იდეოლოგია

იდეოლოგია

E. Ideology

შეხედულებების ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც თავის გამოხატულებას პოლიტიკურ დოქტრინებში პოვებს

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

1. იდეათა სისტემა, რომელიც საფუძვლად უდევს სოციალურ და პოლიტიკურ მოღვაწეობას;

2. უფრო ვიწრო მნიშვნელობით, იდეათა სისტემა, რომელიც ერთი ჯგუფის მეორეზე ბატონობას აკანონებს ან ამართლებს;

3. ყოვლისმომცველი ენციკლოპედიური ცოდნა, რომელსაც უნარი შესწევს, დაანგრიოს ცრურწმენები და გამოყენებულ იქნეს სოციალურ რეფორმებში. თავდაპირველად ტერმინი ი. სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენა ანტუან დესტიუ დე ტრასმა. დღეს ტერმინი ი. ძირითადად პირველი და მეორე მნიშვნელობით გამოიყენება.

ი–ის პრობლემატიკა თავდაპირველად ინგლისში XVII ს–ის დასაწყისში ჩნდება ფრენსის ბეკონთან (1561–1626). მისი აზრით, ყოველ საზოგადოებაში ადამიანს გარკვეული იდოლა აქვს . ბეკონის მიერ იდოლების კრიტიკა შეიცავს საზოგადოების კრიტიკის არსებით ნიშნებს. ევროპული განმანათლებლობა თვით მარქსამდე, ი–ის წყაროების ანალიზის მეშვეობით ცდილობდა აზროვნების ხელისშმეშლელი ფაქტორების დადგენას, რათა მოეხდინა მათი აღმოფხვრა. აზროვნების ასეთ ხელისშმეშლელ ფაქტორებად სახელდებოდა სურვილები (ჰობსი, 1588–1679), წარმოსახვა (ლამეტრი 1709–1751), ინტერესები და ვნება (კონდილაკი (1715–1780), ჰელვეციუსი). ენციკლოპედისტების, ჰოლბახისა და (1723–1789) და ჰელვეციუსის (1715–1771) ცენტრალურ თემას წარმოადგენდა იდეების საზოგადოებრივი ვითარებით განპირობებულობა. ფრანგი განმანათლებლები გამოდიოდნენ ცნობიერების სოციალური ყოფით კაუზალური და ცალმხრივი განსაზღვრულობის იდეიდან. ადამიანი აღიქმებოდა, როგორც სოციალური და გონით–სულიერი გარემოს პროდუქტი. ფრანგი განმანათლებლების ფილოსოფიის თანახმად, ადამიანის გონების შესაძლებლობების შემზღუდავი ცრურწმენები გაბატონებული ჯგუფების მიერაა წარმოებული და დამკვიდრებული, რასაც მიზნად არსებული საზოგადოებრივი მდგომარეობის შენარჩუნება აქვს. მარქსი (1818–1883) და ენგელსი (1820–1895) „გერმანულ იდეოლოგიაში“ (1847) აღნიშნავდნენ, რომ ი–ში მოცემულია მმართველი კლასის სამყაროს სურათი დამახინჯებული სახით, რადგან მმართველი კლასის ინტერესები არ ასახავს მთელი კაცობრიობის ინტერესებს.

ნეომარქსიზმი, ვულგარული მარქსიზმის საპირისპიროდ, რომელიც ყოველ მოსაზრებას ი–დ მიიჩნევს და რომელიც სოციალურ მოძრაობას საწარმოო ძალებით და ინსტიტუციებით ხსნის, ხაზს უსვმას სოციალურ მოძრობაში სუბიექტური ფაქტორის მნიშვნელობას. კლასობრივი ცნობიერება აქ გაგებულია, როგორც თეორიული და პოლიტიკური მუშაობის შედეგი.

ნეომარქსისტებისთვის (ერნსტ ბლოხი (1885–1977), დიორდ ლუკაჩი (1885–1971) და ა.შ. მარქსიზმი არ არის დასრულებული მსოფლმხედველობა (როგორც ამას მიიჩნევდნენ XIX ს–ის დასასრულისა და XX ს–ის დასაწყისის სოციალ–დემოკრატები), არამედ თვითონ მარქსიზმი არის საზოგადოებრივი განვითარების ნაწილი.

კრიტიკული თეორიის მარქს ჰორკჰაიმერი (1895–1973) და თეოდორ ადორნო (1903–1969) საზოგადოებრივ რეალობასა და ი–ურ ზედნაშენს ერთმანეთისაგან არ მიჯნავენ. საზოგადოების რეპროდუქცია ხორციელდება ინდივიდების მოქმედებითა და აზროვნებით. ი. საზოგადოებრივი სისტემის მიერ არის წარმოებული, ხოლო ინდივიდები ამ ი–ის აგენტებად გვევლინებიან. კრიტიკული თეორიის თანახმად, ი. არის ყველაფერი ის, რაც ხელს უწყობს საზოგადოების გაბატონებული სტრუქტურებისადმი ინდივიდის დაუბრკოლებელ შეგუებას და ხელს უშლის საზოგადოებაში არსებულ მიმართებებზე რეფლექსიას.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. ideology

G. Ideologie

Gk. idea ცნება, წარმოდგენა + logos სწავლება

საზოგადოების, პოლიტიკური პარტიის, კლასის, სოციალური ჯგუფისათვის დამახასიათებელ შეხედულებათა, იდეათა სისტემა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. იდეოლოგია – Ideology  – (ბერძნ, idea – წარმოდგენა, logos – ცნება, სწავლება) იდეებისა და შეხედულებების სისტემა, რომელიც გამოიხატება ამა თუ იმ საზოგადოების, ან მისი ნაწილის (სოციალური ფენა, პარტია, ერი) ინეტერსებსა და ფასეულობებში და საფუძვლად უდევს სოციალურ და პოლიტიკურ მოღვაწეობას    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……