ბინარული ოპოზიციები

ბინარული ოპოზიციები

მატერიალური და სულიერი კულტურის განხილვა ორი, მჭიდრო კავშირში მყოფი, მაგრამ ურთიერთდაპირისპირებული ძირითადი ელემენტის მეშვეობით. ბ. ო-ის სისტემა სამყაროს დუალური კლასიფიკაციის ამსახველი პრინციპია, რომელიც თავს იჩენს სოციალური ცხოვრების დუალისტურ ორგანიზაციაში. იგი ვლინდება ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის სოციალურ ნიშანთა სემანტიკაშიც და ფიქსირებულია ენაში. ბ. ო., როგორც სიმბოლური კლასიფიკაციის უმარტივესი პრინციპი, უნივერსალურია და გავრცელებულია მსოფლიოს ყველა კულტურაში. ბ. ო-ში გარე სამყაროს მოვლენები და ობიექტები შეიგრძნობა მათი კონტრასტული დაპირისპირებით. ასეთი ბინარული კონტრასტირება აღქმის უწყვეტ შთაბეჭდილებებს დისკრეტულად ანაწევრებს. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი უმარტივესი ანალიზი და კლასიფიკაცია. ელემენტალური სემანტიკური ოპოზიციები ადამიანის უმარტივეს სივრცით და გრძნობით ორიენტაციას ასახავს გრძნობის ორგანოთა, სხეულის ნაწილების, საზოგადოებისა და ბუნების ენით, აგრეთვე აქსიოლოგიზაციაშია ანუ ღირებულებათა სკალაში მათი ჩართვით. მაგალითად, დაპირისპირება „ზე – ქვე“ კონკრეტულ სახეს იძენს სხეულის ზედა და ქვედა ნაწილებს შორის კონტრასტით, რომელიც შემდეგ განივრცობა კოსმიურ და სოციალურ მოვლენებზე, მაგალითად, „ცა – მიწა“, ოჯახურ და სოციალურ იერარქიაში – „მაღალი – დაბალი“ და ა. შ. უმარტივეს სემანტიკურ ოპოზიციებზე დაყრდნობით ხდება რეალობაში კონტრასტულ დაპირისპირებათა კოსმოლოგიური გააზრება და პარალელების დადგენა სხვადასხვაგვარ მოვლენასთან; კონტრასტები თანდათან იძენს მნიშვნელობას და ფუნდამენტური ანტინომიების გამომხატველად იქცევა: კოსმიურ-სივრცით დროით კონტინუუმში (ცა – მიწა), სოციუმში (ჩემი – სხვისი, უფროსი – უმცროსი), ბუნებისა და კულტურის ზღვარზე (წყალი – ცეცხლი, უმი – მოხარშული), აბსტრაქტულ რიცხვთა სამყაროში (კენტი – ლუწი). სამყაროს იერარქიული დანაწილების კვალდაკვალ ფართოვდება ბინარული ლოგიკის საკლასიფიკაციო შესაძლებლობები, საგნები განმასხვავებელი ნიშნების თავისებურ „გროვად“ იქცევა – ნიშანთა ერთი ჯგუფით გაიგივდებიან, მეორეთი უპირისპირდებიან ერთამნეთს, რაც მოვლენათა მარკირების (ანუ რომელიმე ნიშნით აღნიშვნის) საფუძველი ხდება. სოციოლოგები (დიურკემი, მოსი), და ეთნოლოგები ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებდნენ ტოტემური კლასიფიკაციისა და ტომის სოციალური ცხოვრების დუალისტურ ფორმებზე, რაც ვლინდება ტერიტორიის ორგანიზების დუალურ ხასიათში – დასახლების, ტომის, საცხოვრისის და სხვ. გაყოფა ორ ნაწილად და დაპირისპირებულ მხარედ შესაბამისი სახელდებით („მარჯვენა – მარცხენა“, „ზევით – ქვევით“, „ნაპირი – ხმელეთი“ და ა.შ.). მეტ-ნაკლებად ხშირად ოპოზიციათა შეზღუდული ჩამონათვალი გამოიყენება (მიწა – ზეცა, დღე – ღამე, მზე – მთვარე, სიცოცხლე – სიკვდილი, ზაფხული – ზამთარი, წვიმების დრო – გვალვის დრო, ომი – მშვიდობა, ქალური – მამაკაცური, თეთრი – შავი და სხვ.); მეცნიერთა თვალსაზრისით, ბ. ო. სოციალურ-კულტურული ცხოვრების მოწესრიგებისა და ადამიანური აგრესიულობის რეგლამენტაციის უნივერსალურ ტენდენციას ასახავს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……