კოლბერგის მორალურობის განვითარების თეორია

კოლბერგის მორალურობის განვითარების თეორია

ამერიკელი ფსიქოლოგის, ლოურენს კოლბერგის (Kohlberg, 1927-1987) თეორია ეხება იმას, თუ როგორ ხდება ადამიანის მორალური განვითარება. ეს უკანასკნელი ეხება პიროვნების უნარს, აღიქვას და გაიგოს სხვა ადამიანების განსხავებული პერსპექტივები. როლური უნარ-ჩვევების განვითარება შეიძლება განვიხილოთ, როგორც მორალური განვითარების ერთ-ერთი ადრეული საფეხური. მორალურობის განვითარება იწყება 12 წლიდან, როდესაც მოზარდისათვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს „საკუთარი თავის იდენტურობის“ ფორმირება. ბავშვი სვამს კითხვებს: „ვინ ვარ მე?“ „რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში?“ იგი იწყებს საკუთარი სოციალური კოგნიციის გაგებას, ანუ ცდილობს გაიგოს, თუ როგორ აღიქვამენ მას სხვები.

კოლბერგის მიხედვით, ბავშვი იქცევა საკუთარი მორალური განსჯის მიხედვით, რაც განსხვავებულია მისი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე. იგი გამოყოფს მორალურობის განვითარების შემდეგ სამ დონეს: პრე-კონვენციონალურს, კონვენციონალურს და პოსტ-კონვენციონალურს, ასევე მასში შემავალ ექვს სხვადასხვა საფეხურს.

პირველი დონე: პრე-კონვენციონალური

I საფეხური: უსიტყვო მორჩილება (5-6 წლის ასაკი, ბაღის პერიოდი) – დასჯა, წახალისება; ამ საფეხურზე ბავშვები მორალურობას განიხილავენ, როგორც მათ გარეთ, მათგან დამუკიდებლად არსებულ მოვლენას. ისინი ფიქრობენ, რომ გარკვეული ძალაუფლების მქონე ადამიანები ამკვიდრებენ ქცევის წესებს, რომელსაც ისინი უნდა დაემორჩილონ. ამგვარად, ამ საფეხურისთვის დამახასიათებელია წესების მორჩილება, რათა თავიდან აიცილონ დასჯა (კარგი ან ცუდი საქციელი განისაზღვრება იმით, მოჰყვება თუ არა მას ფიზიკური შედეგები);

II საფეხური: სამართლიანობა/ინდივიდუალობა და გაცვლა (დაწყებითი კლასები) – პიროვნული ჯილდოს მიღების ორიენტაცია; ამ საფეხურზე ბავშვები აცნობიერებენ, რომ სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. ისინი ფიქრობენ, როგორც განცალკევებული ინდივიდები და ორიენტირებულები არიან პიროვნულ ჯილდოზე. მათ მსჯელობაში არ ჩანს იდენტიფიკაცია ოჯახისა და საზოგადოების ღირებულებებთან. ამგვარად, ამ საფეხურზე პირადი მოთხოვნილება განსაზღვრავს, იმას, თუ რა არის სწორი და რა – არასწორი;

მეორე დონე: კონვენციონალური

III საფეხური: პიროვნებათაშორისი კონფორმულობა (შუა და მაღალი კლასები, „თინეიჯერობის” საწყისი ეტაპი) – ორიენტაცია „კარგი გოგო/კარგი ბიჭი” (ქცევას განაპირობებს სხვების მოწონება და სხვებისთვის სიამოვნების მინიჭება);

IV საფეხური: სისტემის მიმართ პასუხისმგებლობა (მაღალი კლასები და „თინეიჯერობის“ გვიანი ეტაპი) – ორიენტაცია ,,კანონი და წესრიგი“ (წესების დაცვა, ავტორიტეტის პატივისცემა, სოციალური წესრიგის შენარჩუნება);

მესამე დონე: პოსტ-კონვენციონალური

V საფეხური: პრინციპული სინდისი (მოზრდილი) – სოციალური კონტრაქტის ორიენტაცია (კარგი განისაზღვრება ადამიანის უფლებების სოციალურად შეთანხმებული სტანდარტებით. მაგ. კონსტიტუცია. ამ საფეხურზე ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველა საზოგადოებას აქვს თავისი სოციალურად შეთანხმებული სტანდარტები);

VI საფეხური: უნივერსალური ეთიკური პრინციპი – უნივერსალური ეთიკური პრინციპის ორიენტაცია (კარგი განისაზღვრება სამართლიანობის, ადამიანის ღირსების და თანასწორობის აბსტრაქტული ცნებების ინდივიდუალური გაცნობიერების საფუძველზე; ადამიანები ფიქრობენ, რომ არსებობს უნივერსალური ეთიკა, რომელსაც მთლიანი საზოგადოება უნდა ეთანხმებოდეს);

მოზარდების უმრავლესობა იმყოფება მორალურობის განვითარების მესამე, პიროვნებათაშორისი კონფორმულობის საფეხუზე: თუ სხვებს კარგი წარმოდგენა ექნებათ ჩემზე, შესაბამისად, მეც კარგი წარმოდგენა მექნება საკუთარ თავზე. მორალურობის განვითარების თვალსაზრისით, გადამწყვეტია, რომ მოზარდს ამ ასაკში ვასწავლოთ დამოუკიდებლობა და თანტოლების ზეწოლისაგან თავის დაღწევა.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……