ევროპის პარლამენტი (ევროპარლამენტი)

ევროპის პარლამენტი (ევროპარლამენტი)

E. European Parliament

ევროპის პარლამენტი ევროკავშირის 370 მილიონი მოქალაქის 626 წარმომადგენელს აერთიანებს. 1979 წლიდან ტარდება ევროპარლამენტის პირდაპირი არჩევნები. მისი დღევანდელი შემადგენლობა აღმოსავლეთ ევროპისაკენ გაფართოების შემდეგ გაიზრდება, თუმცა, ნიცის ხელშეკრულების თანახმად, არ გადააჭარბებს 732 წევრს. ევროპარლამენტში თითოეული ქვეყნის წარმომადგენელთა რაოდენობა ამ ქვეყნის მოსახლეობის სიდიდეზეა დამოკიდებული. პარლამენტის წევრები ჯგუფდებიან არა ეროვნების, არამედ პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით, თუმცა ერთი ეროვნების პარალმეტარებსაც შეუძლიათ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, ოღონდ ამისთვის დეპუტატთა გარკვეული რაოდენობაა აუცილებელი. ევროპარლამენტს შემდეგი ძირითადი ფუნქციები აქვს: – იგი განიხილავს კომისიის წინადადებებს და საბჭოსთან ერთად მონაწილეობს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და საკანონმდებლო საქმიანობაში სხვადასხვა პროცედურის საშუალებით (თანამშრომლობის პროცედურა, თანაგადაწყვეტილების პროცედურა, თანხმობის პროცედურა); – იგი კონტროლს უწევს კავშირის საქმიანობას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, რაც კომისიის მთლიანი შემადგენლობის დამტკიცებისა და მისი დათხოვნის უფლებაშიც გამოიხატება. პარლამენტი რეგულარულად მიმართავს კომისიას და საბჭოს შეკითხვებით (როგორც წერილობით, ისე ზეპირად); – იგი საბჭოსთან ერთად ინაწილებს საბიუჯეტო უფლებამოსილებას ბიუჯეტის მიღებისა და განხორციელების საკითხში. იგი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ბიუჯეტის არასავალდებულო ხარჯებზე. გარდა ამისა, ევროპის პარლამენტი ნიშნავს ევროპის ომბუდსმენს, რომელსაც უფლება აქვს, ევროკავშირის მოქალაქეებისაგან მიიღოს საჩივრები, რომლებიც გაერთიანების ორგანოთა საქმიანობას შეეხება. ევროპის პარლამენტს უფლება აქვს ჩამოაყალიბოს დროებითი საგამოძიებო კომიტეტები, რომელთაც შეუძლიათ შეისწავლონ არა მხოლოდ გაერთიანების ორგანოთა საქმიანობა, არამედ წევრი სახელმწიფოების მიერ გაერთიანების პოლიტიკის განხორციელებაც. ამსტერდამის ხელშეკრულებამ საკანონმდებლო პროცედურა ბევრ სფეროში გაამარტივა თანამშრომლობის პროცედურის თანაგადაწყვეტილების პროცედურით შეცვლის გზით, რითაც გაიზარდა ევროპის პარალმენტის უფლებამოსილებები. თანამშრომლობის პროცედურა ჯერ კიდევ გამოიყენება ეკონომიკურ და სავალუტო კავშირთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელიც 1952 წელს შეიქმნა; თავიდან მას ერქვა ასამბლეა, ხოლო 1962 წლიდან – პარლამენტი; ესაა ევროკავშირის საკონსულტაციო და სარეკომენდაციო ორგანო. შედგება 600-ზე მეტი დეპუტატისაგან, რომლებსაც ირჩევენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ხუთი წლის ვადით. პარლამენტისა და მისი ორგანოების საქმიანობას წარმართავს პარლამენტის პრეზიდიუმი, რომელიც შედგება თავმჯდომარისა და მისი 14 მოადგილისაგან. ევროპის პარლამენტის ადგილსამყოფელია სტრასბურგი (საფრანგეთი).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……