ბე

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

ბეს  ცნება  ქართული  სამოქალაქო  სამართლისთვის  უცხო  არ  არის  და  მისი  გამოყენება  ნებისმიერ  ჩვენგანს  შესაძლოა  მოუწიოს.  ამიტომ  გადავწყვიტე  მესაუბრა  ამის  შესახებ.

ბედ  მიიჩნევა  ფულადი  თანხა,  რომელსაც  ხელშეკრულების  ერთი  მხარე  აძლევს  მეორე  მხარეს  და  ამით  დასტურდება  ხელშეკრულების  დადების  ფაქტი.

ბეს  ხელშეკრულების  ერთი  მხარე  აძლევს  მეორე  მხარეს  არა  უბრალოდ  სამომავლოდ  ხელშეკრულების  დადების  უზრუნველსაყოფად,  არამედ  უკვე  შემდგარი  ხელშეკრულების  შესრულების  უზრუნველსაყოფად.  ბე  გამოიყენება  ნებისმიერ  შემთხვევაში,  სულ  ერთია,  შესრულების  ვალდებულება  პირველად  რომელმა  მხარემ  უნდა  განახორციელოს.  ისევე  როგორც  პირგასამტეხლოს  დროს,  ბე  მხარეთა  შეთანხმების  შედეგია.  არავის  არ  აქვს  უფლება  აიძულოს  მოვალე,  მიიღოს  ფულადი  თანხა,  ისევე  როგორც  მაგალითად  არავინაა  ვალდებული  მიიღოს  საჩუქარი.

ვინაიდან  ბე  ხელშეკრულების  დადების  ფაქტს  ამტკიცებს,  იგი  უმეტესწილად  გამოიყენება  კრედიტორის  მიერ  იქ,  სადაც  ურთიერთობისბუნებიდან  თუ  პარტნიორის  თვისებიდან  გამომდინარე  მეტი  შესაძლებლობაა  ხელშეკრულების  დარევევისა.  პრაქტიკიდან  ჩანს  რომ  ბე  გამოიყენება  იქ,  სადაც  ხელშეკრულების  ფორმა  ნაკლებად  უზრუნელყოფს  მის  სიმტკიცეს,  მაგალითად,  ზეპირ  გარიგებებში.

ბე  ჩაითვლება  ვალდებულებით  გათვალისწინებული  გადასახდელის  ანგარიშში,  ხოლო  თუ  არ  ჩაითვლება,  ხელშეკრულების  შესრულების  შემდეგ  იგი  უკან  უნდა  დაბრუნდეს.  ვიდრე  არ  მოხდება  მთლიანად  შესრულება,  ბე  არ  შეიძლება  ნაწილობრივ  შესრულებად  ჩაითვალოს.  ამით  განსხვავდება  ის  ავანსისგან,  თუმცა  მათ  ხშირად  მაინც  აიგივებენ  ერთმანეთთან.  ავანსი  ისეთი  ფულადი  თანხა  ან  სხვა  ქონებაა,  რომელსაც  ერთი  მხარე  წინასწარ  გადასცემს  მეორეს  ვალდებულების  ნაწილობრივ  ან  სრული  შესრულების  მიზნით  და  არა  ხელშეკრულების  ფაქტის  დადასტურებისა  თუ  მისი  შესრულების  უზრუნველყოფის  მიზნით.

თუ  ბეს  მიმცემი  დაარღვევს  მასზე  დაკისრებულ  ვალდებულებას  ,  ბე  რჩება  მის  მიმღებს.  თუ  მოქმედება  არ  სრულდება  ბეს  მიმღების  მხრიდან,  ის  აბრუნებს  უკან  ბეს  რაოდენობას  ორმაგად.  ამასთან,  ბეს  მიმცემს  შეუძლია  მოითხოვოს  ზიანის  ანაზღაურება.  ამ  შემთხვევაში,  როცა  ზიანი  აჭარბებს  უკან  დასაბრუნებელი  ორმაგი  ბეს  რაოდენობას,  ბეს  ჩათვლა  უნდა  მოხდეს  ზიანის  ანაზღაურების  ანგარიშში.

რაც  შეეხება  ბეს  რაოდენობას,  ამაზე  სამოქალაქო  კოდექსი  არაფერს  ამბობს.  ლოგიკური  იქნებოდა  ბეს  იმ  ოდენობით  განსაზღვრა,  რაც  ვალდებულების  დარღვევის  შემთხვევაში  არ  ჩააყენებდა  მხარეს  უსამართლოდ  მძიმე  მდგომარეობაში.  კოდექსი  არაფერს  ამბობს  სასამართლოს  უფლებამოსილებაზე,  შეამციროს  შეუსაბამოდ  მაღალი  ოდენობის  ბე.