ელიტა

ელიტა

მცირერიცხოვანი სოციალური ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებსაც უკავიათ წამყვანი და პრივილეგირებული პოზიციები საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, თავდაცვა და სხვ. და ახორციელებენ მასების მართვისა და კონტროლის ფუნქციებს. ე–ის განსაზღვრება სოციოლოგიაში არაერთმნიშვნელოვანია, რაც ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე განსაზღვრებიდანაც ჩანს: ე. ესაა ადამიანთა ერთობლიობა, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ინდექსი მათი მოღვაწეობის სფეროში (პარეტო), პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე აქტიური ადამიანები, ძალაუფლებაზე ორიენტირებული საზოგადოების ორგანიზებული უმცირესობა (მოსკა), ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში სარგებლობენ უმაღლესი პრესტიჟით, სტატუსით, სიმდიდრით. ადამიანები, რომლებსაც აქვთ ინტელექტუალური ან მორალური უპირატესობა მასაზე, ასევე, პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობა (ხ. ორტეგა ი. გასეტი). ადამიანები, რომლებსაც უკავიათ ძალაუფლების პოზიციები (ეტციონი), აქვთ ფორმალური ძალაუფლება იმ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში, რომლებიც განსაზღვრავს სოციალურ ცხოვრებას (თ. დაი), ღვთივშთაგონებულ ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ ქარიზმა (ლ. ფროინდი). საზოგადოების შემოქმედებითი უმცირესობა არაშემოქმედებითი უმრავლესობის საპირისპიროდ (ტოინბი), შედარებით მცირე ჯგუფები, რომლებიც შედგება იმ პირთაგან, ვისაც უკავიათ წამყვანი მდგომარეობა საზოგადოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ ცხოვრებაში (ე–თა პლურალიზმის თეორიის მომხრეები), ბიუროკრატიული მართვის სისტემაში ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტები, მენეჯერები და უმაღლესი მოხელეები (ტექნოლოგიური დეტერმინიზმის მიმდევრები). ე–ის განსაზღვრებისადმი ყველა არსებული მიდგომა შეიძლება დავიყვანოთ ორ ძირითადზე: ღირებულებაზე (ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება ადამიანის ფსიქოლოგიურ–მორალურ მახასიათებლებზე) და ფუნქციონალურზე (სადაც ყურადღება გამახვილებულია ადამიანთა სოციალურ სტატუსებსა და პოზიციებზე). ე–თა კლასიფიკაცია სხვადასხვა კრიტერიუმითაა შესაძლებელი. საზოგადოებრივი ფუნქციების მიხედვით, ე. შეიძლება იყოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ინტელექტუალური, სამხედრო, ადმინისტრაციული და სხვა; პოლიტიკურ სისტემაში ადგილის მიხედვით – მმართველი და ოპოზიციური; ცირკულაციის ინტენსიურობისა და ახალ წევრთა რეკრუტირების ხერხების მიხედვით – ღია და დახურული; სტრუქტურული თვალსაზრისით – ინტეგრირებული და არაინტეგრირებული; წარმომადგენლობითობის თვალსაზრისით – მაღალი და დაბალი ხარისხით წარმომადგენლობითი და სხვა.

See also: ელიტიზმი, ახალი ქართული ელიტა, პოლიტიკური ელიტა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ.: ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ.; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. elite

Fr. elite, elire არჩევა, გამორჩევა

საზოგადოების, ან მისი ნაწილის საუკეთესო წარმომადგენლები.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……