დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა

E. Commonwealth of Independent States

მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 8.XII.1991 რუსეთის ფედერაციის, ბელორუსისა და უკრაინის მიერ ქ. მინსკში (ბელორუსი) ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე. იმავე წლის 21 დეკემბერს ალმა-ათაში ხელმოწერილ იქნა ოქმი, რომლითაც სომხეთი, ყაზახეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი შეუერთდნენ ბელოვეჟის შეთანხმებას; მიღებულ იქნა, აგრეთვე, ალმა-ათის დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია, რომ „დსთ არ არის არც სახელმწიფო, არც ზესახელმწიფოებრივი წარმონაქმნი“ და რომ იგი ეყრდნობა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს; რომ დსთ არც საერთაშორისო ორგანიზაციაა, იგი სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირია, რომლის ორგანოებს მაკოორდინირებელი ფუნქციები აქვთ და მათი გადაწყვეტილება სავალდებულოა მხოლოდ იმ მონაწილისათვის, რომელიც ეთანხმება მას. საქართველო დსთ-ს 9.XII.1993 შეუერთდა. ინსტიტუტების მეშვეობით, რომელთა შორის ძირითადი ორგანოებია: სახელმწიფოთა მეთაურების საბჭო, მთავრობათა მეთაურების საბჭო, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო, სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური კომიტეტი, სასაზღვრო ჯარების სარდლების საბჭო, აღმასრულებელი სამდივნო, ეკონომიკური სასამართლო, საპარლამენტთაშორისო ასამბლეა. ამას გარდა, დსთ-ს წესდებისა და შეთანხმების საფუძველზე დაფუძნებულია დარგობრივი თანამშრომლობის ორგანოები ეკონომიკის, სოციალურ და სხვა სფეროებში, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა ხელმძღვანელები. აჟამად დსთ-ს აქვს 54 ასეთი ორგანო, რომლებიც შექმნეს სამინისტროებმა და უწყებებმა კონკრეტული პრაქტიკული მიზნებით. სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში შექმნილია 38 დარგობრივი საბჭო და კომიტეტი. საწესდებო ორგანოებსა და მათ სამუშაო აპარატში დასაქმებულია 850-ზე მეტი, ხოლო დარგობრივ ორგანოებში – 500-ზე მეტი კაცი \nსახელმწიფო მეთაურების, მთავრობათა მეთაურების, საგარეო საქმეთა მინისტრების საჭიროებისა და 6 დარგობრივი ორგანოს მუშა აპარატის ფუნქციებს ასრულებდა აღმასრულებელი სამდივნო, 11 დარგობრივი ორგანოსას – სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური კომიტეტი, 7 დარგობრივი ორგანოსას კი – თავმჯდომარე ქვეყნების სხვადასხვა უწყებები. საწესდებო ორგანოების შექმნის დღიდან თითქმის ყველა ორგანოში თავმჯდომარეობდა რუსეთის ფედერაცია და მხოლოდ 1998 წლის ოქტომბერში მოსკოვის სამიტმა თანამეგობრობის მთავრობათა მეთაურების საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად რეკომენდაცია გაუწია უზბეკეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს. დაარსების დღიდან დსთ-ის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭომ და მთავრობათა მეთაურების საბჭომ განიხილეს და მიიღეს 1000-ზე მეტი დოკუმენტი. წლების განმავლობაში დსთ-ის გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობამ, განსაკუთრებით აგრესიულ სეპარატიზმთან ბრძოლის სფეროში, საფრთხის წინაშე დააყენა მისი არსებობა. დსთ-ის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურებმა 1998 წლის კიშინიოვისა და მოსკოვის სამიტებზე მიიღეს გადაწყვეტილება – თანამეგობრობის ორგანოების ძირეული რეფორმებისა და მისი ეფექტიანობის ხარისხობრივი დონის ამაღლების მიზნით გამართულიყო სპეციალური სახელმწიფოთაშორისი ფორუმი, სადაც დაისვა ორი გლობალური საკითხი: არსებული სტრუქტურების კარდინალური რეორგანიზაცია და თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა. სახელმწიფოთა მეთაურებს შესთავაზეს თანამეგობრობის ახალი მოდელი, რომელიც დსთ-ის მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტთა უმრავლესობამ მოიწონა. დსთ-ის სახელმწიფო მეთაურების საბჭომ 2.IV.1999 მიიღო გადაწყვეტილება თანამეგობრობის ორგანოების რეფორმებისა და სრულყოფის შესახებ. ამ გადაწყვეტილების თანახმად, აღმასრულებელი სამდივნო, სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი დარგობრივი ორგანოების მუშა აპარატი გარდაიქმნა დსთ-ის აღმასრულებელ კომიტეტად, რომელიც თანამეგობრობის ერთადერთ მუდმივმოქმედ აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ და მაკოორდინირებელ ორგანოდ იქცა.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……