გენოციდი

გენოციდი

E. Genocide

1945 წლის ნიურბერგის პროცესზე გ. განმარტებულია, როგორც „სამოქალაქო მოსახლეობის რასობრივი, ან ეროვნული ჯგუფების წინასწარგამიზნული და სისტემატური მოსპობა ერების და ხალხების გარკვეული რასების, ან ფენების, რასობრივი და რელიგიური ჯგუფების განადგურების მიზნით…” ომისგან განსხვავებით, სადაც ერთმანეთს ორგანიზებული შეიარაღებული ჯარისკაცები ებრძვიან, გ. ცალმხრივი მასობრივი მკვლელობაა, რომელშიც სახელმწიფო, ან სხვა ჭარბი ძალა შეგნებულად ანადგურებს ეროვნული, ეთნიკური, ან რელიგიური ერთობის უმეტეს ნაწილს, მაშინ, როდესაც მათდამი კუთვნილებას აღმსრულებელი თავად განსაზღვრავს. გამონაკლისს შეადგეს ომის მსხვერპლი – სამხედრო და სამოქალაქო მოსახლეობა, გარდა დანებებულებისა, რომელთაც არ გააჩნიათ მოწინააღმდეგისათვის ორგანიზებული წინააღმდეგობის გასაწევად საკმარისი სამხედრო ძალა. გ-ის ცნება არ შეიცავს საჰაერო დაბომბვის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლს. ეს ტერმინი ზოგჯერ იმ შემთხვევებშიც გამოიყენება, როცა შერწყმულია გ-ისა და ეთნოციდის ელემენტები. ამ დროს განზრახული არაა მთელი ჯგუფის განადგურება, მაგრამ საკუთარი კულტურული თავისებურებებით გამორჩეული ამ ჯგუფის, როგორც ერთობის, გაქრობა სასურველი და სასარგებლო იქნებოდა აგრესორის აზრით. ამ შემთხვევებში ჯგუფის ნაწილს ანადგურებენ, რათა აიძულონ დარჩენილნი დაივიწყონ საკუთარი კუთვნილება ან შეწყვიტონ წინააღმდეგობა, ან ორივე ერთად. იქ, სადაც მიზანს მოსახლეობის საკუთარი ტერიტორიიდან განდევნა შეადგენს, იყენებენ ტერმინს „ეთნიკური წმენდა”. თუ მოსახლეობის დევნა გამოწვეულია პოლიტიკური მიზეზებით, იყენებენ ტერმინს “პოლიტიციდი”. როდესაც განადგურებული მოსახლეობის რაოდენობა არ შეადგენს მის უმრავლესობას, გამოიყენება ტერმინი „გენოციდური ხოცვა-ჟლეტა”. ეს კომპლექსური ცნებაა და იურისტებს უჭირთ რაოდენობრივი სხვაობის დადგენა ხოცვა-ჟლეტისა და გ-ის ცნებების განსასხვავებლად. საერთაშორისო სამართლის მიხედვით გ. დანაშაულია. გ-ის თავიდან აცილებისა და მისთვის სასჯელის ჟენევის კონვენცია (1948) განსაზღვრავს გ-ს, როგორც ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებათაგანს, რომლის მიზანია მთლიანად, ან ნაწილობრივ გაანადგუროს, როგორც ასეთი, რომელიმე ნაციონალური, ეთნიკური, რასობრივი, ან რელიგიური ჯგუფი. ეს ქმედებებია: 1. ასეთი ჯგუფის წევრების მკვლელობა; 2. ამ ჯგუფის წევრებისათვის სხეულის სერიოზული დაზიანებების მიყენება და ფსიქიკური მოშლილობების გამოწვევა; 3. რომელიმე ჯგუფისათვის შეგნებულად ისეთი ცხოვრების პირობების შექმნა, რომლებიც გამიზნულია ამ ჯგუფის მთლიანი, ან ნაწილობრივი ფიზიკური განადგურებისათვის; 4. ზომები, რომელთა მიზანია შობადობის მოსპობა ამ ჯგუფებში; 5. ბავშვების ძალადობრივი გადაცემა ერთი ჯგუფიდან მეორეში. საყოველთაოდაა აღიარებული, რომ სახელმწიფოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე თავისი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული გ. არის არა მხოლოდ ამ ქვეყნის იურისდიქციის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის საფუძველიც. გ-ის შემთხვევაში ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც მოახდინა ზემოთ აღნიშნული კონვენციის რატიფიკაცია, შეუძლია მიმართოს გაეროს შესაბამის ინსტიტუტებს ჩარევის თხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია საყოველთაოდაა აღიარებული გაეროს წევრი ქვეყნების მიერ, მისი ეფექტურობა მინიმალურია. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შექმნამდე კონვენციის მოქმედება მუდამ შეზღუდული იქნება.

See also: ეთნოციდი, მასობრივი მკვლელობა, სიცოცხლის უფლება

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ.: დასი, 1999 – 128გვ

E. Genocide

საერთაშორისო დანაშაული, დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, რომელიც განისაზღვრება კონვენციით გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი ჩადენისათვის დასჯის შესახებ (გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 9. XII. 1948. საქართველო ამ კონვენციას შეუერთდა 1992 წელს). გ არის ქმედება, რომლის მიზანია, მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპოს რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი. გ გამოიხატება ასეთი ჯგუფის წევრთა გაჟლეტით. მათი სხეულისა თუ გონებისათვის სერიოზული ზიანის მიყენებით, განზრახ ასეთი საარსებო პირობების შექმნით, რომელთა მიზანია ჯგუფის სრული ან ნაწილობრივი ფიზიკური მოსპობა შობადობის იძულებით შემცირებით, სხვა ჯგუფისათვის მათი გადაცემით. ასეთი ქმედებანი დანაშაულია საერთაშორისო სამართლის წინაშე და მის აღსაკვეთად ყველა სახელმწიფო, ერთობლივად თუ ინდივიდუალურად, უნდა იბრძოდეს. გ-ის ჩამდენ პირთა დასჯის მიზნით შესაძლებელია საერთაშორისო სასამართლოს შექმნაც. დანაშაული შეტანიალია სისხლის სამართლის საერთთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან გ-ის გამოცხადება უმძიმეს საერთაშორისო დანაშაულად განაპირობა ჰიტლერული რეჟიმის მიერ მილიონობით ებრაელის, პოლონელის, საბჭოთა კავშირის ხალხთა წარმომადგენლის მასობრივი მოსპობის ფაქტების გამოვლენამ. ნიუნბერგის პროცესზე (1945-1946) საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის განაჩენში გ
ერთ-ერთ ძირითად ბრალდებად ფიგურირებდა. მრავალი წლის განმავლობაში კონვენციის დებულებები გამოუყენებელი რჩებოდა, მაგრამ 1990-იან წლებში გ
იქცა აგრესიული სეპარატიზმის ერთ-ერთ ძირითად იარაღად ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე აღმოცენებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში (მაგ., ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში), ასევე მან თავი იჩინა აფრიკის ქვეყნებში (რუანდა). ამან განაპირობა სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალების შექმნა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებით 1992) წელს ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში სერბი სეპარატისტების მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამო, ხოლო 1993 წელს რუანდაში ერთი ეთნიკური ჯგუფის მიერ უმცირესობაში მყოფი მეორე ჯგუფის მთლიანად გაჟლეტის გამო), რომლებიც დღემდე მოქმედებენ და სჯიან დამნაშავე პირებს (იხ. ყოფილი იუგოსლავიის თაობაზე საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი, რუანდის თაობაზე საერთაშორისო ტრიბუნალი). ბოლო წლებში გ-ის ახალი ფორმა წარმოიშვა – ეთნიკური წმენდა, რომელიც საერთაშორისო სამართალში აღიარებულია დანაშაულად ადამიანურობის წინააღმდეგ.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

საერთაშორისო დანაშაული, კაცობრიობის (ადამიანობის) წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომლის მიზანია მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპოს რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი. გ. არის ასეთი ჯგუფის წევრთა გაჟლეტა, მათი სხეულისა თუ გონებისათვის სერიოზული ზიანის მიყენება, განზრახ შექმნა ისეთი საარსებო პირობებისა, რომელთა მიზანია ჯგუფის სრული ან ნაწილობრივი ფიზიკური მოსპობა, ჯგუფის წევრთა შორის შობადობის ძალით შემცირება, მათი ბავშვების იძულებით სხვა ჯგუფის ადამიანთათვის გადაცემა. ასეთი ქმედებანი დანაშაულია საერთაშორისო სამართლის წინაშე და მის აღსაკვეთად ყველა სახელმწიფოს ერთობლივი თუ ინდივიდუალური ბრძოლაა საჭირო. გ.-ის გამოცხადება უმძიმეს საერთაშორისო დანაშაულად განაპირობა ჰიტლერული რეჟიმის მიერ მილიონობით ებრაელის, პოლონელის, საბჭოთა კავშირის ხალხთა მასობრივი განადგურების ფაქტების გამოვლენამ. XX ს-ის 90-იან წლებში გ. იქცა აგრესიული სეპარატიზმის ერთ-ერთ ძირითად იარაღად ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე აღმოცენებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში (მაგ., ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში), ასევე მან თავი იჩინა აფრიკის ქვეყნებში (რუანდა). ბოლო წლებში გ.-ის ახალი ფორმა წარმოიშვა – ეთნიკური წმენდა (მაგ., აფხაზეთში), რომელიც საერთაშორისო სამართლით კაცობრიობის (ადამიანობის) წინააღმდეგ დანაშაულის სახეობად არის აღიარებული.

See also: დეპორტაცია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ.: ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. genocide

G. Genozid

Gk. genos გვარეულობა, თაობა

L. caedere დახოცვა

ნაციონალური, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ნიშნის მიხედვით მოსახლეობის ცალკეული ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურებისაკენ, გადასახლებისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……