გაეროს განვითარების პროგრამა

გაეროს განვითარების პროგრამა

abbr. UNDP

E. United Nations Development Programme

პროგრამა, რომლის მეშვეობით ხდება გაეროს ტექნიკური დახმარების პროექტთა დიდი ნაწილის ადმინისტრირება. მდგრადი განვითარების მრავლისმომცველ კონცეფციაში პროგრამა რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს გამოყოფს, ესენია: სიღარიბის აღმოფხვრა, გარემოს დაცვა, დემოკრატიული მმართველობის განვითარება, კრიზისული სიტუაციების თავიდან აცილება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლა. გაეროს განვითარების პროგრამის მისიაა: დაეხმაროს სახელმწიფოებს მოქალაქეებზე ორიენტირებული, მდგრად განვითარებაზე გათვლილი პროგრამების დამუშავებასა და განხორციელებაში; ყურადღება გაამახვილოს სიღარიბის აღმოფხვრაზე, გარემოს დაცვასა და აღდგენაზე, ქალთა თანასწორობასა და ეფექტიან მმართველობაზე; ადგილობრივი ოფისების მეშვეობით კოორდინირება გაუწიოს გაეროს ყველა ადგილობრივი ოფისის განვითარებისკენ მიმართულ საქმიანობას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს მთავრობა 1994 წლიდან ერთობლივად თანამშრომლობენ ქვეყნის განვითარების პროგრამაზე. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში UNDP-იმ განახორციელა 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტები და დღესაც აგრძელებს თავისი პროგრამების მისადაგებას ქვეყნის საჭიროებებთან. ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემის განვითარება, განმტკიცება და მდგრადობა, რასაც UNDP თავისი რესურსების ყველაზე დიდ ნაწილს – 73 პროცენტს ახმარს. ეს მიმართულება გულისხმობს ხელისუფლების მხარდაჭერას სახელმწიფო მართვის, მენეჯმენტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში სხვადასხვა სექტორული თუ რეგიონული პროექტის ფარგლებში. 1994 წლიდან დაიწყო პირველი პროექტების განხორციელება „სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმა“ (1994-1997წწ.), „სახელმწიფო მართვის სისტემის სრულყოფა დემოკრატიული მმართველობის განვითარებისთვის“ (1997 2001წწ.) და „საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამული და ადმინისტრაციული სისტემების მოდერნიზება“ (1997-1999წწ.). 2001 წლიდან ფინანსთა სამინისტროში მიმდინარეობს “საქართველოს საფინანსო სისტემის მოდერნიზების” პროექტი, რომლის მიზანია მენეჯმენტის პროცედურებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სრულყოფით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ხელი შეუწყოს საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებისა და რეალიზების პროცესს და, მთლიანობაში, ქვეყნის საფინანსო სისტემის სრულყოფას და ეფექტიანობას. 2002 წლიდან, იმერეთის მხარეში ხორციელდება პილოტური პროექტი „იმერეთის მხარის დემოკრატიული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა“, რაც პირველი პრეცედენტია რეგიონის დონეზე სახელმწიფო მართვის სრულყოფა- რეფორმირების სფეროში. 2004 წლის იანვარსა და ივნისში დაიწყო ამ სფეროს კიდევ ორი პროექტი “საქართველოსთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო – პროგრამის შემუშავება” და „საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება”. სახელმწიფო დაწესებულებებში UNDP-ის მიერ სამთავრობო პროექტების მიმდინარეობისას, ტექნიკური ინფრასტრუქტურის შექმნის გარდა (ლოკალური და უწყებათაშორისო კომპიუტერული ქსელები; კომპიუტერული, პერიფერიული, საოფისე და მედიატექნიკა, აქსესუარები), განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უწყებრივი მართვისა და უწყებათაშორისი ურთიერთობების რაციონალიზებას. ამ მიზნით შექმნილია კორპორაციული მართვის საინფორმაციო და სხვა სისტემები, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნულ პროექტებში ჩართული თითოეული უწყებისა და მისი ქვედანაყოფებისთვის სპეციალურად შექმნილ და ადაპტირებულ პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებისა და მოდულების კომპლექსს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……