ბიპატრიზმი

ბიპატრიზმი

E. Bipartism

(ორმოქალაქეობა) ამა თუ იმ პირის ყოფნა ერთდროულად ორი ან მეტი ქვეყნის მოქალაქეობაში, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტებით. მაგ., ბ-ად ითვლება შემთხვევა, როდესაც ქალი თხოვდება უცხოელზე, მაგრამ არ კარგავს თავის მოქალაქეობას, ხოლო ქმრის სახელმწიფოს კანონებით ამ სახელმწიფოს მოქალაქეობას იღებს. ამგვარ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვიც, რომლის მშობლებსაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ სხვადასხვა სახელმწიფოში ორმაგი მოქალაქეობის დაშვებისა და ამ სტატუსის საკითხი სხვადასხვაგვარად წყდება. საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია გამორიცხავს ორმაგ მოქალაქეობას. კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია: „საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე“. ორმაგი მოქალაქეობა არ დაიშვება აგრეთვე ლიტვის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის კონსტიტუციებით. რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს უფლება აქვს იქონიოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაც (ე.ი. ორმაგი მოქალაქეობა). ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუციით ნებადართულია ორმაგი მოქალაქეობა, მაგრამ, ამასთან, დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. მაგ., უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები შეიძლება დაიკავონ სახელმწიფოს მხოლოდ მკვიდრმა მოქალაქეებმა. ჰააგის 1930 წლის კონვენცია – „ზოგიერთი საკითხი, რომელიც მოქალაქეობის შესახებ კოლიზიურ კანონს ეხება“ – განსაზღვრავს რამდენიმე სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე პირთა სტატუსს, კერძოდ, იმას, რომ ყოველი სახელმწიფოს მიერ ისინი განიხილებიან როგორც საკუთარი მოქალაქეები, როდესაც ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამგვარ პირებს მთელი მოცულობით ეხებათ მათი მოქალაქეობრივი სტატუსის შესაბამისი უფლება-მოვალეობანი. ორმაგი მოქალაქეობა სათანადო პირს არა მარტო უფლებებს ანიჭებს, არამედ უფართოებს მოვალეობებსაც. არცერთი სახელმწიფო, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას აღიარებს, არ აძლევს ამგვარ მოქალაქეებს რაიმე შეღავათს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას. ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ასეთი პირი პასუხისმგებელია იმ სახელმწიფოს წინაშე, სადაც ის ცხოვრობს და თავისი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობს ბ-ის მარეგულირებელი რაიმე ერთიანი სამართლებრივი ნორმა არ არსებობს. სახელმწიფოები ცდილობენ, ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით გადაწყვიტონ. ასეთია, მაგ., საქართველოსა და უკრაინას შორის 28.X.1997 დადებული ხელშეკრულება ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევებისა და უკვე არსებული ორმაგი მოქალაქეობის თავიდან აცილების შესახებ (ძალაში შევიდა 2.X.1999) საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის მე-12 მუხლში 06.02.2004 შეტანილი ცვლილებების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია, დაშვებულია შემთხვევები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……