ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

კანონიერ  ძალაში  შესული,  ინდივიდუალური-სამართლებრივი  აქტი,  რომელიც  შესასრულებლად  სავალდებულო  ძალას  ატარებს,  შესაძლებელია  გაუქმდეს.  ეფექტური  მმართველობის  საქმიანობის  განხორციელების  პრინციპი  ადმინისტრაციულ  ორგანოს  აღჭურავს  უფლებამოსილებით  მოახდინოს  მმართველობის  აქტების  რეალურ  სამართლებრივ  და  ფაქტობრივ  ცვლილებებთან  შესაბამისობაში  მოყვანა  და  კონკრეტული  ურთიერთობის  ახლებურად  მოწესრიგება.

ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  გაუქმება  ზოგადი  ტერმინია  და  გულისხმობს,  როგორც  აქტის  ბათილად,  ისე  ძალადაკარგულად  გამოცხადებას.  ორივე  შემთხვევაში  აქტი  წყვეტს  მოქმედებას,  მაგრამ  მათ  შორის  არსებობს  განსხვავება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტი  ბათილია,  თუ  იგი  ეწინააღმდეგება  კანონს  ან  არსებითად  დარღვეულია  მისი  მომზადების  ან  გამოცემის  კანონმდებლობით  დადგენილი  წესები.  ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  აქტს  ბათილად  ცნობს  მისი  გამომცემი  ადმინისტრაციული  ორგანო,  ხოლო  საჩივრის  ან  სარჩელის  შემთხვევაში-  ზემდგომი  ადმინსიტრაციული  ორგანო  ან  სასამართლო,  რომლებიც  ასევე  განსაზღვრავენ  ინდივიდუალური  აქტის  მოქმედების  შეწყვეტის  სამართლებრივ  შედეგებს.  პირის  კანონიერი  ნდობისა  და  საჯარო  ინტერესების  გათვალისწინებით,  შესაძლებელია,  განისაზღვროს  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  მოქმედების  შეწყვეტა:
ა)მისი  ძალაში  შესვლის  დღიდან
ბ)მისი  ბათილად  ცნობის  დღიდან
გ)მომავალში,  კონკრეტული  თარიღის  მითითებით.
დაინტერესებული  მხარის  კანონიერი  ნდობა  არსებობს  იმ  შემთხვევაში,  თუ  მან  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  საფუძველზე  განახორციელა  იურიდიული  მნიშვნელობის  მოქმედება  და  უკანონო  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  ბათილად  ცნობით  მას  მიადგება  ზიანი.  კანონიერი  ნდობა  არ  არსებობს,  თუ  მას  საფუძვლად  უდევს  დაინტერესებეული  მხარის  უკანონო  ქმედება.

ძალადაკარგულად  კი  ცხადდება  კანონიერი  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტი,  რაც  იწვევს  მისი  მოქმედების  შეწყვეტას  ძალადაკარგულად  გამოცხადების  დღიდან.  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  ძალადაკარგულად  გამოცხადება  იმ  შემთხვევაში  შეუძლია  უფლებამოსილ  ორგანოს  თუ:  1)  ეს  პირდაპირაა  მითითებული  კანონში  ან  მის  საფუძველზე  გამოცემულ  ზემდგომი  ორგანოს  კანონქვემდებარე  აქტში,  2)  კანონმდებლობის  შესაბამისად  ეს  პირდაპირაა  მითითებული  ადმ.-სამართლებრივ  აქტში,  3)  დაინტერესებულმა  მხარემ  არ  შეასრულა  ადმ.-სამართლებრივი  აქტით  დადგენილი  ვალდებულება,  რომლის  შეუსრულებლობაც  კანონმდებლობის  შესაბამისად  შეიძლება  გახდეს  ადმ.-სამართლებრივი  აქტის  ძალადაკარგულად  გამოცხადების  საფუძველი,  4)  გაუქმდა  ან  შეიცვალა  შესაბამისი  ნორმატიული  აქტი,  5)არსებობს  ახლად  აღმოცენილი  ან  ახლად  გამოვლენილი  გარემოება,  რაც  ადმ.  ოორგანოს  ართმევს  შესაძლებლობას  გამოსცეს  ასეთი  ადმ-სამართლებრივი  აქტი.