ბიოგრაფიული მეთოდი

ბიოგრაფიული მეთოდი

თვისებრივი სოციოლოგიური გამოკვლევების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტაქტიკა; პირადი დოკუმენტები (როგორიცაა, მაგ., წერილები, ავტობიოგრაფიები, დღიურები, ქრონიკები, მემუარები და სხვ.) გამოიყენება სოციალური ინფორმაციის მოპოვებისა და შესასწავლი მასალის განზოგადების მიზნით. პირად დოკუმენტებში აღწერილია ინდივიდის, დოკუმენტების ავტორის, მიერ განცდილი საზოგადოებრივი პროცესები, მოვლენები და სიტუაციები, გადმოცემულია ავტორის დამოკიდებულება მათ მიმართ, მისი შეხედულებები, აზრები და შეფასებები. პირად დოკუმენტებში ასახული ინდივიდების ცხოვრებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გააზრების საფუძველზე ხდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, მათი საქმიანობის, ღირებულებებისა და ქცევის ნორმების აღწერა, ჯგუფებში მიმდინარე სოციალურ-ფსიქოლოგიური პროცესების გაანალიზება, გარკვეული ჰიპოთეზების შემუშავება. ბ. მ-ის გამოყენების პირველი კლასიკური ნიმუშებია უ. ჰილის შრომები: "დამნაშავე" (1915) და „სულიერი კონფლიქტები და არასწორი ქცევა“ (1917). ბ. მ. თეორიულად დაამუშავეს „ჩიკაგოს სკოლის“ წარმომადგენლებმა უ. ტომასმა (1863-1947) და ფ. ზნანეცკიმ (1882-1958). ცნობილ ხუთტომიან შრომაში „პოლონელი გლეხი ევროპასა და ამერიკაში“ (1918-1920) მათ გააანალიზეს ამერიკაში გამგზავრებულ და სამშობლოში დარჩენილ ოჯახებს შორის მიმოწერა, ემიგრანტების ავტობიოგრაფიები და სხვ., რათა აეხსნათ პიროვნების კულტურული ღირებულებებისა და განწყობების ურთიერთქმედება, ახალი სოციალური პირობებისადმი პიროვნების შეგუების მექანიზმები და პროცესები. ამ მეთოდს ფართოდ იყენებდნენ XX ს-ის 20-30-იან წლებში და პიროვნების, მისი ქცევისა და ფსიქიკური ცხოვრების შესწავლის საუკეთესო მეთოდად თვლიდნენ. ამჟამად ბ. მ. როგორც პირადი დოკუმენტების ანალიზის ერთ-ერთი სპეციფიკური მეთოდი და საზოგადოებრივი ცხოვრების სუბიექტური მხარის შესწავლის ერთ-ერთი ტაქტიკა გამოიყენება მრავალ სოციალურ-ჰუმანიტარულ მეცნიერებაში (მათ შორის, სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში, კულტურის ისტორიასა და სხვ.) ბ. მ-ის სინონიმებად ზოგჯერ გამოიყენება ტერმინები „პირადი დოკუმენტების მეთოდი“ (method of personal documents), რომელიც ძირითადად პირად დოკუმენტებს ემყარება და „ცხოვრების ისტორიის მეთოდი“ (life history method) – უმთავრესად დოკუმენტებში ავტორის მიერ გადმოცემულ საკუთარ ბიოგრაფიულ ფაქტებს იყენებს, აანალიზებს მის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზას.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……