ინტერვიუერი

ინტერვიუერი

პირი, რომელიც ატარებს ინტერვიუს. მასზე ბევრადაა დამოკიდებული ინტერვიუს წარმატება, მიღებული ინფორმაციის ხარისხი, ვალიდურობა და სანდოობა. ი-ს კარგ მუშაობას განაპირობებს შემდეგი მახასიათებლები: მისი ინდივიდუალური თვისებები, მეთოდიკის ცოდნა, სოციოლოგიური მომზადება და იმ საგნობრივი სფეროს ცოდნა, რომლის გამოკვლევაც ინტერვიუს საშუალებით ხდება. ინდივიდუალური უნარი შეიძლება თანდაყოლილი ან სოციალურად შეძენილი თვისებები იყოს, რაც დამახასიათებელია ადამიანისათვის, მისი პროფესიული ჩვევების მიუხედავად. მეთოდიკის ცოდნის შეძენა, ინდივიდუალური უნარისაგან განსხვავებით, სწავლის მეშვეობით ხდება. მნიშვნელოვანია სოციოლოგიური მომზადება, რაც ხელს უწყობს ი-ს, დაიცვას შეფასებითი ნეიტრალობა რესპონდენტების პასუხების მოსმენისას, ადეკვატურად გაიგოს მათი გამონათქვამები, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც იგი და რესპონდენტი სხვადასხვა სოციალურ კლასს, ეთნიკურ ან პროფესიულ ჯგუფებს, სუბკულტურებსა და ა.შ. მიეკუთვნებიან. ი-ს სოციოლოგიური მომზადების შედეგად უმუშავდება უნარი, მოახდინოს რელევანტური თემების ფიქსირება და განვითარება. საგნობრივი მომზადებაც ამაღლებს ინტერვიუერის უნარს, სწორად გაუგოს რესპონდენტებს და შეარჩიოს რელევანტური თემები. უმაღლესი კვალიფიკაციის ი-ებს ოთხივე თვისება უნდა ჰქონდეთ. ი-ის ფუნქციები დამოკიდებულია გამოკვლევის ხასიათსა და ინტერვიუს ტიპზე. მან უნდა შეარჩიოს რესპონდენტები შერჩევის მაკეტის მიხედვით, უზრუნველყოს ინტერვიუს ჩატარების პირობები (სიტუაცია), რესპონდენტთან საუბარი წარმართოს კვალიფიციურ დონეზე, მოახდინოს პასუხების რეგისტრაცია, მოაწესრიგოს, დააჯგუფოს მიღებული მონაცემები მკვლევარისათვის გადასაცემად, ჩაიწეროს ინტერვიუს დროს მიღებული ზოგადი შთაბეჭდილებები და სპეციალური შენიშვნები. თვისებრივი ინტერვიუს დროს ი. უნდა ახდენდეს არა მხოლოდ ვერბალური, არამედ არავერბალური ინფორმაციის დაფიქსირებას (როგორიცაა, მაგ., რესპონდენტის სახის გამომეტყველება, მიმიკა, გარემომცველი სიტუაცია და ა.შ.). პირს, რომელიც ფოკუსჯგუფში ინტერვიუს ატარებს და დისკუსიას წარმართავს, მოდერატორს უწოდებენ.

See also: მოდერატორი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. interviewer

პირი (ჟურნალისტი, სოციოლოგი და სხვა), რომელიც იღებს (აწყობს) ინტერვიუს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……