ევროპის კავშირის საბჭო (მინისტრების საბჭო)

ევროპის კავშირის საბჭო (მინისტრების საბჭო)

E. Council of the European Union (The Council)

ევროკავშირის საბჭო (შესაძლოა შეგვხვდეს როგორც საბჭო ან მინისტრების საბჭო) ევროკავშირში გადაწყვეტილებათა მიმღები მთავარი ორგანოა. იგი შედგება წევრ სახელმწიფოთა მინისტრებისაგან, რომელთაგან თითოეული პასუხისმგებელია დღის წესრიგით გათვალისწინებულ ცალკეულ საკითხზე, როგორიცაა, საგარეო პოლიტიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ტრანსპორტი და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს შემადგენლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კონკრეტულ საკითხს განიხილავს მოცემულ შეხვედრაზე, იგი მაინც ერთიანი ორგანოა. ევროპის კავშირის თითოეული წევრი სახელმწიფო რიგ-რიგობით ხდება საბჭოს და შესაბამისად კავშირის თავმჯდომარე. თავმჯდომარე ქვეყანა ექვს თვეში იცვლება. საბჭოზე მისაღებ გადაწყვეტილებებს ამზადებს კორეპერი – მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი, რომელთაც სამუშაო ჯგუფები ან მთავრობათა წარმომადგენლები ეხმარებიან. საბჭოს მუშაობას დახმარებას უწევს გენერალური სამდივნო. ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, საბჭოს გენერალური მდივანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელიცაა. მასთან ერთად მუშაობს გენერალური მდივნის მოადგილე, რომელიც ინიშნება საბჭოს მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. გენერალური მდივნის მოადგილე პასუხიმგებელია გენერალური სამდივნოს მუშაობაზე. საბჭოში გადაწყვეტილებებს ძირითადად ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით იღებენ. თანდათანობით გაფართოვდა იმ სფეროთა ნუსხა, რომელზეც გადაწყვეტილებები კვალიფიციური უმრავლესობით მიიღება. მოსალოდნელ გაფართოებასთან დაკავშირებით ბელგია, იტალია და საფრანგეთი მიინევდნენ, რომ მნიშვნელოვანია კვალიფიციური უმრავლესობის პროცედურის გავრცობა სხვა სფეროებზეც. ნიცის ხელშეკრულებით, რომელიც 2003 წელს შევიდა ძალაში და ძირითადად კავშირის აღმოსავლეთით გაფართოებისათვის ხელის შეწყობას ისახავს მიზნად, კიდევ უფრო გაიზარდა იმ სფეროთა რაოდენობა, რომლებზეც გადაწყვეტილებები კვალიფიციური უმრავლესობით მიიღება, კერძოდ, ევროკავშირის მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა (ევროგაერთიანების ხელშეკრულების მე -18 მუხლი), სამოქალაქო საკითხებზე სამართლებრივი თანამშრომლობა (ევროგაერთიანების ხელშეკრულების 65-ე მუხლი), საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება მომსახურების სფეროში (133-ე მუხლი), სამრეწველო პოლიტიკა (157-ე მუხლი), მესამე ქვეყნებთან ეკონომიკური, ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობა (მუხლი 181) და სხვ (სულ 27 სფერო). მინისტრების საბჭოში თითოეული სახელმწიფო ხმათა გარკვეულ რაოდენობას ფლობს. ნიცის ხელშეკრულების მიხედვით გაფართოების შემდეგ ხმათა რაოდენობები საბჭოში შემდეგნაირად განაწილდება: გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია – 29 ხმა, ესპანეთი, პოლონეთი – 27 ხმა, რუმინეთი – 14 ხმა, ნიდერლანდი – 13 ხმა, საბერძნეთი, ჩეხეთი, ბელგია, უნგრეთი, პორტუგალია – 12 ხმა, შვედეთი, ბულგარეთი, ავსტრია – 10 ხმა, სლოვაკეთი, დანია, ფინეთი, ირლანდია, ლიტვა – 7 ხმა, ლატვია, სლოვენია, ესტონეთი, კვიპროსი, ლუქსემბურგი – 4 ხმა, მალტა – 3 ხმა. საბჭოში ხმათა საერთო რაოდენობა 345-ს შეადგენს.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……