ეთნიკური წმენდა

ეთნიკური წმენდა

E. Ethnic cleansing

დეპორტაციის მსგავსად, ე.წ-ც საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან ადამიანთა ძალადობრივ გაძევებას გულისხმობს, მაგრამ მას თან ახლავს განსაკუთრებული სისასტიკე, მკვლელობები, წამება, გაუპატიურება და ადამიანის ღირსების დამამცირებელი სხვა ქმედებანი. ე.წ-ის საბოლოო მიზანია სახელმწიფოს ტერიტორიის გარკვეულ რაიონებში (მათ შორის ოკუპირებულში) მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა. ეს ტაქტიკა გამოიყენებოდა გერმანელი ნაცისტების მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ე.წ-ის მაგალითია სამოქალაქო ომი ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში. ამ ტაქტიკის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულის ამ ფორმას ეთნოციდისა და (ან) გენოციდის მსგავსი შედეგები მოაქვს შედარებით მცირერიცხოვანი მსხვერპლით.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ.: დასი, 1999 – 128გვ

E. Ethnic cleansing

ეროვნული, ეთნიკური, ენობრივი თუ რელიგიური ჯგუფის მიერ შემუშავებული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს, ამა თუ იმ გეოგრაფიული რაიონიდან განდევნოს სხვა ასეთი ჯგუფების სამოქალაქო მოსახლეობა ძალადობისა და ტერორის მეთოდების გამოყენებით (მკვლელობა, წამება, თვითნებური დაპატიმრება და დაკავება, გაუპატიურება და სხვა სექსუალური ხელყოფა, სამოქალაქო მოსახლეობის ძალმომრეობით განდევნა, გადაადგილება და დეპორტაცია, სამოქალაქო მოსახლეობისა და რაიონებზე მიზანმიმართული სამხედრო თავდასხმები თუ ამ თავდასხმების მუქარა, საკუთრების განადგურება). ეწ-ის პრაქტიკა აგრესიული სეპარატიზმის ძირითადი იარაღია და იგი გენოციდის სახეს იღებს, როგორც ეს მოხდა, მაგალითად ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, სადაც 1992 წელს სერბმა სეპარატისტებმა მუსლიმანების მიმართ, გაეროს გენერალური ასამბლეის შეფასებით, სწორედ ამ გზით განახორციელეს გენოციდი. ეთნიკური წმენდა ერთ-ერთი ყველაზე საშიში სახეობაა დანაშაულისა ადამიანურობის წინააღმდეგ, რომელიც საერთაშორისო მართლმსაჯულების იურისდიქციას განეკუთვნება: იგი იუგოსლავიის ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის გადაწყვეტილებებში ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად ფიგურირებს, რომლის გამოც მრავალი სერბი სეპარატისტი მიეცა პასუხისგებაში. ბოლო დროს იმავე ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა რამდენიმე ხორვატი და ბოსნიელი პირი. ეწ-ის სასტიკი გამოვლინებაა აფხაზ სეპარატისტთა ბარბაროსული ქმედებები, რომელთა შედეგად მოკლულია 10000-მდე სამოქალაქო პირი, ხოლო 250000-მდე ადამიანი განდევნილია მშობლიური კერიდან. ეს ქმედებები დაგმობილია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ეუთოს ლისაბონის სამიტმა 5.XII.1996 დაგმო ეთნიკური წმენდა, რომელსაც შედეგად მოჰყვა ძირითადად ქართველი მოსახლეობის მასობრივი მოსპობა და განდევნა აფხაზეთიდან. ასეთ პოზიციაზე დგანან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, ევროპის საბჭო, ევროკავშირი. რაც შეეხება გაეროს უშიშროების საბჭოს, იგი დღემდე თავს არიდებს ამ ფაქტის პირდაპირ დაფიქსირებას და ჯერჯერობით კმაყოფილდება მხოლოდ იმით, რომ ,,შეახსენებს“ საერთაშორისო თანამეგობრობას ბუდაპეშტისა და ლისაბონის სამიტების გადაწყვეტილებებს. უშიშროების საბჭოს ასეთი პოზიცია აიხსნება მასში წარმოდგენილ ძალთა პოზიციების განსხვავებით, რაც აფერხებს აფხაზ სეპარატისტთა მიმართ გაეროს წესდების VII თავის ამოქმედებას (მოქმედება მშვიდობისადმი საფრთხის, მშვიდობის დარღვევისა და აგრესიის აქტების მიმართ) და მხოლოდ VI თავის ფარგლებში (დავათა მშვიდობიანი გადაწყვეტა) აღწევს საბჭო ჯერჯერობით საერთო შეთანხმებას კონსენსუსის წესით.

See also: ბუდაპეშტის სამიტი, სისხლის სამართლის საეთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის თაობაზე

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

ეროვნული, ეთნიკური, ენობრივი თუ რელიგიური ჯგუფის მიერ შემუშავებული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ამა თუ იმ გეოგრაფიული რეგიონიდან განდევნოს სხვა ასეთი ჯგუფების სამოქალაქო მოსახლეობა ძალადობისა და ტერორის მეთოდების გამოყენებით (მკვლელობა, წამება, თვითნებური დაპატიმრება და დაკავება, გაუპატიურება და სხვა სექსუალური ძალადობა, სამოქალაქო მოსახლეობის ძალმომრეობით განდევნა, გადაადგილება და დეპორტაცია, სამოქალაქო მოსახლეობასა და და რაიონებზე მიზანმიმართული სამხედრო თავდასხმები თუ ამ თავდასხმებით მუქარა, და ა.შ.). ე.წ–ის პრაქტიკა გენოციდის სახეს იღებს ე.წ. ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ერთ–ერთი ყველაზე საშიში სახეობაა, რომელიც საერთაშორისო მართლმსაჯულების იურისდიქციას განეკუთვნება; იგი იუგოსლავიის ომის შესახებ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის გადაწყვეტილებებში ერთ–ერთი მთავარი ბრალდებაა, რის გამოც მრავალი სერბი სამხედრო თუ სახელმწიფო პირი მიეცა პასუხისგებაში. ბოლო დროს იმავე ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა რამდენიმე ხორვატი და ბოსნიელი პოლიტიკური მოღვაწეც. ე.წ–ის სასტიკი გამოვლინებაა აფხაზ სეპარატისტთა ქმედებები, რომელთა შედეგად მოკლულია 10000–მდე სამოქალაქო პირი, ხოლო 250000–მდე ადამიანი განდევნილია მშობლიური კერიდან. ეს ქმედებები დაგმეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

See also: დეპორტაცია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ.: ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ.; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……