იმუნიტეტი

იმუნიტეტი

E. Immunity

საერთაშორისო ტერმინი, რომელიც, შესაბამისი კანონებისა და ტრადიციების საფუძველზე, აღნიშნავს დიპლომატიური წარმომადგენლების პრივილეგიებს, რაც მათ ხელშეუხებლობასა და სახელმწიფო და სხვა სახის გადასახადებისაგან განთავისუფლებაში გამოიხატება.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

obj. იმუნიტეტი (პოლიტიკური)

ფეოდალურ ევროპაში ფეოდალის უფლება, ცენტრალური ხელისუფლების დაუკითხავად გაემართა სასამართლო ან მოეკრიბა გადასახადი. მოგვიანებით ი. უწოდეს ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქის ან ორგანიზაციის უფლებას, ყოფილიყო უცხო ქვეყნის იურისდიქციისაგან თავისუფალი. ი. არის თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძალზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. იმავე ტერმინს რიგ შემთხვევებში იყენებენ წარმომადგენლობითი პოლიტიკური ორგანოს, პარლამენტის წევრთა პიროვნული ხელშეუხებლობის დასაფიქსირებლად, როდესაც პარლამენტის წევრი არ შეიძლება დაკავებულ იქნას და წარსდგეს სასამართლოს წინაშე პარლამენტის თანხმობის გარეშე.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. immunity

G. immunitat

Fr. immunite

L. immunitas (immunitatis) ვალდებულებებისგან გათავისუფლება, შეღავათი

სამართლის სუბიექტების განსაზღვრულ წრეზე სამართლებრივი ნორმების გაუვრცელებლობის აღმნიშვნელი საერთო-სამართლებრივი ტერმინი. საერთაშორისო სამართალში განასხვავებენ: სახელმწიფო, სამხედრო ხომალდების, საზღვაო სახელმწიფო სავაჭრო ხომალდების დიპლომატიურ იმუნიტეტს. კონსტიტუციურ სამართალში ამ პრივილეგიით სარგებლობს სახელმწიფოს თანამდებობის პირთა განსაზღვრული წრე. განასხვავებენ:

1. სადეპუტატო (საპარლამენტო), პრეზიდენტის და მოსამართლის იმუნიტეტს;

2. თანამდებობის პირის ხელშეუვალობა – იკრძალება მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა თანამდებობაზე ყოფნის დროს;

3. ან თანამდებობის პირის ხელშეუხებლობა – დაუშვებელია პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შესაძლებელია მხოლოდ ზემდგომი პირის ან იმ კოლეგიური ორგანოს, რომლის წევრიცაა ეს პირი, ან პარლამენტის თანხმობით.

გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ზემო აღნიშნულ პირს ან ორგანოს. დაკავებული ან დაპატიმრებული ხელშეუხებელი პირი დაუყოვნებლივ თავისუფლდება, თუ არ იქნა გაცემული შესაბამისი თანხმობა (კონსტიტუციის მიხედვით). საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ხელშეუვალია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პარლამენტს იმპიჩმენტის წესით შეუძლია თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი, თუ: კონსტიტუციის დარღვევა დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით; სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს დასკვნით; ხელშეუხებელია: საქართველოს პარლამენტის წევრი, მოსამართლე, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს წევრი.

See also: იმპიჩმენტი

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……