ბუნებრივი და სოციალური ნორმები

ბუნებრივი და სოციალური ნორმები

ორი რიგის რეგულაციები, როდესაც ერთი ბუნებრივი წესრიგის (კანონზომიერების) წყაროა, ხოლო მეორე – საზოგადოებრივისა. ისინი ერთმანეთისგან არსებობის წესით განსხვავდება. ბ. ნ. (კანონები) აღწერს ფიზიკურ სამყაროში (ბუნებაში) არსებულ კანონზომიერებას, რომელიც ადამიანისგან (მისი ცნობიერებისგან) დამოუკიდებლად, ობიექტურად არსებობს. ამ კანონზომიერების შეცვლა ადამიანს არ შეუძლია, მას შეუძლია მხოლოდ მისი აღმოჩენა და გათვალისწინება პრაქტიკულ საქმიანობაში. ასე ყალიბდება საბუნებისმეტყველო კანონები (მაგ., ფიზიკაში ნიუტონის კანონები), რომლებიც სუბიექტური მნიშვნელობის (საზრისის) მიღმა დგას, ანუ გამოთქვამს იმას, რაც არის თავისთავად. რაც შეეხება ს. ნ-ს, ისინი კონსტრუირებულია ადამიანების მიერ, მათი ერთობლივი საქმიანობისა (ინტერაქციის) და მათ შორის შეთანხმების, ანუ კონვენციის შედეგად. თუმცა ეს როდი ნიშნავს, რომ ს. ნ. მხოლოდ სუბიექტურია – ისინი გამოთქვამენ გარკვეულ ვალდებულებას, ამდენად, ყოველთვის ინარჩუნებენ გარკვეულ „დისტანციას“ სუბიექტის ნების მიმართ. უფრო ზუსტად, ს. ნ. უნდა შესრულდეს იმის მიუხედავად, თუ რამდენად შეესაბამება მას ნებელობა. ვებერის თანახმად, ნორმები მკაფიოდ განსაზღვრული მაქსიმებია, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს ინდივიდებისათვის მაშინაც, როდესაც მათ შეგნებულად არღვევენ. თუმცა, ნებისაგან ამგვარი დისტანცირება არ უნდა გავიგოთ აბსოლუტური აზრით. შეთანხმების შედეგი შეიძლება შეიცვალოს კიდეც. ს. ნ-ის შეცვლის აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც ისინი კარგავს მნიშვნელობას, ე. ი. როდესაც მათ მიერ უზრუნველყოფილი სოციალური წესრიგი სისტემატურად ირღვევა ან ვეღარ პასუხობს ახლებური გარემოს მოთხოვნებს. ამრიგად, ს. ნ. თავისი ბუნებით აბსოლუტის „სიმულაციაა“ – ისინი ინარჩუნებს ობიექტურობას ცვალებადობის პრინციპული შესაძლებლობის ფონზე.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……