ეროვნული უმცირესობანი

ეროვნული უმცირესობანი

E. National minorities

სახელმწიფოში მცხოვრებ მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც რიცხობრივად მცირეა ძირითად მოსახლეობასთან შედარებით, და განსხვავდება მისგან თავისი ენით, რელიგიით, ეთნიკური კუთვნილებით. ეს სტატუსი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაციების ორგანოთა და ექსპერტთა მუშაობის შედეგად. ეროვნულ უმცირესობათა წინამორბედებად გვვლინება ,,რელიგიური უმცირესობა.“ ფეოდალურ სამყაროში, რომელიც არ იცნობდა ერის ცნებას, სახელმწიფოები ცდილობდნენ სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ერთმორწმუნეთა დაცვას ამ ქვეყანაში გაბატონებული მათთვის უცხო რელიგიისაგან, რისთვისაც ასეთ ქვეყნებთან დებდნენ სათანადო შეთანხმებას. XVII ს-დან მოყოლებული, ხშირდება ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკაში ამ სახის ხელშეკრულებანი როგორც ერთმანეთს შორის (მაგ.: ვესტფალიისა და ინსბრუკის 1648 წლის ხელშეკრულებანი, ვენის 1815 წლის კონგრესის აქტები და სხვ.), ასევ აღმოსავლეთის ქვეყნებთან (რუსეთ-თურქეთის 1774 წლის ხელშეკრულება და ა. შ.). XX ს-დან რელიგიურ უმცირესობათა დაცვა იცვლება ,,ეროვნულ უმცირესობათა“ ინტერესების უზრუნველყოფით. დიდმა სახელმწიფოებმა დაქსაქსეს პატარა ერები ევროპის გულში საზღვრების ხელოვნურად გატარების მეშვეობით. ცნობილია, რომ ვერსალის სისტემამ (1919) ავსტრია-უნგრეთის ადგილას შექმნა რამდენიმე სახელმწიფო, რომელთა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ,, ეროვნული უმცირესობანი“ შეადგენდნენ. პოლონეთთან, ჩეხოსლოვაკიასთან, იუგოსლავიასთან, უნგრეთთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან, საბერძნეთთან და თურქეთთან დადებულ ხელშეკრულებებში ინგლისმა და საფრანგეთმა შეიტანეს სპეციალური პუნქტები ,,ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ,“ მაგრამ შემდგომ ამ უმცირესობათა ჩივილებსა და მოთხოვნებს არავინ ყურადღებას აღარ აქცევდა; ასეთსავე პოზიციაზე იყო ერთა ლიგა, რომელსაც უშუალოდ ეკისრებოდა ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების დაცვა. გაერო უარყოფს ეროვნულ უმცირესობათა უფლებას – უშუალოდ მიმართონ მას პეტიციით, მაგრამ, ამასთან ერთად, აძლიერებს მოთხოვნებს თვით სახელმწიფოების მიმართ ადამიანისა და ერების ღირსებისა და თავისუფლების ხელშეუხებლობის დარგში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავე სახელმწიფოს მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას იძულება. საკითხის დასმის უფლება აქვს გაეროს წევრ ყველა სახელმწიფოს და ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. გაეროს წესდება არ ხმარობს ტერმინს – ,,ეროვნული უმცირესობა“ მაგრამ ქმნის მათი დაცვის რეალურ გარანტიებს. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ აღიარებს იმ ინდივიდთა უფლებებს, რომლებიც ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ ჯგუფებს მიეკუთვნებიან,“ შექმნან ფართო ავტონომია. შემდგომ დადგინდა, რომ ამ ჯგუფებს არ შეიძლება ჰქონდეთ იმ სახელმწიფოდან გამოყოფის პრეტენზია, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ანუ მათზე არ ვრცელდება ხალხთა თვითგამორკვევის უფლება (იხ. ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლება). ზოგადად ამ ჯგუფთა ყველა კატეგორია ,,ეროვნულ უმცირესობათა“ ტერმინში ერთიანდება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჯგუფი სხვა სახელმწიფოში მცხოვრები ხალხის მცირედი ნაწილია (მაგ.: რუმინეთში – უნგრელები, საქართველოში – სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ბერძნები და სხვ., ესტონეთში – რუსები), თუ უმცირესობაში მყოფი ძირძველი მოსახლეობაა. თავისთავად ცხადია, მათ არ გააჩნიათ გამოყოფის უფლება იმ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ (იხ.: სეპარატიზმი, ირედინტიზმი). დასრულებული სახით ეუ-თა სტატუსი ჩამოყალიბდა გაეროს 1992 წლის ,,დეკლარაციაში იმ პირთა უფლებების შესახებ, რომლებიც ეროვნულ თუ ეთნიკურ, რელიგიურ თუ ენობრივ უმცირესობებს მიეკუთვნებიან. – დეკლარაციის მიხედვით, მათ უნდა მიეცეთ უფლება, თავისუფლად ეზიარონ თავიანთ კულტურას, რელიგიას, გამოიყენონ თავიანთი ენა საჯარო და პირად ცხოვრებაში, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის კულტურულ, რელიგიურ, საზოგადოებრივ, ეკონომიკურ თუ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, სახელმწიფოს ცენტრალური თუ ადგილობრივი ორგანოების იმ გადაწყვეტილებათა მიღებაში, რომლებიც ეხება უმცირესობის ბედს; იმ რეგიონში, სადაც ისინი ცხოვრობენ, უმცირესობათა წევრები უფლებამოსილნი არიან, ურთიერთობა დაამყარონ ამავე ჯგუფის სხვა წევრებთან ან სხვა უმცირესობებთან, ამ უმცირესობის მონათესავე პირებთან, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ (1-ლი – მე-3 მუხ.). საჭიროებისამებრ, სახელმწიფოები იებენ ზომებს, რათა კანონის წინაშე სრული თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ უმცირესობათა ყოველი წარმომადგენლისათვის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა რელიზაცია; უქმნიან მათ ხელსაყრელ პირობებს, რათა საშუალება მისცენ, გამოამჟღავნონ თავიანთი თავისებურებანი, განავითარონ თავიანთი კულტურა, ენა, რელიგია, ტრადიციები და ჩვეულებანი, თუ მათი კონკრეტული საქმიანობა არ ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალს; აღნიშნულ პირებს, შეძლებისდაგვარად, საშუალება მისცენ, შეისწავლონ თავიანთი მშობლიური ენა და მიიღონ განათლება ამ ენაზე; აქტიურად ჩააბან უმცირესობანი ქვეყნის ეკონომიკური პროგრესისა და განვითარების პროცესში. თავის მხრივ, ამ უმცირესობებმა სათანადო ანგარიში უნდა გაუწიონ იმას, რომ აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც ,,ეწინააღმდეგება გაეროს მიზნებსა და პრინციპებს, მათ შორის სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, ტრადიციული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრინციპებს“ (მე-8 მუხ., მე-4 პუნქ.). ეროვნულ უმცირესობათა საკითხი მწვავედ იდგა სსრ კავშირის დაშლის პროცესში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სსრ კავშირის 1990 წლის აპრილის კანონით ავტონომიურ რესპუბლიკებსა და და სხვა ავტონომიებს უფლება მიეცათ, თვითონვე გადაეწყვიტათ თავიანთი ბედი და გამოყოფოდნენ იმ რესპუბლიკას, რომელიც სსრ კავშირიდან გამოსვლას დააპირებდა. პირველ რიგში ეს შეეხო საქართველოს, აზერბაიჯანსა და მოლდოვას, სადაც ეწყობოდა ე.წ. ეთნიკური კონფლიქტები, რომლებიც რუსეთის რეაქციული წრეების მიერ იყო ინსპირირებული და მათი უშუალო დახმარებით სარგებლობდა. ეს წრეები ცდილობდნენ, შიგნიდან აეფეთქებინათ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ყოფილი ,,მოკავშირე რესპუბლიკები,“ მაგრამ ამას დაბრკოლებას უქმნიდა და უქმნის სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც უარყოფს ნებისმიერი ეროვნული უმცირესობის წადილს, ცალმხრივად გამოეყოს სახელმწიფოს. ეუ-ის პრობლემას დიდი ყურადღებას აქცევს ,,ევროპული ჩარჩო კნვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ (ძალაში შევიდა 1.II.1998) და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 1992 წელს დამტკივებული ,,რეგიონული თუ უმცირესობათა ენების ქარტია. – მხარეები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების წევრთა კულტურული, რელიგიური, ენობრივი და ადათ-ჩვეულებების დაცვა და ხელის შეწყობა მათი განვითარებისათვის, არ დაუშვან მათი დისკრიმინაცია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების არც ერთ სფეროში. ძირითადად ეს აქტები ეფუძნებიან ზემოაღნიშნულ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მაგრამ, ამავე დროს, ბევრ ახალ უფლებას აღნუსხავენ, რაც მიუღებელია ზოგიერთი სახელმწიფოსთვის. ამიტომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა დღემდე არ მონაწილეობს ჩარჩო კონვენციაში, რადგანაც არ ცნობს თავის ტერიტორიაზე ასეთი უმცირესობების არსებობას (მაგ., საფრანგეთი). საქართველო 2005 წლის დასაწყისისთვის არ იყო ამ დოკუმენტის სახელმწიფოთა შორის, თუმცა აღიარებს ეუ-თა არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე. ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედებს ეროვნულ უმცირესობათა მდგომარეობის მეთვალყურე კომისარი და მონიტორინგის მწარმოებელ ექსპერტთა საკონსულტაციო კომიტეტი, რომელიც განიხილავს სახელმწიფოების მიერ წარდგენილ მოხსენებას (დაიწყო მუშაობა 1998 წლიდან).

See also: ევროპული ქარტია რეგიონალური თუ უმცირესობათა ენების დაცვის შესახებ, ევროპული ჩარჩო კონვენცია ევროპულ უმცირესობათა დაცვის შესახებ, სეპარატიზმი, ირედენტიზმი

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……