ბრუნერის თეორია

ბრუნერის თეორია

ამერიკელი ფსიქოლოგი ჯერომ ბრუნერი (1915) კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან საფუძველი ჩაუყარა კოგნიტური სწავლის თეორიას განათლების ფსიქოლოგიაში და განათლების ზოგად ფილოსოფიას. ბრუნერის მიდგომა სწავლებისადმი არის კონსტრუქტივისტული. ბრუნერის თეორიის მიხედვით, სწავლა არის აქტიური პროცესი, სადაც მოსწავლეები არსებული ცოდნის ბაზაზე ქმნიან ახალ იდეებს და კონცეფციებს.

მოსწავლე არჩევს და გარდაქმნის ინფორმაციას, ქმნის ჰიპოთეზებს, ღებულობს გადაწყვეტილებებს და ყოველივე ამისათვის იყენებს შემეცნებით სტრუქტურებს. შემეცნებითი სტრუქტურა (სქემა, გონებრივი მოდელები) აძლევს მნიშვნელობას იდეებსა და კონცეფციებს, ახდენს გამოცდილების ორგანიზებას და ინდივიდს ეძლევა შესაძლებლობა, ჩაწვდეს „ინფორმაციის იქით“ არსებულ ცნებებსა და კონცეფციებს.

სწავლება ისე უნდა იყოს „აწყობილი“, რომ მასწავლებელი შესაძლებლობას აძლევდეს მოსწავლეებს, თავად აღმოაჩინონ ძირითადი პრინციპები. ორივე მხარე (მასწავლებელი და მოსწავლე) აქტიურად არის ჩართული დიალოგში (სოკრატული სწავლება). მასწავლებლის ამოცანაა, ისე გარდაქმნას ინფორმაცია, რომ მოსწავლისათვის ადვილად მისაწვდომი გახდეს ის სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე. კურიკულუმი უნდა იყოს შედგენილი სპირალური პრინციპით ისე, რომ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, თანდათანობით გაიმდიდროს ცოდნა ახალ-ახალი ინფორმაციით.

ბრუნერი მიიჩნევს, რომ მისი სწავლების თეორია მოიცავს ოთხ მთავარ ასპექტს: (1) სწავლებისადმი წინასწარი განწყობა; (2) სწავლება ისე უნდა იყოს აგებული, რომ მოსწავლისათვის ადვილად მისახვედრი და გასაგები იყოს; (3) საჭიროა არსებულ მასალაში თანმიმდევრობის პრინციპის დაცვა; (4) საჭიროა წახალისება-დასჯის მეთოდების სწორი გამოყენება.

ბრუნერის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია:

1. სწავლება უნდა ეფუძნებოდეს სასწავლო მასალასა და გამოცდილებას, რომლის ათვისებისათვისაც მოსწავლე მზადაა.

2. სწავლების სტრუქტურა ადვილად გასაგები უნდა იყოს მოსწავლისათვის (სპირალური ორგანიზება).

3. სწავლება ხელს უნდა უწყობდეს „ექსტროპოლაციას“ ანუ ის უნდა ავსებდეს სასწავლო პროცესში წარმოშობილ „ნაპრალებს“ (დამატებითი ინფორმაციის მოძიება).

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……