იდეალური ტიპი

იდეალური ტიპი

ტერმინი სოციოლოგიაში (საერთოდ, სოციალურ მეცნიერებებში) შემოტანილია მაქს ვებერის მიერ. ი.ტ–ს იგი განსაზღვრავს როგორც თეორიულ კონსტრუქციას, რომელიც აგებულია რეალურ ცხოვრებაში დაკვირვებადი ქცევებისა და ურთიერთობების განსაზღვრული მახასიათებლისაგან. ეს მახასაითებლები აღწერს მოქმედების ლოგიკურად არაწინააღმდეგობრივ და რაციონალურ შინაარსს და აბსტრაჰირებას ახდენს ირაციონალური მოტივებისაგან. სხვანაირად რომ ითქვას, იდეალურ ტიპში ხდება უამარავი „დისკრეტული და დიფუზური“ მოვლენის აზრობრივი შეერთება ერთიან სახეში, როდესაც ისინი აღწევენ ლოგიკური ურთიერთშეთანხმების ზღვარს. ასე იქმნება მოქმედების თეორიული „წმინდა“ მოდელები, როგორც იდეალური კონსტრუქციები, რომლებიც ერთგვარად "ედება", ფარავს რეალობას, ხოლო რეალური მოქმედებები ბოლომდე ვერასოდეს ამოწურავს მათ. ი. ტ–ის მიზანი არ არის შექმნას სრულყოფილი მაგალითი (შემთხვევა), ვებერს სურს დაგვარწმუნოს, რომ „იდეალური“ არ ნიშნავს „ნორმატიულად სასურველს“, არამედ წარმოადგენს მხოლოდ საზომს (კრიტერიუმს), რომელსაც შეიძლება შევადაროთ რეალური შემთხვევები. ამდენად, ი.ტ–ებს აქვს მხოლოდ შემეცნებითი ღირებულება, ანუ გამოიყენება კერძო შემთხვევების ინტერპრეტაციისათვის, როგორც შესადარებელი კონსტრუქციები. ეს სწორედ ის კერძო შემთხვევებია, როდესაც მოქმედება მეტ–ნაკლებად მოკლებულია საზრისს. ასეთ დროს ი.ტ–ები გვეხმარება მოქმედების შემეცნებაში, კერძოდ მათთან შედარების საფუძველზე განისაზღვრება გასაზრისიანებული მოქმედებისაგან გადახრის ზომა. მაგალითად, ყველაზე ცნობილი ი.ტ., ვებერის თანახმად არის ბიუროკრატია, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს კითხვას – „რამდენად ბიუროკრატიულია ესა თუ ის ორგანიზაცია?“ ისეთი ცნებები, როგორიცაა „ეკონომიკური გაცვლა“, „კაპიტალიზმი“, „ეკლესია“, „სექტა“, „ქრისტიანობა“ და მრავალი სხვა, სოციალურ–თეორიული კონსტრუქციებია, რომლებიც არ არსებობს რეალურ სამყაროში, თუმცა იარაღია რეალობის შესამეცნებლად.

See also: მნიშვნელობა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……