კითხვა

კითხვა

სოციოლოგიურ გამოკითხვაში თავისებური კვლევითი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება პირველადი ემპირიული მონაცემების შესაგროვებლად და გასაზომვად. იგი არის რესპონდენტისადმი (რესპონდენტთა გარკვეული ერთობლიობისადმი) შეკითხვით მიმართვა მისი შეხედულებების, განწყობების, აზრების, ქცევის მოტივების, ცოდნის, გარკვეული ფაქტების გამოვლენის, კვლევის ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელი ინფორმაციის (პასუხების – მსჯელობების სახით) მიღების მიზნით. კ. სოციოლოგიური ჰიპოტეზების ემპირიული ინტერპრეტაციის შედეგია. ის აგრეთვე ანალიზის კატეგორიების ოპერაციონალური გამოხატულებაა, ფიქსირების ხერხია. კ–ის ლოგიკურ სტრუქტურას განსაზღვრავს მასში არსებული საწყისი, ბაზისური ინფრომაცია, მოცემული მოკლე ფორმით, და მისი ახალი ინფორმაციით შევსების აუცილებლობა. კ–ების შინაარსი წარმოადგენს შესასწავლ პრობლემას ემპირიული ინდიკატორების დონეზე და ცვლადებს შორის კავშირის დადგენას ემსახურება. კ–ს სამი ურთიერთდაკავშირებული ფუნქცია აქვს: ინდიკატორული, ინსტრუმენტული და კომუნიკაციური. ამ ფუნქციების რეალიზაცია კ–ის კონსტრუირებისა და გამოყენების სხვადასხვა ლოგიკური და მეთოდური მოთხოვნის შესრულებაზეა დამოკიდებული. არსებობს რამდენიმე ტიპისა და სახის კ. კ–ების კლასიფიკაცია ხდება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. I. კ–ების ტიპები შინაარსის მიხედვით: 1) კ–ები ფაქტების, მოქმედებების, აგრეთვე საქმიანობის შედეგების შესახებ, 2) კ–ები ინდივიდის ქცევის მოტივების, შეფასებების, მრწამსის, განწყობებისა და აზრების შესახებ. ზოგი სოციოლოგი ცალკე გამოყოფს კ–ებს ცოდნის შესახებ. თვლიან, რომ კითხვარში შეკითხვას შეიძლება ჰქონდეს ოთხი შინაარსი: ქცევა, რწმენა, განწყობა და ატრიბუტი (დილმენი, 1978). II. კ–ები ფორმის მიხედვით: 1) ღია, დახურული და ნახევრად დახურული, 2) პირდაპირი და ირიბი. დახურული კ. რამდენიმე სახისაა: ა) დიქოტომიური – დიახ – არა, ბ) ალტერნატიული და გ) კ–ები–მენიუ. ალტერნატიული კ–ების ნაირსახეობებია თვისებრივი და რაოდენობრივი ხასიათის კ–ები, აგრეთვე კ.–დიალოგი. III. კ–ები ფუნქციების მიხედვით: 1) კითხვები – ფილტრები, 2) საკონტაქტო ანუ შესავალი კ–ები, 3) მისახვედრი კ–ები, 4) ნეიტრალური კ–ები, 5) ბუფერული კ–ები, 6) პროექციული კ–ები. არსებობს აგრეთვე ზოგადი და კონკრეტული კ–ები, წინასწარ მომზადებული და ინტერვიუს მსვლელობის დროს მოფიქრებული კ–ები, პიროვნული და უპიროვნო (არაპიროვნული) კ–ები, ძირითადი და არაძირითადი კ–ები. კ–ის ტიპის არჩევა დამოკიდებულია, ერთი მხრივ, მის შემეცნებით ამოცანაზე (ე.ი. იმ ინფომაციის შინაარსზე, რომლის მიღებაც სურს მკვლევარს), მეორე მხრივ კი – მკვლევრის მიერ ფორმულირებულ კ–ზე შესაბამისი პასუხების ყველა შესაძლებელი ვარიანტის გათვალისწინებაზე (ცოდნა–არცოდნაზე), აგრეთვე კვლევის თემის ხასიათსა და გამოკვლევის ჩატარების საშუალებებზე. ყველაზე ფართოდ გამოიყენება დახურული კ–ები, კ. დახურულია, თუ რესპონდენტს სთავაზობენ შესაბამისი პასუხების ვარიანტებს და მას შეუძლია აირჩიოს მისი შეხედულების შესაბამისი ერთი ან რამდენიმე ვარიანტი. კ. ღიაა, თუ არ არის მოცემული შესაძლებელი პასუხების ვარიანტები და რესპონდენტს შეუძლია გამოთქვას თავისი შეხედულება. როდესაც რესპონდენტს თავისი შეხედულების გამოსახატავად არ სთავაზობენ პასუხის ყველა შესაძლებელ ვარიანტს, მიზანშეწონილია ნახევრად დახურული (ნახევრად ღია) კ., რომელიც საშუალებას აძლევს რესპონდენტს უარი თქვას შემოთავაზებული ვარიანტების არჩევაზე და თავად უპასუხოს, გამოთქვას თავისი აზრი. გამოიყენება, აგრეთვე, ტერმინები: არასტრუქტურული, სტრუქტურული და ნახევრად სტრუქტურული კითხვები.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……