დაკვირვება

დაკვირვება

ფართო მნიშვნელობით, სამყაროს შემეცნების ხერხი. ყოველდღიური, ჩვეულებრივი დ. ადამიანებს გარე სამყაროს შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს. მეცნიერული დ. მიმართულია გარკვეული მიზნის მისაღწევად – გამოკვლევის ამოცანების გადაწყვეტისათვის აუციელებელი სპეციფიკური ინფორმაციის მისაღებად. მას ახასიათებს სისტემატურობა, გეგმაზომიერება და კონტროლი. დ. როგორც ინფორმაციის შეგროვების მეთოდი, მრავალ მეცნიერებაში გამოიყენება (როგორც საბუნებისმეტყველო, ისე სოციალურ მეცნიერებებში). სოციალურ მეცნიერებებში დ–დ ითვლება ნებისმიერი საველე პროცედურა (გამოკითხვა, დოკუმენტური მონაცემების შეგროვება, ვიზუალური დ.), რომელიც ინფორმაციის მიღების პირდაპირი, უშუალო გზაა. სოციოლოგიაში დ. პირველადი სოციალური მონაცემების მოპოვების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია. მისი საშუალებით ხდება შესასწავლი ობიექტის უშუალო აღქმა და გამოკვლევის მიზნებისათვის მნიშვნელობის მქონე სოციალური ფაქტების (დ–ის ერთეულების) პირდაპირი რეგისტრაცია. პირველადი საველე (ან ლაბორატორიული) დოკუმენტია დ–ის დღიური, სადაც ხდება როგორც ჩვეულებრივი, ისე ექსტრემალური სიტუაციების დაფიქსირება (რეგისტრაცია). დ–ის მეთოდის გამოყენების სფერო ძალიან ფართოა. დ. შესაძლებელია ადამიანთა პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებულ მოვლენებსა და ცვლილებების ხილულ, გარეგან ნიშნებზე. იგი სხვადასხვა სიტუაციაში ცალკეული პირებისა და ჯგუფების ქცევის, კომუნიკაციის პროცესში საუბრის შინაარსის, მეტყველების ხასიათის, მიმიკისა და ჟესტების შესწავლისა და ანალიზის საშუალებას იძლევა. დ–ის მეთოდის ერთ–ერთი უპირატესობა ისაა, რომ გარკვეული ინდივიდების, ჯგუფების მოქმედებების რეგისტრირება ხდება მათი განხორციელების დროს, ასევე შესაძლებელია იმ მოვლენების დაფიქსირება, რომლებიც გამოკვლევის ჩატარების დროს ხდება. დ–ის ობიექტი შეიძლება იყოს საზოგადოება, სოციალური ერთობა, ჯგუფი, ინდივიდი, სოციალური პროცესები, მოვლენები, მოქმედებები. სოციოლოგიურ გამოკვლევებში დ. გამოიყენება როგორც დამოუკიდებელ, ისე დამხმარე მეთოდად. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას სამუშაო ჰიპოთეზების შემუშავებისა და მათი შემოწმების, აგრეთვე სხვა მეთოდებით მიღებული ინფორმაციის დაზუსტებისა და დამატებითი მონაცემების მოპოვების მიზნით. როგორც დაზვერვით, ისე ანალიტიკურ ფა ექსპერიმენტულ გამოკვლევებში დ. ინფორამციის შეგროვების მნიშვნელოვანი მეთოდია. არსებობს დ–ის მეთოდის სხვადასხვა სახე. დ
–ის კლასიფიკაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეიძლება: I. ფორმალიზაციის ხარისხის მიხედვით: 1. ფორმალიზებული (კონტროლირებული, სტანდარტიზებული, სტრუქტურიზებული – ყველა ეს ტერმინი ფორმალიზებულის სინონიმია), 2. არაფორმალიზებული (არაკონტროლირებული, არასტანდარტიზირებული, არასტრუქტურიზებული), 3. ნახევრად ფორმალიზებული; II. ჩატარების ადგილის მიხედვით: 1. საველე, 2. ლაბორატორიული, 3. ლაბორატორიულ–საველე; III. დაკვირვების დროის რეგლამენტაციის მიხედვით: 1. სისტემატური და 2. არასისტემატური (ხანმოკლე). (თავის მხრივ, არასისტემატური დ. იყოფა ეპიზოდურ და შემთხვევით დ–ად ); IV. მკვლევარის მონაწილეობის ფორმის (პოზიციის) მიხედვით: 1. ჩართული (მონაწილე, დ. შიგნიდან) და 2. ჩაურთველი (დ. გარედან). ჩართული (მონაწილე) დ–ის სახეებია: გამჟღავნებული (ღია) და გაუმჟღავნებელი (ინკოგნიტო, ანონიმური). გარედან დ–იც შეიძლება იყოს გამჟღავნებული ან ინკოგნიტო. ზოგი სოციოლოგი დ–ის ცალკე სახედ მიიჩნევს თვითდაკვირვებას. თვისებრივ სოციოლოგიაში დ–ს ხშირად საველე გამოკვლევას უწოდებენ. ტრადიციულ სოციოლოგიასა და თვისებრივ სოციოლოგიაში დ–ის მეთოდით მონაცემების შეგროვების პროცედურა და გამოკვლევის ჩატარების პრინციპები დიდად არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება ორ მიდგომას (რაოდენობრივსა და თვისებრივს) შორის ისაა, რომ თვისებრივი მიდგომის დროს ხდება ნომინალური (აღწერითი, არარაოდენობრივი) მახასიათებლების ფიქსირება და ობიექტის უფრო ბუნებრივი, არასტრუქტურული განხილვა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……