ავტორიტარიზმი

ავტორიტარიზმი

E. Authoritarianism

მმართველობის ფორმა, ან დემოკრატიის საწინააღმდეგო თეორია, რომელიც იცავს მმართველობის ამ ფორმას, რომლის დროსაც არ არის აუცილებელი თანხმობის არსებობა ხელისუფლებას, მის გადაწყვეტილებებსა და საზოგადოებას შორის. არჩევნები და დისკუსიების მიზანი ხელისუფლებისთვის დემოკრატიული იმიჯის შექმნაა მაშინ, როდესაც კონტროლი მთლიანად ხელისუფალთა ხელშია. ავტორიტარი მმართველნი თავიანთ ძალაუფლებას ძირითადად რელიგიურ და/ან ნაციონალისტურ მოთხოვნებზე აფუძნებენ. მათი მმართველობა იძულებას ეყრდნობა და არა კონსტიტუციურ შეზღუდვებს. ავტორიტარული რეჟიმის მსხვრევისა და მისი ლიბერალიზაციის შემდეგ მიზეზებს გამოყოფენ: 1. ავტორიტარულ რეჟიმს ესმის იმ ვითარების დროებითი ხასიათი, რომელმაც შესაძლებელი გახადა მისი შექმნა. აქედან გამომდინარე, როდესაც აღარ არის ამ სახის რეჟიმის არსებობის აუცილებლობა (ან სულაც შესაძლებლობა) ის იმსხვრევა. 2. რეჟიმი კარგავს „ლეგიტიმურობას” და ვინაიდან ვერც ერთი რეჟიმი იარსებებს ლეგიტიმურობის, ანუ საზოგადოებისგან აღიარების, თანხმობისა და მხარდაჭერის გარეშე, ის იმსხვრევა. 3. მმართველი ძალის (განსაკუთრებით, სამხედრო ძალის) შიგნით წარმოქმნილი კონფლიქტების გადაწყვეტა ამ ძალის შიგნითვე ხდება შეუძლებელი. ამ ძალების ზოგიერთი წარმომადგენელი (ფრაქცია) დახმარებისათვის გარეშე ძალას იწვევს. ამდენად, მმართველი ძალა, როგორც ასეთი, წყვეტს არსებობას. 4. საზღვარგარეთიდან ზეწოლა და დემოკრატიულობის მოთხოვნა მმართველ ძალას კომპრომისებისაკენ უბიძგებს.

See also: რეჟიმი

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

მმართველობის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის აბსოლუტურ მორჩილებას. მოსახლეობის უსიტყვო მორჩილებისაკენ სწრაფვის გამო ა-ს ხშირად „დესპოტიის“ მნიშვნელობით ხმარობენ. ა, როგორც სისტემა, ძირითადად პოლიტიკურ სფეროს მოიცავს – იდევნებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ლიდერები. ამასთანავე, ტოტალიტარიზმისაგან განსხვავებით, ა. მოსახლეობას თავისუფალი მოღვაწეობის გაცილებით უფრო ფართო არეალს უტოვებს. ეს განსაკუთრებით ითქმის ეკონომიკის სფეროზე, როდესაც მმართველობის ა-ული წესი ეგუება ეკონომიკურ ლიბერალიზმს და არ ზღუდავს კერძო სამეწარმეო თუ კომერციულ საქმიანობას. ფრანკოს მმართველობა ესპანეთში (1939-1975) ან პინოჩეტის რეჟიმი ცივი ომის პერიოდის ჩილეში (1973 წლიდან) სწორედ მმართველობის ამგვარი წესის ნიმუშია.

See also: ტოტალიტარიზმი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ.: ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ.; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2: [ფ.ა.]

E. authoritarian

L. utoritas – ხელისუფლება

პოლიტიკური რეჟიმის ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც მეტ-ნაკლებად შეზღუდულია პოლიტიკური უფლებები, სახელმწიფო ძალაუფლება კონცენტრირებულია ძირითადად ერთი პირის (პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, მონარქი) ან ჯგუფის ხელში. რეფერენდუმისა და არჩევნების პროცესი ექვემდებარება მთავრობის კონტროლს, აქედან გამომდინარე, ხშირად ფალსიფიცირებულია და ატარებს ფორმალურ ხასიათს. ხელისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობების რეალური მექანიზმი განსხვავებულია საკონსტიტუციო ნორმებისგან. ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ანტიდემოკრატიული ტენდენციების გამოხატვის მიხედვით განასხვავებენ ზომიერ (მაგ: 1958-69 წწ. დე გოლის რეჟიმი საფრანგეთში) და აშკარა დიქტატურას.

See also: ტოტალიტარიზმი

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……