ინტელიგენცია

ინტელიგენცია

ადამიანთა საზოგადოებრივი ფენა, რომლის პროფესიულ საქმიანობასაც გონებრივი, უმთავრესად რთული, შემოქმედებითი შრომა შეადგენს. კ.მანჰაიმის აზრით, „ყოველ საზოგადოებაში არსებობენ სოციალური ჯგუფები, რომელთა სპეციალური ამოცანაა საზოგადოების უზრუნველყოფა სამყაროს ინტერპრეტაციით; ჩვენ მათ ინტელიგენციას ვუწოდებთ“. მეცნიერთა მიერ დახასიათებულ ჯგუფს დღეს უმჯობესია, ინტელექტუალები ვუწოდოთ. „ინტელექტუალის“ ცნება უფრო ფართოდ გამოიყენება თანამედროვე დასავლეთის ქვეყნებში. ტერმინი ი. მწერალმა ნ. ბობორიკინმა შემოიღო XIX ს-ის 60-იან წლებში და რუსულიდან გავრცელდა სხვა ენებშიც. თავდაპირველად ი-ის უწოდებდნენ საერთოდ განათლებულ ადამიანებს. ი. თავისი პირველადი ფორმით წარმოიქმნა მაშინ, როდესაც გონებრივი შრომა ფიზიკურს გამოეყო. ი-ისადმი მშრომელთა პროფესიული მიკუთვნების გადამწყვეტი კრიტერიუმია შრომის ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიციური გონებრივი შრომა, როგორც წესი, მოითხოვს უმაღლეს ან საშუალო სპეციალურ განათლებას, არასწორი იქნებოდა ი-ისათვის (სპეციალისტებისათვის) ყველა იმ პირის მიკუთვნება, ვისაც აქვს უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება (ბევრი მათგანი ჩვეულებრივ მუშად მუშაობს). ი. იყოფა მეცნიერულ-ტექნიკურ, მეცნიერულ-ჰუმანიტარულ, ადმინისტრაციულ-მმართველობით, განათლების, ჯანდაცვის, იურისპრუდენციის, ლიტერატურის, ხელოვნების და სხვ. ჯგუფებად. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შესაბამისად სულ უფრო იზრდება ი-ის რიცხობრიობა და მნიშვნელობა. დღეს უკვე ხშირად ლაპარაკობენ ჰუმანიტარულ ინტელექტუალებსა და ტექნიკურ ი-ზე, როგორც ახალ კლასზე. ეს უკანასკნელი პრეტენზიას აცხადებს ეკონომიკის კონტროლზე.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……