იუდაიზმი

იუდაიზმი

მსოფლიო მონოთეისტური რელიგიებიდან ერთ-ერთი, ებრაელი ხალხის რელიგია, რომლის მთავარი პრინციპებია ერთიანი ღმერთის – იაჰვეს – რწმენა, მესიის (ციური მხსნელის) მოლოდინი, ძველი აღთქმისა და თალმუდის აღაირება წმინდა წიგნებად. აღმოცენდა პოლითეისტური კულტურებიდან ძველებრაელთა მომთაბარე ტომებში. ძვ.წ. XIII ს-დან დაპყრობილ პალესტინაში თანდათან ჩამოყალიბდა იაჰვეს კულტი, რამაც საერთო სახელმძღვანელო რელიგიის სახე მიიღო (ძვ.წ. X ს-დან). ამ დროისათვის იქმნება ძველი აღთქმის კანონიკური ტექსტი, რომლის ბირთვს წარმოადგენს თორა – 5 წიგნი (რომლის ავტორობასაც მოსეს მიაწერენ). ი-ის ძირითადი დოგმატებია: მონოთეიზმი – იაჰვეს აღიარება ერთადერთ ღმერთად; იაჰვეს და ებრაელთა შორის დადებული აღთქმის რწმენა; ისრაელის ძეთა მიჩნევა ღმერთის რჩეულ ერად. ებრაელებმა შეიცნეს თავი ისეთ ყოვლისშემძლე ღმერთის „რჩეულ ხალხად“, რომელიც თავის ხალხსაც კი სჯის ზნეობრივი მანკიერების გამო. მრავალი წლის შემდეგ, ი. გადაიქცა თვითმყოფად რელიგიად მიუხედავად იმ ფაქტორისა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არსებობდა ებრაელთა სახელმწიფო.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. Judaism

უპირატესად ებრაელებს შორის გავრცელებული რელიგია. აღმოცენებულია ჩვ. წ. აღ-მდე მე-2 ათასწლეულში, წარმოადგენს მონოთეისტურ რელიგიას, ისრაელში მინიჭებული აქვს სახელმწიფო რელიგიის სტატუსი. მთავარი პრინციპებია: ერთიანი ღმერთის, იაჰვეს (იეღოვას) რწმენა, მესიის (ზეციური მხსნელის) მოლოდინი, ძველი აღთქმისა და თალმუდის აღიარება წმინდა წიგნებად. დოგმები სულის უკვდავებაზე, საიქიო ცხოვრებაზე, მკვდრეთით აღდგომის, ანგელოზებისა და დემონების რწმენა – ყველაფერი ეს მტკიცედ დაკანონდა და თალმუდის სახით შემორჩა დღემდე.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……