დისკრეციული უფლებამოსილება

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

აღმასრულებელი  ხელისუფლების  ძირითადი  ფუნქცია  სამართალგამოყენებითი,  ნორმათშეფარდებითი  საქმიანობაა.  მმართველობის  ორგანოების  კანონიერების  პრინციპიდან  გამომდინარე,  ადმინისტრაციული  ორგანოს  ქმედების  ფარგლებს  ქმნის  ის  ნორმატიული  აქტი,  რომლის  აღსრულებასაც  ეს  ქმედება  ისახავს  მიზნად.  სამართლის  ნორმა  ორი  ნაწილისგან  შედგება:  ნორმის  ამოქმედების  წინაპირობები  და  სამართლებრივი  შედეგები.  სამართლის  შეფარდება  –  სუბსუმცია  სამართლის  სათანადო  ნორმების  მოძიებასა  და  ფაქტობრივ  გარემოებებთან  მათი  შესაბამისობის  დადგენას  გულისხმობს,  რის  შედეგადაც  შესაძლებელია  სამართლებრივი  შედეგების  განსაზღვრა.  ადმინისტრაციული  ორგანოს  დისკრეციული  უფლებამოსილება  მაშინ  გვაქვს  სახეზე,  როდესაც  სამართლის  ნორმის  ფაქტობრივი  შემადგენლობისა  და  ფაქტების  შესაბამისობის  დადგენის  შემთხვევაში  მას  რჩება  შესაძლებლობა,  აირჩიოს  მისაღები  ღონისძიება.  ასეთ  შემთხვევაში  კანონი  ერთ  კონკრეტულ  სამართლებრივ  შედეგს  კი  არ  განსაზღვრავს,  არამედ  ადმინისტრაციულ  ორგანოს  ანიჭებს  უფლებამოსილებას,  თავად  განსაზღვროს  სამართლებრივი  შედეგები  იმდენად,  რამდენადაც  ორ  ან  რამენიმე  შესაძლო  სამართლებრივ  შედეგებს  ადგენს  და  აძლევს  შესაძლებლობას,  აირჩიოს  ყველაზე  მისაღები  საშუალება.  ადმინისტრაციული  ორგანოს  დისკრეციულმა  უფლებამოსილებამ  შეიძლება  მოიცვას  ადმინისტრაციული  ორგანოს  არჩევანის  შესაძლებლობა,  განახორციელოს  თუ  არა  რაიმე  ღონისძიება  კონკრეტულ  შემთხვევაში  ან  რომელი  ღნისძიება  გამოიყენოს.  პოლიციის  დისკრეციულ  უფლებამოსილებას  წარმოადგენს  ადმინისტრაციული  ორგანოსთვის  შეტყობინების  გარეშე  ჩატარებული  დემონსტრაცია  და  იგი  მხოლოდ  მაშინ  ხდება  ვალდებული,  გაატაროს  სათანადო  ღონისძიება,  თუ  საფრთხე  დაემუქრა  საზოგადოებრივ  წესრიგსა  და  უშიშროებას.  თუ  ეს  სახეზე  არ  გვაქვს,  პოლიციას  აქვს  არჩევნის  უფლება,  რაც  გულისხმობს  მისაღები  ღონისძიების  ერთ-ერთი  სახის  არჩევის  შესაძლებლობას  –  დაშალოს  თუ  არა  დემონსტრაცია.  არჩევანის  თავისუფლება  გვაქვს  სახეზე,  თუ  კანონი  ადგენს  დამრღვევის  მიმართ  ჯარიმის  დაკისრების  შესაძლებლობას  და  ადგენს  თანხის  მინიმალურ  და  მაქსიმალურ  ოდენობას.  ამ  შემთხვევაში  ადმინისტრაციული  ორგანო  თავად  იღებს  გადაწყვეტილებას  ჯარიმის  ოდენობაზე.

ადმინისტრაციული  ორგანოს  დისკრეციულ  უფლებამოსილებას  ადგენს  კანონმდებელი.  ყოველ  კონკრეტულ  შემთხვევაში  აუცილებელია  სამართლის  ნორმის  შინარსის  გარკვევა.  კანონის  ტექსტში  ადმინისტრაციული  ორგანოს  დისკრეციული  უფლებამოსილება  გამოიხატება  სიტყვებით  ‘უფლება  აქვს’,  ‘შეუძლია’.  პირიქით,  როდესაც  იგი  იყენებს  სიტყვებს  ‘ვალდებულია’,  ‘უფლება  არ  აქვს’,  დისკრეციული  უფლებამოსილება  გამორიცხულია.  დისკრეციული  უფლებამოსილება  ადმინისტრაციულ  ორგანოს  აძლევს  შესაძლებლობას,  მიიღოს  გადაწყვეტილება  საკუთარი  პასუხისმგებლობით.  ის  ემსახურება  კონკრეტულ  შემთხვევაში  სამართლიანი  გადაწყვეტილების  მიღების  მიზანს  კანონის  ნორმის  მიზნებისა  და  კონკრეტული  გარემოებების  გადაწყვეტილებით.  ადმინისტრაციულმა  ორგანომ  უნდა  გაიაზროს,  თუ  რა  მიზნის  მისაღწევად  აქვს  მინიჭებული  ეს  უფლებამოსილება,  რომელი  ფაქტობრივი  გარემოებები  უნდა  გაითვალისწინოს  და  მხოლოდ  ამის  შემდეგ  მიიღოს  გადაწყვეტილება.

დისკრეციული  უფლებამოსილების  განხორციელების  პროცესში  უდიდესი  მნიშვნელობა  ენიჭება  საჯარო  და  კერძო  ინტერესების  პროპორციულობის  პრინციპს.  ცალკე  აღებული  რომელიმე  ინტერესისთვის  უპირატესობის  მინიჭება  დაუშვებელია.  საჯარო  ინტერესების  გათვალისწინებით  გამოცემული  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტით  პირის  კანონით  დაცული  უფლებებისა  და  ინტერესებისთვის  მიყენებული  ზიანი  არსებითად  არ  უნდა  აღემატებოდეს  საჯარო  ინტერესებისთვის  მიყენებულ  სიკეთეს,  გამოყენებულ  უნდა  იქნას  პირის  კანონიერი  უფლებისთვის  ყველაზე  ნაკლები  ზიანის  მიმყენებელი  საშუალება.  არჩეულმა  ღონისძიებამ  არ  შეიძლება  გამოიწვიოს  პირის  კანონიერი  უფლებისა  და  ინტერესების  დაუსაბუთებელი  შეზღუდვა,  ანუ  მიზნის  მიღწევის  საშუალება  უნდა  შეესაბამებოდეს  მიზანს.  როდესაც  ადმინისტრაციული  ორგანო    არ  უწევს  ანგარიშს  კანონმდებლის  მიერ  მისთვის  მინიჭებული  მოქმედების  თავისუფალ  სივრცეს,  მის  მიერ  განხორციელებული  მოქმედება  უკანონოა  და  სახეზე  გვაქვს  შეცდომა  დისკრეციული  უფლებამოსილების  განხორციელებაში,  რომელიც  ძირითადად  სამ  შემთხვევაში  დგება:

1.  ადმინისტრაციული  ორგანო  არ  იყენებს  მისთვის  მინიჭებულ  დისკრეციულ  უფლებამოსილებას,  ის  უშვებს  შეცდომას  და  მის  მიერ  განხორციელებული  ღონისძიება  ხდება  უკანონო

2.  ადმინისტრაციული  ორგანო  სცილდება  მისი  დისკრეციული  უფლებამოსილებების  ფარგლებს  და  ახორციელებს  ისეთ  ღონისძიებას,  რომელიც  კანონით  არ  არის  გათვალისწინებული.  სახეზეა  უკანონო  მმართველობითი  საქმიანობა  (60  ლარით  დაჯარიმება,  როცა  გათვალისწინებულია  10-50  ლარი)

3.  ადმინისტრაციული  ორგანო  ანგარიშს  არ  უწევს  კანონის  ნორმის  მიზნებს  და  არ  იყენებს  მისთვის  მინიჭებულ  დისკრეციულ  უფლებამოსილებას  იმ  მიზნისთვის,  რაც  კანონმდებელმა  მასში  ჩადო.  სახეზეა  უკანონო  მმართველობითი  საქმიანობა  –  შეცდომა  დისკრეციული  უფლებამოსილების  განხორციელებაში.