კანონი ორგანული

კანონი ორგანული

E. organic/institutional law

1. კონსტიტუციის პირდაპირი მითითების თანახმად (ანუ კონსტიტუციის ბლანკეტური ნორმის საფუძველზე), კონსტიტუციური და ჩვეულებრივი კანონისგან განსხვავებული წესით მიღებული კანონი. როგორც წესი, კონსტიტუცია ითვალისწინებს ორგანული კანონების ისეთ საკითხებზე მიღებას, როგორიცაა: საარჩევნო სისტემა, საგანგებო მდგომარეობა; სახელმწიფოს უმაღლესი სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოები. აღნიშნული ტერმინი გავრცელებულია რომანულ-გერმანული სისტემის სამართლის ქვეყნების (საფრანგეთი, ესპანეთი, რუმინეთი, მოლდოვა, ჩილე) კონსტიტუციურ სამართალში;

2. საქართველოს კონსტიტუცია ორგანული კანონის მიღებას ითვალისწინებს შემდეგ სფეროებში: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი, უფლებამოსილება და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა; საქართველოს პარლამენტის პალატების შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და არჩევის წესი; საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები; საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი; სახალხო დამცველის უფლებამოსილება; პარლამენტის წევრის არჩევის წესი, აგრეთვე არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა; პრეზიდენტის არჩევნების წესი და პირობები, აგრეთვე, არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა; საერთო სასამართლოების სისტემა და ორგანიზაცია, მოსამართლის სამართლებრივი მდგომარეობა; რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები; საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი; ეროვნული ბანკის უფლება-მოვალეობა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია; ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი;

3. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 66);

4. ორგანულ კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა კანონის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტისა და კანონქვემდებარე აქტების მიმართ („ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 22).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……