კორუფცია

კორუფცია

ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ქცევის სტანდარტების უარყოფა არაკანონიერი პირადი სარგებლის მიღების მიზნით. კორუფციული ქმედება ბევრ საზოგადოებაში ჩვეულებრივი მოვლენაა. გავრცელებული მოსაზრებით, კ–ს ნაწილობრივ ხელს უწყობს მართვის ბიუროკრატიული სისტემა. ბოლო პერიოდში კ–ის პრობლემას სულ უფრო ხშირად უკავშირებენ კულტურის ორიენტაციის ტიპს (კოლექტივიზმს და ინდივიდუალიზმს). მეცნიერთა ერთი ჯგუფის თვალსაზრისით, კოლექტივისტური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ლოიალობა ოჯახისა და შიდა ჯგუფისადმი, რაც იწვევს შიდაჯგუფური ღირებულებების შეჭრას სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში, ხელს უწყობს და აძლიერებს კ–ის ტენდენციას; მეცნიერთა მეორე ნაწილის თვალსაზრისით, კ–ის ხელშემწყობი არა იმდენად კულტურული ფაქტორია, რამდენადაც ცალკეულ მმართველთა სიხარბე, საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები, სიღარიბე და გაუნათლებლობა, აგრეთვე ძალაუფლებრივი დისტანცია საზოგადოებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს თვალსაზრისები ურთიერთგამომრიცხავი არაა. ჩამოთვლილ ფაქტორთა გარდა, გარკვეულ კულტურებში, კულტურული ტრადიციის შესაბამისად, ჯგუფურ მორალსა და ზნეობას (უკონფლიქტობა – ელასტიკურობა ურთიერთობებში და შიდა ჯგუფის გარე ჯგუფისაგან გამომყოფი საზღვრების ხელშეუხებლობა) კანონის ტოლფას ღირებულებას ანიჭებენ. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ბოლო დროს მკვლევრები კ–ის ტენდენციას ხშირად ეთიკასთან მიმართებაში განიხილავენ, შესაბამისად, ემპირიული კვლევები მიმართულია კულტურის ტიპსა და კორუფციას შორის კავშირის გამოვლენაზე და ეყრდნობა სოციალური ორიენტაციების, კერძოდ, შიდა ჯგუფის ღირებულების მნიშვნელობას. კვლევებმა გამოავლინა ინდივიდუალიზმის ძლიერი კავშირი ბიზნესში ეთიკის მაღალ დონესა და სუსტ კ–იასთან, აგრეთვე კულტურული რელატივიზმის პრობლემები – არ არ არსებობს კ–იასთან ბრძოლის ერთადერთი სწორი გზა, განსხვავებული კულტურიდან შეტანილი ღირებულებებისა და სტანდარტების დანერგვა უშედეგოდ მთავრდება, ამიტომ კორუმპირებული კულტურის დახმარება ნიშნავს კ–იასთან ბრძოლას კულტურული წესების გათვალისწინებით.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. corruption, venality

G. korruption

Fr. corruption

L. corruptio მოსყიდვა, დაცემა

1. საჯარო ხელისუფლების ბოროტად გამოყენება პირადი ან ჯგუფური გამორჩენის მიზნით. ტიპურ გამოვლინებად მიჩნეულია მექრთამეობა, საჯარო საკუთრების არადანიშნულებისამებრ გამოყენება, ინტერესთა კონფლიქტი და ა.შ.;

2. სახელმწიფო, მუნიციპალური ან სხვა საჯარო მოხელის (მათ შორის, დეპუტატი და მოსამართლე), აგრეთვე, კომერციული ან სხვა ორგანიზაციის (მათ შორის, საერთაშორისო) მოსამსახურის მიერ საკუთარი სტატუსის გამოყენებით უკანონო ქონების, ქონებაზე უფლების, აგრეთვე, მომსახურების ან შეღავათის (მათ შორის, არაქონებრივი) მისაღებად; ასევე ზემოაღნიშნული პირების მიერ უკანონო ქონების, ქონებაზე უფლების, მომსახურების ან შეღავათის (მათ შორის, არაქონებრივი) მოთხოვნა;

3. სოციალური მოვლენა, რომელიც მდგომარეობს ხელისუფლების გახრწნაში, როცა სახელმწიფო (მუნიციპალური) მოსამსახურე და სხვა პირები, რომლებიც უფლებამოსილი არიან შეასრულონ სახელმწიფო ფუნქციები, თავის სამსახურებრივ მდგომარეობას, სტატუსს და დაკავებულ თანამდებობას იყენებენ ანგარების მიზნით, პირადი გამდიდრების ან სხვა ინტერესებისათვის. კორუფციის ნიშნებია: თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით; თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენებით კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის გადაცემა; თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენებით კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღება და დაკანონებაში ხელის შეწყობა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……