დიუის განათლების კონცეფცია

დიუის განათლების კონცეფცია

ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი ჯონ დიუი (Dewey, 1859-1952) არის პროგრესული განათლების პრინციპების აქტიური იდეოლოგი. მისი განათლების კონცეფცია ეფუძნება ორ ძირითად ამოსავალს: (1) განათლება უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას, რადგან გამოცდილება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის მომავალს და (2) განათლება სოციალური ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს, რადგან სწორედ იდეებისა და გამოცდილების გაზიარებით მიიღწევა სოციალური პროგრესი. განათლებაში დიუის გავლენამ გამოხატულება ჰპოვა გამოცდილებითი განათლების კონცეფციაში. ამ კონცეფციის მიხედვით, განათლება გამოცდილების განვითარებაა. ტრადიციულ სკოლაში მოსწავლეები იღებენ გამოცდილებას, მაგრამ არ შეუძლიათ მისი დაკავშირება მომავალთან, მისი ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოყენება. გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლების ძირითადი პრობლემაა ისეთი აწმყო გამოცდილების შერჩევა, რომელიც ნაყოფიერად და შემოქმედებითად აამოქმედებს მოსწავლეს. შესაბამისად, საჭიროა ახალი განათლებისათვის შესაფერისი მასალების, მეთოდებისა და სოციალური ურთიერთობების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფენ განათლების თანმიმდევრულ უწყვეტობას და განგრძობითობას. თითოეული გამოცდილება, რომელსაც ადამიანი შეიძენს, ცვლის მას, როგორც ამ გამოცდილებაში მონაწილეს და მომდევნო გამოცდილებაში რაღაცით შეცვლილი, განსხვავებული ადამიანი გადადის. ადამიანის ყოველი გამოცდილება მისი განვითარების მამოძრავებელი ძალაა. იგი გავლენას ახდენს სურვილების, მიზნების და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე. პედაგოგის მოვალეობაა სათანადოდ შეაფასოს რა მიმართულებით ვითარდება ახალგაზრდის გამოცდილება, რა დამოკიდებულებები და ტენდენციები უყალიბდება მას, რათა განასხვავოს, მათ შორის რომელია შემდგომი ზრდისთვის ხელშემწყობი და რომელი – საზიანო. ამისათვის კი მას უნდა ჰქონდეს მოსწავლეთა გაგების უნარი და მათ მიმართ კეთილგანწყობილი უნდა იყოს. ამავდროულად, პედაგოგებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორი გარემო უწყობს ხელს სამომავლო ზრდისა და განვითარებისთვის ხელსაყრელი გამოცდილების შეძენას და როგორ გამოიყენონ არსებული ფიზიკური და სოციალური გარემო ამ მიზნებისთვის. უფრო მეტიც, საჭიროა შეიქმნას განათლების ისეთი სისტემა, რომელიც ობიექტურ პირობებს სისტემატურად დაუქვემდებარებს ინდივიდთა „შიდა,“ სუბიექტურ პირობებს, ანუ მასწავლებელი, წიგნი, სასწავლო ინვენტარი მოემსახურება მოზარდთა უშუალო მიდრეკილებების გამოვლენასა და განვითარებას.

ამრიგად, მასწავლებელმა სწორად უნდა განსაზღვროს ის გარემო, რომელიც ეფექტურ ურთიერთქმედებაში მოვა მოსწავლეთა კომპეტენციასთან და მოთხოვნილებებთან, რაც ხელს შეუწყობს ღირებული გამოცდილების დაგროვებას. სწავლების მეთოდების შერჩევა უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, თუ რა სარგებლობას მოუტანს იგი კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადამიანს.

ამავდროულად, პედაგოგის მოვალეობაა თითოეული ინდივიდის და საგნის ცოდნის საფუძველზე შეარჩიოს ისეთი სასწავლო ჯგუფური აქტივობები, რომელშიც ყველა ინდივიდს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს და რომელშიც ყველა მოსწავლე ერთად მონაწილეობს. ამ სიტუაციაში მასწავლებელს ეკისრება პასუხისმგებლობა ისე წარმართოს მოსწავლეთა ურთიერთობები, რომ შესაძლებელი გახდეს ჯგუფის, როგორც ერთი ორგანიზმის, მუშაობა. ამგვარად, მასწავლებელი ჯგუფური საქმიანობის ლიდერის ფუნქციას იძენს. მეორე მხრივ, აზროვნების და პიროვნების განვითარებისათვის მეტად მიშვნელოვანია გარკვეული თავისუფლების ხარისხი, რომელიც მოსწავლეებს განუვითარებს მიზნების დასახვისა და ამ მიზნების განხორციელების უნარებს. დიუის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია თავისუფლების გარეგნული მხარეც. კერძოდ, ფიზიკური თავისუფლება, რადგან მხოლოდ ფიზიკურად თავისუფალ გარემოში არის შესაძლებელი მოსწავლეებმა გამოავლინონ თავისი ნამდვილი ბუნება, ხოლო სიჩუმე და უსიტყვო მორჩილება ხელს უშლის მასწავლებელს გაიცნოს მოსწავლეები.

ამგვარად, გამოცდილებითი განათლების ერთ-ერთი მთავარი იდეაა სასწავლო საქმიანობაში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა, რაც შესაძლებელია განხორციელდეს ე.წ. „კეთებით სწავლების“ და „სოციალური სწავლების“ დროს.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……