გეოპოლიტიკა

გეოპოლიტიკა

ეს ტერმინი თანამედროვე ლიტერატურაში იხმარება სამი სხვადასხვა გაგებით: 1. რეაქციული პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც არახელსაყრელი გეოგრაფიული პირობების გაუმჯობესების მიზნით ამართლებს და ასაბუთებს ექსპანსიურ პოლიტიკასა და ტერიტორიულ დაპყრობებს, ხელსაყრელი, ე.წ. „სასიცოცხლო სივრცის“ შექმნის აუცილებლობას სხვა სუსტი და „არასრულფასოვანი“ ქვეყნების ტერიტორიების ხარჯზე. ასეთი გ. გაიგივებულია იმ ოფიციალურ პოლიტიკურ იდეოლოგიასა და პრაქტიკასთან, რასაც ახორციელებდა ნაცისტური გერმანია და რაც ამჯერად საყოველთაოდაა უარყოფილი. 2. მოძღვრება, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებსა და სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკურ ქცევას საფუძვლად უდებს გეოგრაფიულ მახასიათებლებს, როგორიცაა: გეოგრაფიული მდებარეობა, ტერიტორიისა და მოსახლეობის სიდიდიდე, კლიმატი, რელიეფი, ბუნებრივი რესურსები და, ყოველივე აქედან გამომდინარე, ეკონომიკური და ტექნოლოგიური პოტენციალი. გ-ის ასეთი გაგება ყალიბდება როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება. 3. სახელმწიფოთა კონკრეტული საგარეო-პოლიტიკური ქმედებანი თავიანთი როლისა და გავლენის გაძლიერებისათვის სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებში. ტერმინი „გეოპოლიტიკა“ პირველად იხმარა შვედმა მეცნიერმა რუდოლფ ჩელენმა XX ს-ის დასაწყისში. იგი აცხადებდა, რომ გერმანიისათვის აუცილებელია მისი შესაფერისი სასიცოცხლო სივრცის შექმნა, რაც მეზობელი პატარ-პატარა და სუსტი ერების ხარჯზე უნდა მოხდეს. ეს თეზისი დაედო საფუძვლად გერმანულ გ-ს, რომლის მამამთავარი კარლ ჰაუსჰოფერი იყო და რაც ჰიტლერული გერმანიის ოფიციალურ სახელმწიფო დოქტრინად იქცა. პარალელურად გ. განვითარდა დასავლეთის სხვა ქვეყნებშიც, ძირითადად ინგლისსა და აშშ-ში. ამერიკელი ადმირალის ა. მეჰენის აზრით, იმის გამო, რომ მსოფლიო ოკეანე ერთიანი და უწყვეტი სივრცეა, ხოლო ზღვის ტრანსპორტი – ყველაზე უფრო იაფი და ეფექტური, ზღვაზე გაბატონებული მდგომარეობა მსოფლიოზე ბატონობას მოასწავებდა, ოღონდ საამისოდ უნდა შექმნილიყო უძლიერესი სამხედრო-საზღვაო ფლოტი და სამხედრო-საზღვაო ბაზების ხშირი ქსელი. ამ თეზისმა დიდი გავლენა იქონია აშშ-ის პოლიტიკაზე, კერძოდ, მისი სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარებაზე. ინგლისელი გეოგრაფი ჰ.მაკინდერი ავტორია ე.წ. ჰარტლენდის თეორიისა, რომლის მიხედვით, ზღვაზე ბატონობა მართლაც ნიშნავდა მსოფლიოზე ბატონობას XV-XIX სს-ებში, მაგრამ XIX ს-ის ბოლოს ისტორიის საყრდენი წერტილი, ანუ ჰარტლენდი, კვლავ ხდება ცენტრალური აზია (სივრცე ურალიდან თითქმის წყნარ ოკეანემდე). ამიტომ ის სახელმწიფო, რომელიც გააკონტროლებს ტერიტორიას გერმანიიდან ციმბირამდე, იქნება კიდეც მსოფლიოს ჰეგემონი. ეს იდეა მხედველობაში მიიღეს ვერსალის კონფერენციაზე (1919), სადაც გათვალისწინებული იყო ბუფერული სახელმწიფოების შექმნა გერმანიასა და რუსეთს შორის, რათა არ მომხდარიყო გერმანიისა და რუსეთის დაახლოება და მათ მიერ ჰარტლენდის კონტროლი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმების გამარჯვება და საბჭოთა კავშირის გაძლიერება ფაქტობრივად ნიშნავდა ჰარტლენდზე საბჭოთა კავშირის კონტროლის დამყარებას. ამერიკული გ.-ური სკოლის მეორე წარმომადგენლის ნ. სპიკმენის თეორიით, ჰარტლენდის ნეიტრალიზაციის ერთადერთი საშუალება იყო მის გარშემო არსებული რკალის – ე.წ. შიდა ნახევარმთვარის, ანუ რიმლანდის (დასავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია) კონტროლი აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა საბჭოთა, ანუ კომუნისტური საფრთხის ექსპანსიის შეჩერებას (შეკავების პოლიტიკა). ჰარტლენდ-რიმლანდის თეორია იყო ომის შემდგომი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური ბაზა, ხოლო მისი პრაქტიკული განხორციელების იარაღს წარმოადგენდა ნატოს, სენტოს და სეატოს სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების შექმნა. სწორედ რიმლანდთან დაკავშირებით იჩინა თავი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის უმთავრესმა დაპირისპირებებმა (ბერლინი-კორეა-ახლო აღმოსავლეთი-ვიეტნამი). სხვა ამერიკული გ.-ური თეორიებიდან აღსანიშნავია ს. კოენის გეოსტრატეგიული არეალებისა და გ.-ური რეგიონების თეორია, ი. გალტუნგის პანრეგიონებისა და ზესახელმწიფოების თეორია, ს. ჰანტინგტონის ცივილიზაციათა შეჯახების თეორია და სხვ. ალტერნატიულ გ.-ურ თეორიებს მიეკუთვნება საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის გაერთიანებული ევროპის თეზისი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს მიუმხრობლობის მოძრაობის თეზისი. რუსულ გ-ურ აზროვნებაში უკანასკნელ დროს განსაკუთრებით პოპულარულია ევრაზიანიზმის თეორია. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა ლიბერალიზაციას მოჰყვა მსოფლიო პოლიტიკაზე სამხედრო ფაქტორის განმსაზღვრელი როლის შედარებით შესუსტება და წინა პლანზე წამოიწია ეკონომიკური კეთილდღეობისა და სახელმწიფოთა კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების ფაქტორებმა. ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი დაასკვნის, რომ გ. იცვლება გეოეკონომიკითა და გეოინფორმაციით. თუმცა კომპოზიტის დასაწყისი ნაწილი „გეო“ მიგვანიშნებს, რომ გეოგრაფიულ ფაქტორს კვლავ დიდი როლი აკისრია თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. geopolitics

Gk. ge მიწა + politike სახელმწიფოს მართვის ხელოვნება

1. მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე აღმოცენებული პოლიტიკური კონცეფცია, რომლის მიხედვით სახელმწიფოს პოლიტიკა (უპირატესად საგარეო) წინასწარ განსაზღვრულია გეოგრაფიული ფაქტორებით (ქვეყნის ადგილმდებარეობა, ბუნებრივი რესურსები, კლიმატი და ა.შ.);

2. გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებაზე დაფუძნებული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……