ეკონომიკური სოციოლოგია

ეკონომიკური სოციოლოგია

განისაზღვრება როგორც სოციოლოგიური თეორიული მოდელებისა და ცვლადების გამოყენება იმ კომპლექსური საქმიანობის მიმართ, რომელიც დაკავშირებულია მწირი რესურსებისთვის კონკურენციის, წარმოების, დისტრიბუციისა და მოხმარების პროცესებთან. ე. ს–ის ფარგლებში ხდება სოციალური სამყაროს ეკონომიკურ და არაეკონომიკურ ასპექტებს შორის ურთიერთობის კვლევა. კლასიკური ეკონომიკური თეორია ეკონომიკასა და მის დინამიკას განიხილავს, როგორც მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კანონების სამყაროს. ეკონომიკა თანამედროვე საზოგადოების ყველაზე ავტონომიური სფეროა, რომელშიც ტრანსაქციების ხასიათს განსაზღვრავს რაციონალური კალკულაცია და ის ნაკლებად ექვემდებარება არაეკონომიკური ცვლადების ზეგავლენას. რაც შეეხება ეკონომიკისადმი სოციოლოგიურ მიდგომას, მისი ძირითადი მახასიათებელია „ეკონომიკური რაციონალობის“ ცვლადად მიჩნევა ადამიანების ინსტიტუციონალურ ცხოვრებაში და მისი ვარიაციების გამომწვევი ფაქტორების ანალიზი. ემპირიული ეკონომიკები ჩართულია როგორც ეკონომიკური, ასევე არაეკონომიკური ინსტიტუტების სისტემაში. მაგ., ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე რელიგია და პოლიტიკა ისეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორებია ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის, როგორც მონეტარული ინსტიტუტები. ეკონომიკური პროცესი სხვადასხვანაირადაა ინსტიტუირებული დროსა და სივრცეში. ე. ს–ის კვლევისადმი სოციოლოგიური მიდგომის ფუძემდებლებად მიიჩნევენ კ. მარქსს, ჯ. შუმპეტერს, მ. ვებერსა და ე. დიურკემს. ეკონომიკური და სხვა სოციალური ინსტიტუტების ურთიერთდამოკიდებულების კვლევაში მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება კ. პოლანის, ტ. პარსონსისა და ნ. სმელზერის შრომები. ეკონომიკური სოციოლოგიის წარმომადგენლები აკრიტიკებენ კლასიკური ეკონომიკური თეორიების არაისტორიულ მიდგომასა და ბაზისურ დაშვებებს. ერთ–ერთი ასეთი ბაზისური დაშვებაა ადამიანის გამარტივებული მოდელი – „ჰომო ეკონომიკუს“ (Homo Economicus). კლასიკური ეკონომიკური თეორიების წარმომადგენელთათვის ადამიანი ინსტრუმენტული, რაციონალური, მოგების მაქსიმიზაციაზე ორიენტირებული მატერიალისტია. აქვს რა ინფორმაცია ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ, იგი მოქმედებს სრულიად რაციონალურად. მ. ვებერმა ერთ–ერთმა პირველმა გაილაშქრა ასეთი მოდელის ისტორიულ უნივერსალიად გამოცხადების წინააღმდეგ. კ. პოლანის მიხედვით, იმ ეკონომიკების ფარგლებს გარეთ, რომელშიც თავისუფალი ბაზრებია დომინანტური, ფორმალური ეკონომიკური ანალიზი და კლასიკური ეკონომიკური თეორიების მოდელები (მათ შორის „ჰომო ეკონომიკუსი“) კარგავს თავის რელევანტურობას, როგორც ემპირიული ეკონომიკის შესწავლის მეთოდი. ე. ს–ის ფარგლებში შეისწავლება კულტურასთან, ძალაუფლებასთან და სხვა სოციალურ ინსტიტუტებთან დაკავშირებული ცვლადების ზეგავლენა ეკონომიკურ და საფინანსო ინსტიტუტებზე, ბიზნესის ორგანიზაციის ფორმებზე, გიგანტური კოორპორაციების ფუნქციონირებასა და მოსახლეობის ყოველდღიურ ეკონომიკურ ქცევაზე. XX ს–ის 60–იანი წლებიდან ხდება ე. ს–ის ფრაგმენტაცია ისეთი სპეციალური დარგების მიხედვით, როგორიცაა ინდუსტრიული სოციოლოგია, შრომის ბაზრის სოციოლოგია, მოხმარების სოციოლოგია, თავისუფალი დროის სოციოლოგია და ა.შ. თანამედროვე ე. ს–ის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სფეროა ე.წ. ქსელების (Net works) კვლევა. ქსელური მიდგომა გულისხმობს ინდივიდსა და მთელ ეკონომიკურ სისტემას შორის გამაშუალებელი ცვლადების აღწერასა და ანალიზს. მაგ., ქსელური ანალიზის საფუძველზე აღწერენ ეთნიკური ნიშნით ფორმირებულ ქსელების მიერ აშშ–ის ეკონომიკის განსხვავებული სეგმენტების დაკავებისა და მონოპოლიზაციის პროცესს. რაც შეეხება თეორიულ მოდელებს, ე. ს–ის პარადიგმები, ძირითადად, ეკლექტური და პლურალისტურია და ვერც ერთმა თეორიამ ვერ მოიპოვა დომინანტური როლი. ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ისევ მ. ვებერის, ტ. პარსონსისა და კ. პოლანის თეორიები ინარჩუნებენ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……