ლიდერობა

ლიდერობა

ჯგუფურ პიროვნებათაშორის ურთიერთობათა სისტემაში დომინირება–დაქვემდებარების, გავლენა–მიმდევრობის მიმართებები. კვლევის შედეგად გამოიყო ლ–ის რამდენიმე სტილი და შეიქმნა რამდენიმე კონცეფცია. ბეილსის ლიდერის როლთა თეორიის შესაბამისად, არსებობს ლიდერის ორი ტიპი: საქმინოაბასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული "პროფესიონალი" და ურთიერთობრივ პრობლემათა გადაწყვეტაზე ორიენტირებული „სოციალურ–ემოციური სპეციალისტი“ , თვისებების თეორიის მომხრეთა აზრით, ლ–ისთვის ადამიანი უნდა ფლობდეს სპეციფიკურ სალიდერო უნარ–თვისებებს, ასეთი მიდგომის ერთ–ერთი ვარიანტია ლ–ის ქარიზმული კონცეფცია; ინტერაქტიულ თეორიათა მომხრეების თვალსაზრისით, ლიდერი შეიძლება გახდეს პიროვნებათაშორისი ურთიერთქმედების სისტემაში ადგილის მქონე ნებისმიერი ადამიანი გარკვეული პირობების გათვალისწინებით (მისი ინდივიდუალური თავისებურებები, ჯგუფის სხვა წევრთა აზრი მასზე, ჯგუფის სტრუქტურა, შექმნილი სიტუაცია, შესასრულებელი ამოცანა და სხვ); სიტუაციური თეორიის (ანუ ჯგუფურ–დინამიკური მიდგომის) პოზიციით, ლ. ჯგუფში შექმნილი სიტუაციის პროდუქტია, შესაბამისად, მრავალ სიტუაციაში, ურთიერთობებზე ორიენტირებულთან შედარებით, საქმეზე ორიენტირებული ლიდერი უფრო შედეგიანია, ზომიერად სასიკეთო სიტუაციებში კი მეტ წარმატებას ურთიერთობებზე ორიენტირებული ლიდერი აღწევს; სინთეტური (კომპლექსური) თეორიის მომხრეები ყურადღებას ამახვილებენ პიროვნებათაშორის ურთიერთობათა პროცესის ძირითად ელემენტებზე – ლიდერებზე, მიმდევრებსა და სიტუაციაზე. ლ–ის პრობლემაზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, არავინ დავობს იმაზე, რომ ლიდერები მართლაც გამოირჩევიან სხვა ადამიანებისაგან გარკვეული მახასიათებლებით, მათ შორის: ლ–ის მოტივაციით – მათ სურთ გაიყოლონ ადამიანები და გავლენას ახდენდნენ მათზე; კოგნიტური უნარებით – შეუძლიათ დიდი მოცულობის ინფორმაციის გადამუშავება და ინტერპრეტაცია; შემგუებლობით – შეუძლიათ თავის მიმდევართა და სიტუაციის ცვალებად მოთხოვნებთან შეგუება. ქარიზმული ლიდერები ზეგავლენას ახდენენ მათდამი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო, რაც მათ მიმდევრებში სპეციფიკურ რეაქციებს იწვევს, კერძოდ: მეტ გულმოდგინებასა და შრომისუნარიანობას, ლიდერისადმი დიდ ერთგულებას, ლიდერის იდეების მიმართ ენთუზიაზმს, საერთო საქმისათვის საკუთარი ინტერესების მსხვერპლად მიტანასა და სხვ. ამას გარდა, არჩევენ ლიდერის სხვა ტიპებსაც: ავტორიტარულს – ცდილობს ქვეშევდრომთა მოქცევას თავისი გავლენის ქვეშ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას სხვების მონაწილეობის მაქსიმალურ შესუსტებას ან სულაც მათ ჩამოცილებას; მკაცრად აკონტროლებს სამუშაოს შესრულებას, სუბიექტურად აფასებს შედეგებს და სხვ. პიროვნულად ახასიათებს აგრესიულობა, მაღალი თვითშეფასებისა და პრეტენზიის დონე, სწრაფვა სტერეოტიპთა მიდევნებისკენ, სუსტი რეფლექსია და ა.შ. მისგან განსხვავებით, დემოკრატი ლიდერი ორიენტირებულია ქვეშევდრომთა აზრის მოსმენასა და გათვალისწინებაზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას – მათ აქტიურ მონაწილეობასა და ინიციატივაზე; სამუშაოს შესრულებაში მომთმენია განსხვავებული და შემოქმედებითი მიდგომის მიმართ და სხვ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

2. ლიდერობა – ინდივიდის მიერ ჯგუფური ლიდერის როლის შესაფერისი თვისებებისა და უნარების გამოვლენა. (სოც. და მარკ.კვლ.)    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……