ევროპის საბჭო

ევროპის საბჭო – Council of Europe  – ევროპის საბჭო დაარსდა1949 წელს, აერთიანებს 47 წევრ ქვეყანას. ევროპის საბჭო არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომლის მიზანია: ადამიანის უფლებების, პლურალისტური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა; ევროპის კულტურული თვითმყოფადობის და მრავალფეროვნების განვითარებისა და ამ სფეროში ცოდნის გავრცელების ხელშეწყობა; ევროპული საზოგადოების წინაშე მდგომ პრობლემათა (უმცირესობათა დისკრიმინაცია, ქსენოფობია, შეუწყნარებლობა, გარემოს დაცვა, ადამიანის კლონირება, შიდსი, ნარკოტიკები, ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული და ა.შ.) გადაწყვეტის გზების ძიება; პოლიტიკურ, საკანონმდებლო და კონსტიტუციურ რეფორმათა მხარდაჭერის გზით ევროპაში დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცება.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

2. ევროპის საბჭო (ევროსაბჭო)

E. Council of Europe

შეიქმნა 5.V.1949 ქ. ლონდონში დასავლეთ ევროპის ათი სახელმწიფოს (ბელგია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, იტალია ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, საფრანგეთი და შვედეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ამ ორგანიზაციის წესდების ხელმოწერის შედეგად. 1949-70 წლებში ორგანიზაციაში გაწევრიანდა დასავლეთ ევროპის კიდევ 8 სახელმწიფო. 1990 წლამდე ეს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა გაერთიანებად რჩებოდა. 1989 წელს მან შემოიღო ქვეყნებისათვის სპეციალური სტუმრის სტატუსის მინიჭების ინსტიტუტი, როთაც ხელი შეუწყო ამ ორგანიზაციის არაწევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის დამყარებას. პოსტკომუნისტურ სივრცეში განვითარებულმა პროცესებმა ეს-ს წევრთა შემადგენლობაზეც იქონია გავლენა. ქ. ვენაში 8-9.X. 1993 ჩატარდა ეს-ს წევრი სახელმწიფოების სამიტი, სადაც ოფიციალურად დადასტურდა ამ ორგანიზაციის გაფართოების პოლიტიკა: მასში გაწევრიანდა ყოფილი სოციალისტური ბანაკის მრავალი სახელმწიფო.

დღეისთვის დამფუძნებელი 10 სახელმწიფოს გარდა, საბჭოს წევრია კიდევ 36 სახელმწიფო: თურქეთი, საბერძნეთი (1949), გერმანია, ისლანდია (1950), ავსტრია (1956), კვიპროსი (1961), შვეიცარია (1963), მალტა (1965), პორტუგალია (1976), ესპანეთი (1977), ლიხტენშტაინი (1978), სან-მარინო (1988), ფინეთი (1989), უნგრეთი (1980), პოლონეთი (1991), ბულგარეთი (1992), ესტონეთი, ლიტვა რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი (1993), ანდორა (1994), ალბანეთი, ლატვია, მაკედონია, მოლდოვა, უკრაინა (1995), რუსეთი, ხორვატია (1996), საქართველო (1999), აზერბაიჯანი და სომხეთი (2001), ბოსნია და ჰერცეგოვინა (2002), სერბია და მონტენეგრო (2004), მონაკო (2004), ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს ეს-ს წევრი. თუ საბჭო დარწმუნდება, რომ ამ სახელმწიფოში დაცულია სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.

ეს – არის საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია (იხ. საერთაშორისო ორგანიზაციები), რომლის მიზანია: ადამიანის უფლებათა, პლურალისტური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა: ევროპული კულტურის თვითმყოფადობის აღქმისა და განვითარებისათის ხელშეწყობა: ევროპის თანამეგობრობის წინაშე მგდგარი პრობლემების (ეროვნული უმცირესობის დაცვა, ბრძოლა ქსენოფობიის, შეუწყნარებლობის, გარემოს დაუცველობის, ადამიანის კლონირების, შიდსის, ორგანიზაბული დანაშაულის წინააღმდეგ და ა. შ.) გადაწყვეტის ერთობლივი გზების ძიება; პოლიტიკური, საკანონმდებლო და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერის გზით ევროპაში დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცება. ეს განიხილავს ევროპის თანამეგობრობის ყველა უმნიშვნელოვანეს საკითხს, გარდა თავდაცვის საკითხებისა. მისი მოქმედების პროგრამა მოიცავს ისეთ ძირითად სფეროებს, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, თანამშრომლობა სამართლებრივ დარგში, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა, ადგილობრივი დემოკრატია, და საზღვრისპირა თანამშრომლობა, გარემოს დაცვა და რეგიონალური დაგეგმარება. ეს-ს ორგანოებია:

1. მინისტრთა კომიტეტი – ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც შედგება ამ ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისაგან (ან მუდმივი წარმომადგენლებისაგან) ევროპის საბჭოში. კომიტეტი იხილავს და ამტკიცებს ბიუჯეტს, გამოაქვს გადაწყვეტილება ახალი წევრების მიღების შესახებ, განსაზღვრავს ორგანიზაციის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს;

2. საპარლამენტი ასამბლეა – ევროპული პარლამენტების წევრთა ფორუმი, რომელიც იხილავს საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საერთაშორისო პოლიტიკის საკვანძო საკითხებს.ეს-ს წევრ ყველა სახელმწიფოს საპარლამენტო ასამბლეაში ჰყავს ეროვნულ პარლამენტში მყოფი ძირითადი პოლიტიკური პარტიებისა და მეგობრობათა წარმომადგენლები (ამჟამად დაახლოებით 600 დეპუტატი). ასამბლეა იკრიბება პლენარულ სხდომებზე წელიწადში ოთხჯერ;

3. ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესი – იგი შედგება ეს-ს წევრი სახელმწიფოების ადგილობრივი ხელისუფლების პალატისა და რეგიონების პალატისაგან. იკრიბება წელიწადში ერთხელ ქ. სტრასბურგში. კონგრესის ძირითადი ამოცანაა, განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტების დერგვა და განითარება ადგილებზე;

4. სამდივნო – იგი ტექნიკურ დახმარებას უწევს ეს-ს ძირითად მთავარ ორგანოს, მის მრავალ კომისიას. შედგება დაახლოებით 1300 თანამშრომლისაგან. სამდივნოს სათავეში უდგას გენერალური მდივანი, რომელსაც ირჩევს საპარლამენტო ასამბლეა;

ეს-მ შეიმუშავა მრავალი ფუძემდებლური საერთაშორისო კონვენცია, რომელთაგან ზოგიერთი წინ უსწრებდა გაეროს სისტემაში მიმდინარე პროცესებს. ასეთია, მაგალითად, ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ (1950), რომელშიც მოგვიანებით შეტანილ იქნა მნიშვნლოვანი დამატებები კონვენციის 12 ოქმის სახით. ასევე აღსანიშნავია ევროპის სოციალური ქარტია, რომელიც მიღებულ იქნა 1961 წელს, ხოლო 1996 წელს მიღებულ იქნა მისი გადასინჯული ტექსტი. დღეისათის ეს-ს სულ მიღებული აქვს 170-ზე მეტი დოკუმენტი, რომლებიც ეხება ეროვნულ უმცირესობებს, რეგიონალურ ენებს, არჩევნების დემოკრატიზხაციას, წამების აკრძალვას და სხვ.

ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

საქართველოს ეს-ში მიღებისას ხელშეკრულებით დაეკისრა ვალდებულებათა მთელი რიგის, შესრულება, რომლის რეალიზაციის შემოწმება მონიტორინგის მექანიზმით ხორციელდება. ეს ჯგუფი სისტემატიურად ჩამოდის საქართველოში და ადგილზე სწავლობს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას.

See also: ევროპის სოციალური ქარტია

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

E. Council of Europe

ევროპის საბჭო სამთავრობათშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც შემდეგი მიზნები აქვს: 1) ადამიანის უფლებების, პლურალისტური დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვა; 2) ევროპის კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება, ევროპული კულტურის განვითარება; 3) ევროპული საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემათა გადაწყვეტის გზების ძიება (უმცირესობათა დისკრიმინაცია, ქსენოფობია, შეუწყნარებლობა, გარემოს დაცვა, კლონირება, შიდსი, ნარკოტიკები, ორგანიზებული დანაშაული და სხვა). ევროპის საბჭო არ უნდა აგვერიოს ევროკავშირთან, რომელიც თვისობრივად და ინტიტუციურად განსხვავებული ორგანიზაციაა, თუმცა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრიცაა. ევროპის საბჭოში დღეს 45 წევრია გაერთიანებული. საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანდა 1999 წელს. ევროპის საბჭოში გადაწყვეტილებები მიიღება მინისტრთა კომიტეტის მიერ. კომიტეტი წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისაგან ან მათი მუდმივი წარმომადგენლებისაგან შედგება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სათათბირო ორგანოა, რომლის მუშაობაში წევრი სახელმწიფოების პარლამენტების წევრები მონაწილეობენ. ევროპის საბჭოში ასევე შექმნილია ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობათა კონგრესი, რომელიც საკონსულტაციო ორგანოა და ევროპის რეგიონებს წარმოადგენს.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

ევროკავშირის (ევროპის თანამეგობრობის) ერთ-ერთი მთავარი ორგანო. შეიქმნა 1949 წელს. თავდაპირველად მისი წევრები იყვნენ ბელგია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, საფრანგეთი, შვეცია. ამჟამად ევროსაბჭო ორმოცზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველო ევროსაბჭოს 41-ე წევრია 1999 წლის აპრილიდან. ევროსაბჭოს წესდების თანახმად, ამ ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო, რომელიც ცნობს კანონის უზენაესობას, სადაც დაცული და გარანტირებულია ადამიანის უფლებები. ევროსაბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობასა და პრაქტიკულ ცხოვრებაში ადამიანის უფლებების დაცვის ექსპერტიზას და ამ სფეროში სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის უნიფიცირებას. ევროსაბჭოს მთავარი ორგანოებია მინისტრთა კომიტეტი და საკონსულტაციო ასამბლეა. ევროსაბჭოსთან მოქმედებენ ადამიანის უფლებათა ევროპის კომისია და ადამიანის უფლებათა ევროპის ტრიბუნალი. ევროსაბჭოს ძირითადი ორგანოები სტრასბურგშია (საფრანგეთი).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……