  მონაკვეთის  განმავლობაში.

გაშვებული  ვადა  უნდა  აღდგეს  დაინტერესებული  მხარის  მიერ  ადმინისტრაციული  ორგანოს  მიერ  დადგენილი  ვადის  არაბრალეულად  გაშვების  შემთხვევაში-  დაუძლეველი  ძალის,  ავადმყოფობის,  ადმინისტრაციული  ორგანოს  მიზეზით  ან  სხვა  საპატიო  მიზეზით.  ადმინისტრაციული  ორგანო  უფლებამოსილია,  აღადგინოს  დაინტერესებული  მხარის  მიერ  საპატიო  მიზეზით  გაშვებული,  ამავე  ადმინისტრაციული  ორგანოს  მიერ  დადგენილი  ვადაც,  თუ  ეს  აკრძალული  არ  არის  კანონით  და  ზიანს  არ  აყენებს  მესამე  პირთა  უფლებებს  ან  კანონიერ  ინტერესს.

თანამედროვე  ადმინისტრაციული  წარმოების  პროცესში  მოქალაქეს  ენიჭება  აქტიური  როლი.  მოქალაქის  წარმომება-სამართლებრივი  უფლებების  რეალიზაციას  ემსახურება  სზად-ით  დადგენილი  უფლებები:  ა)განმცხადებლის  მიერ  საკუთარი  აზრის  გამოთქმის  უფლება;  ბ)  ადმინისტრაციული  მასალების  გაცნობის  უფლება;  გ)  შუამდგომლობის  აღძვრის,  მტკიცებულებების  წარდგენისა  და  ზეპირი  განმარტებების  გაკეთების  უფლება;  დ)  ადმინისტრაციულ  ორგანოსთან  წარმომადგენლის  მეშვეობით  ურთიერთობის  უფლება;  ე)  ინფორმაციის  საიდუმლოების  უზრუნველყოფა.

ადმინისტრაციული  წარმოებისას  მნიშვნელოვანია  გათვალისწინებული  იქნეს  nemo  judex  in  re  sua-ს  პრიცნიპი,  რომლის  თანახმადაც,  დაუშვებელია,  გადაწყვეტილება  მიიღოს  იმ  საჯარო  მოხელემ,  რომელსაც  საკითხის  მიმართ  პირადი  ინტერესი  აქვს.  ეს  პრინციპი  გარანტირებულია  სზაკ-ის  მე-8  და  92-ე  მუხლებით.

თუ  ადმინისტრაციულ  წარმოებაში  მონაწილე  დაინტერესებული  მხარე  სარგებლობს  აცილების  უფლებით,  რომელიც  მოცემულია  სზაკ-ის  93-ე  მუხლში.

გადაწყვეტილების  მიღების  პროცესს  ახასიათებს  შემდეგი  სტადიები:  ა)  გადაწყვეტილების  მნიშვნელოვანი  გარემოებების  დადგენა;  ბ)  შესაბამისი  სამართლის  ნორმის  მოძიება;  გ)  სამართლის  ნორმის  ახსნა-განმარტება;  დ)  ფაქტისა  და  ფაქტობრივი  გარემოებების  შეპირისპირება;  ე)  სამართლებრივი  შედეგის  კონკრეტულად  განსაზღვრა;  ვ)  შესაძლო  მოქმედების  კანონიერებისა  და  მიზანშეწონილობის  შეფასება.

სამართლის  ნორმის  საფუძველზე  გასაწყვეტილების  მიღების  პროცესი  დამოკიდებულია  ორ  ფაქტორზე:  საქმის  ფაქტობრივ  გარემოებებზე    და  სამართლის  ნორმაზე.

სამართლის  ნორმის  ფორმულირების  თვალსაზრისით  შეიძლება  ფაქტისა  და  ფაქტობრივი  შემადგენლობის  განსაზღვრის  შედეგად  გამოვყოთ  სამი  სამართლებრივი  შედეგი:

1)    სანქცია  მხოლოდ  ერთია  და  მმართველობის  ორგანო  შებოჭილია  მხოლოდ  ერთი  სამართლებრივი  შედეგის  განსაზღვრის  შესაძლებლობით,  ე.ი.  მას  არ  გააჩნია  დისკრეციული  უფლებამოსილება.

2)  კანონი  ერთ  კონკრეტულ  სამართლებრივ  შედეგს  განსაზღვრავს,  მაგრამ  გადაწყვეტილება-  გამოიყენებს  თუ  არა  მას  ადმინისტრაციული  ორგანო  –  წარმოადგენს  ადმინისტრაციული  ორგანოს  დისკრეციულ  უფლებამოსილებას.

3)  ადმინისტრაციულ  ორგანოს  დისკრეციული  უფლებამოსილება  აქვს  არა  მხოლოდ  ღონისძიების  განხორციელების  სფეროში,  არამედ  –  კონკრეტული  ღონისძიების  არჩევაშიც,  რამდენადაც  კანონმდებელი  სანქციის  არა  ერთ,  არამედ  –  რამდენიმე  ალტერნატივას  განსაზღვრავს.

რაც  შეეხება  ფორმალურ  ადმინისტრაციულ  წარმოებას  იგი  მოცემულია  სზაკ-ის  მე-8  თავში.იგი  გამოიყენება  მხოლოდ  იმ  შემთხვევაში,  თუ  კანონით  პირდაპირაა  ეს  გათვალისწინებული.

ფორმალური  ადმინისტრაციული  წარმოების  თავისებურებებია:ა)დაინტერესებული  მხარის  წარმოება  ფორმალურ  ადმინისტრაციულ  წარმოებაში;  ბ)  მოწმე  და  ექსპერტი  ფორმალურ  ადმინისტრაციულ  წარმოებაში;  გ)  ზეპირი  მოსმენა;  დ)  ინდივიდუალური  ადმინისტრაციული  აქტის  გამოცემა.

იგი  გამოიყენება  ძირითადად  ისეთ  შემთხვევებში,  როდესაც,  საკითხის  სირთულიდან  გამომდინარე,  საქმის  მთელი  რიგი  გარემოებები  წინასწარ  დადგენილი  არ  არის.  საჯარო  წარმოებისაგან  განსხვავებით,  ფორმალური  პროცედურა  არ  არის  ორიენტირებული  მასში  საზოგადოების  ფართო  მონაწილეობაზე.  მასში  მონაწილეობენ  მხოლოდ  ის  პირები,  რომელთა  ინტერესებსაც  პირდაპირ  შეეხება  გადასაწყვეტი  საკითხო.  მარტივი  ადმინისტრაციული  წარმოებისაგან  განსხვავებით  ფორმალური  ადმინისტრაციული  წარმოების  დროს  აუცილებელია  ზეპირი  მოსმენის  ჩატარება.  მარტივ  ადმინისტრაციულ  წარმოებაში  მოწმე  და  ექსპერტი  ვალდებულნი  არ  არიან  მისცენ  ჩვენება  ან  დასკვნა  (იხ.  მუხლი  97-ე,  მე-2  ნაწილი),  ფორმალური  წარმოების  დროს  ასეთი  ვალდებულება  არსებობს.

მარტივი  ადმინისტრაციული  წარმოების  შემთხვევაში  დაინტერესებული  მხარის  მონაწილეობა  განსხვავდება  ფორმალური  ადმინისტრაციული  წარმეობისაგან,  რადგან  უკანასკნელ  შემთხვევაში  ადმინისტრაციული  ორგანო  ვალდებულია,  ყველა  დაინტერესებულ  მხარეს  აცნობპს  ფორმალური  ადმინისტრაციული  წარმოების  დაწყების  შეასახებ  და  უზრუნველყოს  მათი  მონაწილეობა  ადმინისტრაციულ  წარმოებაში.

ზეპირ  მოსმენას  აქვს  შემდეგი  ფუნქცია:  ა)  გადაწყვეტილების  მიმღებ  პირს  ეძლევა  შესაძლებლობა,  უშუალოდ  გაეცნოს  და  შეექმნას  წარმოდგენა  გადაწყვეტილების  მისაღებად  მნიშვნელოვან  ფაქტობრივ  გარემოებებსა  და  სამართლებრივ  შეხედულებებზე;  ბ)  პროცესის  მონაწილეებს  მოსმენის  უფლების  შეუზღუდავად  უზრუნველყოფა;  გ)  გადაწყვეტილების  შინაარსობრივი  სისწორის  გარანტიის  ამაღლება;  დ)  ზეპირი  მოსმენის  ერთ  სამუშაო  დღეზე  კონცენტრაციით  პროცესის  დაჩქარების  უზრუნველყოფა,  რადგან  როგორც  წესი  ზეპირი  მოსმენა  არ  უნდა  გრძელდებიდეს  ერთ  დღეზე  მეტ  ხანს.

რაც  შეეხება  საჯარო  ადმინისტრაციულ  წარმოებას,  მარტივი  ადმინისტრაციული  წარმოებისაგან  განსხვავებით,  მის  დაწყებამდე  ადმინისტრაციული  ორგანო  ვალდებულია,  გამოაქვეყნოს  ცნობა    საჯარო  გაცნობისთვის  დოკუმენტების  წარდგენის  შესახებ.  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოების  კიდევ  ერთ  თავისებურებას  წარმოადგენს  ზეპირი  მოსმენის  ვალდებულება,  რაც  აგრეთვე  ახასიათებს  ფორმალურ  ადმინისტრაციულ  წარმოებასაც.  სზაკ-ის  იმპერატიული  მოთხოვნაა,  რომ  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოების  საფუძველზე  გამოცემული  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტი  გამოქვეყნდეს.  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოება,  ისევე,  როგორც  ფორმალური  ადმინისტრაციული  წარმოება,  გამოიცემა  იმ  შემთხვევაში,  თუ  ეს  პირდაპირ  არის  გათვალისწინებული  კანონით,  თუმცა  საჯარო  წარმოების  სახე  აგრეთვე  შიეძლება  გამოყენებული  იქნეს  იმ  შემთხვევებშიც,  როდესაც  ეს  პირდაპირ  არ  არის  კანონით  განსაზღვრული,  მაგრამ,  აშკარაა,  რომ  აქტი  შეეხება  პირთა  ფართო  წრის  ინტერესებს.

განსხვავებით  ფორმალური  ადმინისტრაციული  წარმოებისგან,  საჯარო  წარმოებაში  ზეპირი  მოსმენის  დროს  საკუთარი  მოსაზრებების  წამოყენებისა  და  სიტყვით  გამოსვლის  უფლება  აქვს  არა  მხოლოდ  მხარეებს,  არამედ  ნებისმიერ  პირს.  ისევე,  როგორც  ფორმალური  წარმოებისას,  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  გამოცემა  ზეპირი  მოსმენის  პროცესში  კი  არ  ხდება,  არამედ  ზეპირი  სხდომის  გამართვიდან  10  დღის  ვადაში.

ფორმალური  და  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოება  ითვალისწინებს  მარტივი  ადმინისტრაციული  წარმოებით  დადგენილი  ზოგადი  წესების  გამოყენებას,  თუმცა  ამ  შემთხვევაში  ისინი  გამოიყენება  კანონმდებლობითა  და  კანონით  პირდაპირ  გათვალისწინებული  პირობების  არსებობისას.