ბირთვული შეკავება

ბირთვული შეკავება

კონცეფცია, რომელიც გამოხატავს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ძირითად პრინციპს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ცივი ომის წლებში. ამ კონცეფციის ავტორია ცნობილი ამერიკელი მეცნიერი და დიპლომატი ჯორჯ კენანი (მისტერ X), რომელიც 1947 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ამტკიცებდა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის არსი უნდა იყოს რუსეთის (საბჭოთა კავშირის) ექსპანსიონიზმის შეჩერება. კენანის აზრით, საბჭოთა საგარეო პოლიტიკა ეყრდნობა მარქსიზმ-ლენინიზმის ძირითად იდეას მთელს მსოფლიოში სოციალიზმის გამარჯვებისა და კომუნიზმის გავრცელების შესახებ და მიზნად ისახავს კომუნისტური რეჟიმების ძალით დამყარებას სხვადასხვა სახელმწიფოებში. შესაბამისად, აშშ-ს დაეკისრა მისია, იხსნას მსიფლიო რუსული კომუნიზმის საფრთხისაგან და როგორც ბირთვულმა სახელმწიფომ უნდა შეძლოს საბჭოთა ექსპანსიის შეკავება. პრაქტიკულად შეკავების პოლიტიკა გამოიხატებოდა საბჭოთა კავშირის გარშემო ანტისაბჭოური სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების (ნატო, სენტო, სეატო) შექმნაში. აღნიშნულ გარემოცვაში, თუ სადმე „ბზარი“ გაჩნდებოდა, იქმნებოდა დიდი და მცირე კონფლიქტები (ბერლინის, კორეის, ახლო აღმოსავლეთის, ვიეტნამის), რაც რეალურად აშშ-ისა და სსრკ-ის დაპირისპირების გამოვლინება იყო. ერთ ქვეყანაში კი კომუნისტური რეჟიმის დამყარება გამოიწვევდა დომინოს ეფექტს (იხ. დომინოს თეორია) და საფრთხეს შეუქმნიდა სხვა ქვეყნებს. ამდენად, არსად არ უნდა წარმოქმნილიყო ახალი სოციალისტური სახელმწიფოები. შეკავების პოლიტიკა აშშ-ის ძირითად საგარეო პოლიტიკურ დოქტრინას წარმოადგენდა 50-იან წლებში. შემდგომში სტრატეგიული შეიარაღების განვითარებისა და საზღვაო ფლოტის გაძლიერებამ შეკავების პოლიტიკა ნაკლებად ეფექტური გახადა, რადგან სსრკ-ის გარემოცვა დაემსგავსა „იმ საჯინიბო კარის დაკეტვას, საიდანაც ცხენი უკვე გაქცეულია“. ბ. შ-ის პოლიტიკის ალტერნატივად გაჩნდა „ბირთვული დაშინების“ პოლიტიკა, რომელიც ბირთვულ შეიარაღებაში აშშ-ის უპირატესობის მიღწევას გულისხმობდა.

See also: დომინოს თეორია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……