დიდი შვიდეული

დიდი შვიდეული

პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოების ჯგუფის სახელწოდება. დ.შ-ის წევრები არიან აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა. ჯგუფის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურად ხვდებიან ერთმანეთს სამიტზე, სადაც განიხილება მსოფლიოს ძირითადი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები და იგეგმება მათი გადაჭრის ერთობლივი ღონისძიებები. წამყვან სახელმწიფოთა პირველი სამიტი გაიმართა 1975 წელს რამბუიეში (საფრანგეთი). მაშინ დამკვიდრდა ტერმინი „დიდი ექვსეული“, რადგან ამ პირველ შეხვედრაზე კანადა არ იყო მიწვეული. მეორე სამიტზე, ექვსეულისათვის კანადის შემატების შემდეგ, იგი დ. შ-ად იქცა. 1977 წლიდან დ.შ-ის სამიტებზე იმ საკითხების განხილვისას, რომლებიც მსოფლიო ვაჭრობასა და საფინანსო ურთიეთობებს ეხება, მონაწილეობს ევროკავშირი (ყოფილი „საერთო ბაზარი“) როგორც ცალკე წევრი. საბჭოთა კავშირის დაშლამ და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმების დამხობამ ცვლილებები შეიტანა დ.შ-ს სტრატეგიაში. რუსეთისათვის ეკონომიკური დახმარების გაწევა, მისი გადაქცევა საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად, მისი აქტიური დაკავშირება მსოფლიო ბანაკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, აგრეთვე ამ ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის მხარდაჭერა დ.შ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მნიზანი გახდა. ამით აიხსნება, რომ უკანასკნელ წლებში რუსეთი, როგორც ცალკე წევრი, მონაწილეობდა დ.შ-ის უმაღლესი დონის ყველა შეხვედრაში. ამიტომ დ.შ. უკვე გადაიქცა „დიდ რვიანად“ და ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ სახელით მოიხსენიება.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……