ერი-სახელმწიფო

ერი-სახელმწიფო

მთავარი პოლიტიკური ერთობა თანამედროვე მსოფლიოში და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი აქტორი. მიუხედავად მისი წამყვანი მნიშვნელობისა, ე-ს. შედარებით ახალი ფენომენია. მისი ისტორია იწყება ევროპაში XVII–XVIII ს-დან და მანამდე არსებული სახელმწიფოებისაგან განსხვავებით (სადაც ძირითად ფორმას ქალაქ-სახელმწიფოები, რელიგიური თუ დინასტიური სამფლობელოები წარმოადგენენ), სახელმწიფოს საფუძვლად და შემაკავშირებელ ერთობად ერი წარმოჩინდა. ზოგიერთი მოსაზრებით, ევროპაში ე.-ს-ების ფორმირების პროცესი ვესტფალიის ზავის (1648) შემდეგ იწყება და მას სხვადასხვა პროცესებმა, მათ შორის სამეფო ხელისუფლებების ცენტრალიზაციამ, შემდგომ კი რევოლუციებმა შეუწყო ხელი. ე.-ს-ს ჩამოყალიბება შესაძლებელი გახდა, როცა ეთნოკულტურული ერთობები ერებად ჩამოყალიბდნენ და ერთიან პოლიტიკურ ერთობად ყოფნის აუცილებლობა გააცნობიერეს. ე.-ს-ს მნიშვნელობისათვის განმსაზღვრელი აზრი აქვს ორი ტერმინის, ერისა და სახელმწიფოს შეკავშირებას. როგორც წესი, ე.-ს-ს ცნებაში იგულისხმება ის, რომ ასეთი სახელმწიფოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა ერთი ერის წარომადგენელია. მაგ., ფრანგი ერი გულისხმობს საფრანგეთის ყველა მოქალაქეს, ასევე ამერიკელი ერი აშშ-ის მოქალაქეების ერთობლიობაა და ა.შ. ამდენად, ცნება „ფრანგი“ განსხვავდება „ეთნიკური ფრანგებისაგან“, რადგან პირველი გულისხმობს საფრანგეთის ყველა მოქალაქეს, მეორე კი მხოლოდ ეთნიკურ ფრანგებს. ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ე.-ს-ს ტიპს განეკუთვნება, მაშინ როდესაც, მაგალითისათვის, აფრიკაში ე.-ს. იშვიათობას წარმოადგენს. ე.-ს-ს მნიშვნელობა და როლი ჯერ შეუმჩნეველ, მაგრამ პროგრესირებად დაკნინებას იწყებს XIX ს-დან ტრანსნაციონალური ეკონომიკური და სხვადასხვა სახის პოლიტიკური გაერთიანებების, XX ს-ის მიწურულიდან კი გლობალიზმის გაძლიერების კვალად, თუმცა გლობალიზაციის პროცესი გარდაუვლად არ გულისხმობს ე.-ს-ს მოსპობას, რადგან ჯერჯერობით ერთადერთი პასუხისმგებელი ინსტიტუტები, რომელთა დახმარებითაც გლობალისტურ ორგანიზაციებს შეუძლიათ დაიცვან თავიანთი ინტერესები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, ისევ ე.-ს-ების პოლიტიკური ინსტიტუტებია.

See also: ნაციონალური სახელმწიფო, ერი, ეროვნული სახელმწიფო

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……