ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა

ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა

დაპყრობილი და კოლონიზებული ხალხების ბრძოლა, რომელიც მიზნად ისახავს უხცოეთის ბატონობის მოსპობასა და ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებას, კოლონიური ჩაგვრისა და ექსპლუატაციის ლიკვიდაციას, ხალხის მიერ თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის უფლების განხორციელებას. ეს მოძრაობა ამა თუ იმ ფორმით თავს იჩენს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ბოლო ორ საუკუნეში. ამ მოძრაობის პირველ მასობრივ ტალღად ითლება XIX ს-ის პირველ მესამედში ლათინური ამერიკის ხალხთა ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სუვერენული სახელმწიფოების შექმნისათის ესპანელი და პორტუგალიელი კოლონიზატორების ბატონობის წინააღმდეგ. ეს მოძრაობა განსაკუთრებით ფართოდ და მძლავრად გაიშალა XX ს-ის 50-60-იან წლებში, როდესაც ეროვნული დამოუკიდებლობა მოიპოვა აზიის, აფრიკის, კარიბის რეგიონისა და ოკეანეთის ასზე მეტმა სახელმწიფომ. მესამე ეტაპად უნდა ჩაითვალოს XX ს-ის 90-იანი წლები, როდესაც კომუნისტური რეჟიმების დამხობას აღმოსავლეთ ევროპაში და საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა ოცამდე ახალი სუვრენული სახელმწიფოს წარმოქმნა. დღევანდელ მსოფლიოში კოლონიალიზმის კლასიკური ფორმა ფაქტობრივად ლიკვიდირებულია. დაპყრობილი და კოლონიზებული ხალხების რიცხვი არცთუ ისე ბევრია. თუმცა ახლად ჩამოყალიბებული, პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქვეყნების დიდი უმრავლესობა ეკონომიკურად კვლავ ყოფილი მეტროპოლიის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფება ან დამოკიდებელია სხვა წამყვან, განვითარებულ ქვეყნებზე. ასეთი მდგომარეობა წარმოშობს დამოკიდებულების ახალ ფორმებს (ნეოკოლონიალიზმი) და ახალგაზრდა სუვერენული სახელმწიფოების წინაშე აყენებს პრობლემას – იბრძოლონ რაც შეიძლება მეტი ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის. ე.-გ. ბ. სამართლიანი და პროგრესული მოვლენაა. მის იურიდიულ საფუძველს შეადგენს საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი – ხალხთა თანასწორუფლებიანობის და თვითგამორკვევის უფლება. ამ ბრძოლისაგან მკვეთრად განსხვავდება სეპარატიზმი, რომელიც მიზნად ისახავს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სახელმწიფოსაგან გამოცალკევდეს მასში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხი ეთნიკური ან რელიგიური ნიშნის საფუძველზე, რაც ეწინაარმდეგება საერთაშორისო სამართლის სხვა ძირითად ნორმებს, კერძოდ, სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ურღვევობის პრინციპებს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……