ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკა

ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკა

E. Common Agricultural Policy (CAP)

ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკა მთლიანად ევროგაერთიანების კომპეტენციას წარმოადგენს. ევროგაერთიანების ხელშეკრულების 33-ე მუხლის თანახმად ამ პოლიტიკის მიზანია: სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდა, ფერმერებისათვის ცხოვრების სათანადო დონის უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის ბაზრის სტაბილიზაცია, საკვების რეგულარული მოწოდებისა და მომხმარებელთათვის მისაღები ფასების უზრუნველყოფა. იგი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის ერთიანი ბაზრის შექმნას, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციას თავისუფლად უნდა შეეძლოს გადაადგილება ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, პრიორიტეტი ეძლევა გაერთიანების შიგნით წარმოებულ პროდუქციას. ამასთანავე, ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოები შეთანხმდენენ ფინანსურ სოლიდარობაზე, ანუ პოლიტიკის ხარჯები უნდა გაიღოს მთლიანად ევროგაერთიანებამ და არა რომელიმე წევრმა სახელმწიფომ. ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ძირითადი ელემენტებია: ერთიანი ფასები, ანუ გარანტირებული მინიმუმი კონკრეტული პროდუქტისათვის; საინტერვენციო ფასი, ანუ ფასი, რომლითაც სპეციალური დაწესებულებები წევრ სახელმწიფოებში ყიდულობენ ნამატ პროდუქციას განუსაზღვრელი რაოდენობით; საიმპორტო ფასი, ანუ მინიმალური ფასი, რითაც შეიძლება სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი გაერთიანების ტერიტორიაზე; მოსაკრებელი, ანუ გადასახადი, რომელიც გადაიხდება იმპორტზე, რათა მისი ფასი გაიზარდოს საიმპორტო ფასამდე (ეს მოსაკრებელი ევროგაერთიანების საკუთარი რესურსების ნაწილია) და ბოლოს, კომპენსაცია, რომელიც გადაეხდებათ ევროკავშირის ექსპორტიორებს, რათა შეამცირონ განსხვავება მსოფლიოში არსებულ დაბალ ფასებსა და ევროკავშირის უფრო მაღალ ფასებს შორის. მოსალოდნელ გაფართოებასთან დაკავშირებით 1999 წელს მიღებულ იქნა რეფორმათა პაკეტი 2000-2006 წლებისათვის, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უსაფრთხო საკვებს, ეკოლოგიას და სოფლის მეურნეობის მდგრადობას. გარდა ამისა, რეფორმამ უნდა შეძლოს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, გაამარტივოს სოფლის მეურნეობის კანონმდებლობა, გააძლიეროს ევროკავშირის პოზიცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში და სტაბილური გახადოს სოფლის მეურნეობის ხარჯები.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP –  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……