კონფედერაცია

კონფედერაცია

ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ისეთი კავშირი, როდესაც მასში შემავალი სახელმწიფოები სრული სახით ინარჩუნებენ საკუთარ სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად რჩებიან. კ. თვითონაც მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში როგორც სუბიექტი და აქვს საერთაშორისო სამართალსუბიექტის ნიშნები, მაგრამ შეზღუდული სახით.

კ–ის ჩამოყალიბება ფორმდება საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც კ–ს გადაეცემა უფლებამოსილება გარკვეულ სფეროებში. ჩვეულებრივ, ეს სფეროებია: ომი და ზავი, საგარეო პოლიტიკა, შეიარაღებული ძალები, შესაძლოა მათ განეკუთვნებოდეს აგრეთვე საფინანსო პოლიტიკა და ა.შ. მაგრამ იმის გამო, რომ კ–ის წევრი სახელმწიფოები სუვერენიტეტს ინარჩუნებენ, გადაწყვეტილებები კ–ისათვის გადაცემული კომპეტენციის ფარგლებშიც მისი ყველა სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში მიიღება.

კ–ის ორგანოები იქმნება იმის მიხედვით, თუ რა კომპეტენცია განუსაზღვრეს კ–ს მისმა სუბიექტმა სახელმწიფოებმა, თუმცა კონფედერაციის ცენტრალური ორგანოები სრული სახით მაინც არ ემსგავსება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, რადგან მათი გადაწყვეტილებების განხორციელება დამოკიდებულია სუბიექტების ნებაზე, რომლებსაც შეუძლიათ უარი განაცხადონ კ–ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების რეალიზაციაზე. კ. გარდამავალი ტიპის რთული სახელმწიფოა, რომელიც ზოგიერთი გამონაკლისის გარდა ან ფედერაციაში გადაიზრდება (აშშ 1776–1787, შვეიცარია 1815–1848), ან იშლება (გამბია და სენეგალი 1982–1989).

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. confederation

Pol. konfederacja

L. confoederatio კავშირი, საკავშირო ხელშეკრულება

1. ორგანიზაციების კავშირი;

2. სახელმწიფოთაშორისი კავშირის ფორმა, რომლის დროსაც მასში შემავალი სახელმწიფოები მთლიანი მოცულობით ინარჩუნებენ სუვერენიტეტს. საერთო ორგანოების კომპეტენცია შეზღუდულია განსაზღვრულ სფეროში (ჩვეულებრივ, საგარეო-პოლიტიკა, სამხედრო, სავალუტო-საფინანსო, საბაჟო, კავშირგაბმულობა და კომუნიკაციები) საქმიანობის კოორდინაციით. კონფედერაციის ყველა წევრს უნარჩუნდება კონფედერაციიდან თავისუფალი გასვლის უფლება (არსებული მდგომარეობით მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ერთი კონფედერაცია – ევროკავშირი).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……