ბრეტონ-ვუდსი

ბრეტონ-ვუდსი

საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა საკითხებზე მრავალმხრივ შეთანხმებათა სერია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1944 წელს სამთო კურორტ ბრეტონ-ვუდსში (ნიუ-ჰემპშირის შტატი, აშშ) იმ დროს ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი გაეროს ეგიდით. საბოლოო დოკუმენტს ხელი მოაწერა 44-მა სახელმწიფომ, რის საფუძველზეც შეიქმნა ორი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაცია – საერთაშორისო სავალუტო ფონდი და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (მსოფლიო ბანკი). ორივე ორგანიზაციას აქვს გაეროს სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსი. ბ. ვ-ის სისტემის ჩამოყალიბებას წინ უძღვოდა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ორწლიანი მოლაპარაკება, რომლის დროსაც მსოფლიოს მომავალი სავალუტო რეჟიმის საკითხში მხარეები რამდენადმე განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საჭირო შეიქმნა ახალი სავალუტო რეჟიმის ჩამოყალიბება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა შრომის საერთაშორისო დანაწილების სისტემის უპირატესობათა გამოყენებას. ამ პოზიციაზე იდგა, უპირველეს ყოვლისა, აშშ, რომელიც თავისი გავლენის კიდევ უფრო გაფართოებას ესწრაფოდა. აშშ-მა პოლიტიკური და ეკონომიკური მოქმედების შედეგად მოახერხა თავისთვის ხელსაყრელი სისტემის პრინციპების დანერგვა, მათ შორის: 1) ოქროს დევიზური სტანდარტის შემოღება დოლართან, როგორც წამყვან ვალუტასთან მიმართებით; 2) ფიქსირებული სავალუტო კურსების შემოღება და ვალუტების კონვერტირებადობის რეგულირება; 3) საერთაშორისო სავალუტო-საკრედიტო სისტემის შემოღება. ბ. ვ-ის ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1945 წელს. ბ. ვ-ის სისტემა 1947 წელს დაშლის პირას დადგა, რადგან სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რესურსები არაადეკვატური არმოჩნდა იმ ამოცანებისათვის, რომლებსაც ეს ორგანიზაციები ისახავდა მიზნად. ცივი ომის პერიოდმა მნიშვნელოვნად შეცვალა აშშ-ის, როგორც ერთადერთი უდიდესი კრედიტორი ქვეყნის საგარეო კურსი. აშშ-მა ფაქტობრივად თავის თავზე აიღო დასავლეთ ევროპისა და განვითარებადი ქვეყნებისათვის ეკონომიკური დახმარება და მან როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ისე მსოფლიო ბანკში გაბატონებული მდგომარეობა დაიკავა. დოლარი ბ. ვ-ის სისტემის ძირითადი სარეზერვო ვალუტა გახდა. ყოველივე ამან, ერთი მხრივ, უზომოდ გაზარდა აშშ-ის როლი საერთაშორისო ეკონომიკაში, მეორე მხრივ კი, საფრთხე შეუქმნა დოლარის სიმყარეს, რადგან იგი ფაქტობრივად საერთაშორისო ვალუტად იქცა. საერთაშორისო სავალუტო ბაზარი დიდ გავლენას ახდენდა დოლარის კურსზე. აშშ-ის მთავრობის მიერ აღებული ვალდებულების დაცვა დოლარის ოქროზე ფიქსირებული კურსით (35 დოლარი უნცია ოქროზე) კონვერტაციის შესახებ შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ 1971 წელს აშშ-მა ცალმხრივად თქვა უარი ბ. ვ-ის სისტემაზე. ეს ფაქტობრივად ამ სისტემის რეფორმისაკენ იყო მიმართული – ახალი ვითარება ახალ წესებს მოითხოვდა. 1976 წელს მიღებულმა მსოფლიო სავალუტო ფონდის ე. წ. „იამაიკის შესწორებამ“ დააწესა არასისტემური „მცურავი“ გაცვლითი კურსი, რითაც ბ. ვ-ის სისტემა ისტორიის კუთვნილება გახადა.

See also: ჰეგემონური სტაბილურობა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……