კომპიუტერი

კომპიუტერი

E. computer

პროგრამირებადი მოწყობილობა (მანქანა), რომელიც გამოიყენება ინფორმაციის დასამუშავებლად წინასწარ შედგენილი ინსტრუქციების (ალგორითმის) მიხედვით. ინსტრუქციები წარმოადგენენ ელემენტარულ პროგრამულ ბრძანებებს, რომელთა შესრულებითაც საწყისი, ანუ დასამუშავებელი ინფორმაციის საფუძველზე მიიღება გარკვეული საშუალედო ან საბოლოო შედეგი. სიტყვა „კომპიუტერი“ წარმოშობილია ინგლისური სიტყვიდან „to compute“ (გამოთვლა) და „computer“ (გამომთვლელი). თავდაპირველად ეს სიტყვა ინგლისურ ენაში გამოიყენებოდა იმ ადამიანთა აღსანიშნავად, რომლებიც ახორციელებდნენ არითმეტიკულ გამოთვლებს მექანიკური მოწყობილობების დახმარებით ან მათ გარეშე. მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან ასეთი ოპერაციების შემსრულებელი მანქანების აღსანიშნავად გამოიყენებოდა ტერმინი „გამომთვლელი მანქანა“ (computing machine), რომელიც მოგვიანებით შეიცვალა ტერმინით „კომპიუტერი“ (computer). თავიდან ეს ტერმინი დაკავშირებული იყო უშუალოდ არითმეტიკულ ოპერაციებთან, თუმცა თანამედროვე კომპიუტერები გამოიყენება მრავალი ისეთი ამოცანის გადასაწყვეტად, რომელიც არ არის დაკავშირებული მათემატიკასთან. თანამედროვე გაგებით, კომპიუტერის ცნება საერთო დანიშნულების (general-purpose) კომპიუტერების გარდა, რომელთაც შეუძლიათ მრავალი, ხშირად სრულიად ურთიერთგანსხვავებული ფუნქციის შესრულება, აგრეთვე, მოიცავს სპეციალური დანიშნულების (special-purpose) მოწყობილობებსაც, რომელთა შესაძლებლობაც შემოსაზღვრულია მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ფუნქციის შესრულებით. კომპიუტერის შემადგენელი ნაწილებია:

1. ცენტრალური პროცესორი – წარმოადგენს კომპიუტერის ცენტრალურ კომპონენტს და ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო ინსტრუქციების შესრულებას;

2. მეხსიერება – უზრუნველყოფს პროგრამული კოდისა და დასამუშავებელი ინფორმაციის შენახვას დროებით, სანამ კომპიუტერი ჩართულია (ოპერატიული მეხსიერება) ან მუდმივად, დიდი ხნის განმავლობაში (დისკეტები, დისკები, კასეტები და ა.შ.);

3. მასიური შემნახველი მოწყობილობები – უზრუნველყოფენ პროგრამული კოდისა და ინფორმაციის დიდი მასივების შენახვას მუდმივად ან ხანგრძლივად. ასეთი მოწყობილობების მაგალითებია დისკური და ლენტური ამძრავები;

4. ინფორმაციის შეტანის მოწყობილობები – უზრუნველყოფენ ინფორმაციისა და ინსტრუქციების შეტანას კომპიუტერში. ასეთი მოწყობილობების მაგალითებია კლავიატურა და მაუსი;

5. ინფორმაციის გამომტანი მოწყობილობები – უზრუნველყოფენ დამუშავებული ინფორმაციის გამოსახვას, დაბეჭდვას და ა.შ. ასეთი მოწყობილობების მაგალითებია მონიტორი და პრინტერი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. კომპიუტერი – (ინტ.) computer მოწყობილობა, რომელიც პროგრამით მოცემულ ოპერაციათა თანმიმდევრობას ასრულებს. სტანდარტული კომპიუტერის აპარატული ნაწილის (სისტემური ბლოკის) საბაზო ელემენტებია: პროცესორი, ელექტრონული დამამახსოვრებელი მოწყობილობები (მუდმივი, ოპერაციული და ზესწრაფი), ელექტრომექანიკური დამამახსოვრებელი მოწყობილობები (ხისტი დისკი და კომპაქტდისკები), მონაცემთა სისტემური მაგისტრალი (სალტე) და ლოკალური სალტეები; კონტროლერები და ადაპტერები, პარალელური და ასინქრონული პორტები, რომლებიც სისტემურ ბლოკს პერიფერიულ მოწყობილობებთან აკავშირებენ; მოდემი, რომელიც კომპიუტერს სატელეფონო ხაზის საშუალებით სხვა კომპიუტერებთან აკავშირებს და სხვ. კომპიუტერში ინფორმაციის შესატანად გამოიყენება კლავიატურა, თაგუნა, სკანერი, CD/DVD დისკები, მიკროფონი, ვებკამერა, ჯოისტიკი, გარე კომპიუტერი და სხვ. ინფორმაციის გამოყვანა შეიძლება მონიტორის ეკრანზე, პრინტერზე, ხმამაღლამოლაპარაკეზე, გარე კომპიუტერზე და სხვ. ინფორმატიკა კომპიუტერს განიხილავს როგორც პროგრამულ – აპარატურულ კომპლექსს, განკუთვნილს ინფორმაციის ავტომატური დამუშავებისთვის, გამოთვლითი და საინფორმაციო ამოცანების გადაწყვეტის პროცესში.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……