ინდუსტრიული საზოგადოება

ინდუსტრიული საზოგადოება

ტერმინი გამოიყენება ეკონომიკური ორგანიზაციისა და სოციალური წესრიგის განსაკუთრებული ფორმის აღსაწერად. ი.ს-ის მახასიათებლებია: წარმოების პროცესის ავტომატიზაცია და კომერციალიზაცია; აგრარულ სექტორში დასაქმებული მოსახლეობის წილის სწრაფი შემცირება; შინამეურნეობის გამოყოფა წარმოებისაგან; ერთიან ბაზარსა და მონეტარულ სისტემაზე დაფუძნებული ეროვნულ-ლიბერალური სახელმწიფოების წარმოშობა; ურბანიზაცია; სტრატიფიკაციის ტრადიციული სქემების რღვევა და სწრაფი სოციალური მობილურობა; კლასობრივი კონფლიქტების ინსტიტუციონალიზაცია; მოხმარებისა და სოციალური კეთილდღეობის ზრდა; მასობრივი განათლების გავრცელება; ოჯახისა და ნათესაური კავშირების, როგორც სოციალური ორგანიზაციის საფუძვლის როლის შემცირება. ი.ს-ის დოქტრინის წარმომადგენლები (ჯ.გელბრაიტი, რ. დარენდორფი) მიიჩნევენ, რომ 1. ინდუსტრიალიზაცია თანამედროვე სოციალური წესრიგის ფორმირების უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე განსხვავება კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის; 2. კლასობრივი სეგმენტაცია შეიცვალა პროფესიული, ეთნიკური, გენდერული სეგმენტაციით; ფართოდ გავრცელდა „კორპორაციული საწარმოს“ ფორმა, რამაც გამოიწვია საკუთრებისა და კონტროლის ფუნქციების გაყოფა. ი.ს-ის კონცეფციის განვითარებაა „პოსტინდუსტრიული საზოგადოების“ თეორიები. ტერმინი „პოსტინდუსტრიული საზოგადოება“ გულისხმობს წარმოების უფრო მოდერნიზებულ რეჟიმზე გადასვლას, რასაც მოაქვს ცვლილებები საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაში. პოსტინდუსტრიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელია: საინფორმაციო ტექნოლოგიების დომინანტური როლი; მოხმარებისა და არა წარმოების პრიორიტეტი; ტრანსნაციონალური კორპორაციების სწრაფი ზრდა; ფინანსური ბაზრების გლობალიზაცია; სოციალური ფრაგმენტაცია და ახალი, მრავალგანზომილებიანი სოციალური იდენტურობების ჩამოყალიბება, ეკონომიკური კაპიტალის ჩანაცვლება ე.წ. ადამიანური კაპიტალით, ანუ ეკონომიკური ელიტების ჩანაცვლება ინტელექტუალებისა და მენეჯერების ახალი კლასით და ა.შ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……