თავისუფლება

თავისუფლება

E. Freedom

ინდივიდუალური, ან კოლექტიური მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა მოქმედებას შორის არჩევნის საშუალებას გულისხმობს. თ. ნიშნავს ადამიანის შესაძლებლობას, იმოქმედოს თავისი ნების შესაბამისად, ვინმეს მიერ, ან ვისიმე სახელით დაწესებული ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ამავე დროს თ. ადამიანის ხელშეუხებლობასაც გულისხმობს (არამართლზომიერი დაკავების, ან დაპატიმრებისაგან თავისუფლება, დეპორტაციისა და მონობისაგან თავისუფლება)

See also: ხელშეუხებლობის უფლება, არამართლზომიერი დაპატიმრება, დეპორტაცია, მონობა, პირადი თავისუფლების უფლება, პირადი ხელშეუხებლობის უფლება, პირადი ცხოვრების უფლება

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

პრაქტიკული ფილოსოფიისა და პოლიტიკის მთავარი ცნება. თ-ის განსაზღვრების მრავალ მცდელობათა შორის შესაძლებელია ორი ასპექტის გამოყოფა: 1. თ. შეიძლება გავიგოთ როგორც გარეგანი იძულებისა და ვალდებულებების არარსებობა. ამ იძულებას შესაძლებელია ბუნებრივი სახე ჰქონდეს ან თავისი წარმოშობით საზოგადოებრივ ხასიათს ატარებდეს (საზოგადოებრივი ნორმები და შეთანხმებები). ამ შემთხვევაში თ. ნეგატიურადაა დახასიათებული და საქმე ეხება თავისუფლებას „რაღაცისაგან“, რომელიც, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურად, სოციალურად და ისტორიულად არის საინტერესო. 2. თ., ასევე შეიძლება გავიგოთ როგორც საკუთარი ნებისათვის გარკვეული მიმართულების მიცემის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში გულისხმობენ გადაწყვეტილების მიღების ან ნების თავისუფლებას, რაც ნიშნავს თ-ს „რაღაცისათვის“ (პოზიტიური თ.). ასე გაგებული თ. წარმოადგენს მრავალი ფილოსოფიური და თეოლოგიური გამოკვლევის საგანს. პოლიტიკურ-სოციალური თვალსაზრისით შესაძლებელია თ-ის მიღება იძულების მოხსნით, ხოლო ფილოსოფიური თვალსაზრისით – არა. თ-ის ცნება განეკუთვნება დასავლური აზროვნების ძირითად ღირებულებას, რომელიც ევროპის გზით მთელს მსოფლიოში გავრცელდა. თ-ის იდეა, როგორც ნებისა და სინდისის თ., ახალი დროის ადმიანის თვითგაგების ცენტრალური კატეგორია გახდა, რომელიც თანამედროვე მსოფლიო საზოგადოების დემოკრატიისაკენ ლტოლვას უდევს საფუძვლად. თ-ის ფილოსოფიური მიმართებების (შინაარსების) გარდა, შესაძლებელია განვასხვავოთ თ-ის საზოგადოებრივი (თ. როგორც სოციალური მიმართულებების ცვლილებების შედეგი), ასევე ისტორიული კომპონენტები (გზა მონობის გაუქმებიდან თავისუფალი სამართლებრივი სახელმწიფოების ფორმირებამდე). გაარჩევენ თ-ის შემდეგ სახეებს: 1. ნების თ. გულისხმობს, რომ ადამიანები პრინციპულად თავისუფლები არიან ამა თუ იმ ქმედების განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღებისას. ნების თ. ნიშნავს, რომ ინდივიდის ქცევა არ არის რაიმეთი წინასწარ დეტერმინირებული. 2. ცალკეული ინდივიდის სამართლებრივი თ. გამომდინარეობს სხვათა თ-ის შეზღუდვიდან, რომელიც აუცილებელია ყველასათვის, რათა ყველასათვის მისაწვდომი გახდეს რაც შეიძლება მეტი თ. 3. პოლიტიკური თ. მიემართება სხვა ინდივიდის უფლებას, იყოს პოლიტიკურად ქმედითი და იქონიოს ზეგავლენა პოლიტიკური ნების ფორმირებაზე, მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ არჩევნებში. 4. რეალური თ. განასხვავებს სასურველ და ნამდვილ თავისუფლებას და სვამს კითხვას გარანტირებული თ-ის რეალური არსებობის შესახებ. რეალური თ. იმავდროულად არის სოციალური თ. პოლიტიკური თ. შეიძლება განისაზღვროს როგორც კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფების უნარი, შესაძლებლობა, იმოქმედონ გარემოებათა ხელის შეშლის ან ჩარევის გარეშე. თ-ის ამგვარი გაგება მხოლოდ ერთია თ-ის უამრავი კონცეფციიდან, რადგან თ. მეცნიერებაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო საკამათო კატეგორიაა ხანგრძლივი ისტორიითა და შესაბამისი მეტაფიზიკური, თეოლოგიური და მორალური იმპლიკაციებით. თ-ის ეს განსაზღვრება შეიძლება ასევე წარმოდგენილი იყოს ფორმულით: „A თავისუფალია B-სგან, რათა p“. სადაც A-თი ინდივიდები აღინიშნება, B-თი ხელისშემშლელი პირობები, ხოლო P-თი სასურველი მოქმედებები ან მდგომარეობები. პოლიტიკურ მეცნიერებებში ჯერალდ მაკალუმმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ ფორმულაზე, ნეგატიური ან პოზიტიური აზრით, შეიძლება დავიყვანოთ თ-ის ნებისმიერი განსზღვრება. სანიმუშოდ შეგვიძლია მივმართოთ იზაია ბერლინის თვალსაზრისს, რომელიც განასხვავებდა ნეგატიურ და პოზიტიურ თ.-ას პრინციპში, ნეგატიური თ. ბერლინისათვის ხელისშემშლელი პირობების არარსებობაში მდგომარეობდა, ხოლო პოზიტიური თ-ის ქვეშ გულისხმობდა ინდივიდის უნარს, განეხორციელებინა თავისთვის სასურველი ქმედება. თ-ის შემოთავაზებული ბაზისური გაგებიდან გამომდინარე, პოლიტიკური თ-ის მხარე, რომელიც განიხილავს ინდივიდის მიმართებას სახელმწიფოს პოლიტიკურ ინსტიტუტებთან, იმას, თუ რამდენად თავისუფალია კონკრეტულ საზოგადოებაში ინდივიდი, ინტერპრეტირდება, როგორც სამოქალაქო თ., ხოლო რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს თ-ის საკითხი გაიგება როგორც დამოუკიდებლობა ან სუვერენიტეტი.

See also: სამოქალაქო თავისუფლება

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. freedom

შესაძლებლობა მოვიქცეთ ისე, როგორც გვსურს; თავისუფლება ნების თავისუფლებაა, ნება კი, თავისი არსით, ყოველთვის თავისუფალია; თავისი არსით შეუზღუდავი თავისუფლება აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ეთიკას, რათა ადამიანები გახადოს ყოველმხრივ პასუხისმგებლები იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ, ან რისი გაკეთების უფლებასაც სხვას აძლევენ.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……